ნატო გელაშვილის უფროსმა ვაჟმა გიორგი ჭოხონელიძემ პიანისტ ანეტა ნიკურაძეს ხელი რომანტიკულ გარემოში სთხოვა. ძმები ჭოხონელიძეები მეგობრებთან ერთად თურქეთში მოგზაურობდნენ, მათთან ერთად იმყოფებოდა ანეტა, დასთან ერთად.
გიორგიმ საყვარელ ქალს მზის ჩასვლისას, იახტაზე ჰკითხა, გახდებოდა თუ არა მისი მეუღლე.
ნატო გელაშვილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა შვილის გადაწყვეტილება, მაგრამ მომღერალი ძალიან ბედნიერია და სოციალურ ქსელში წერს, რომ მზის ამოსვლას ნამატით შეხვდა.
"მახსოვს, ერთ-ერთ ინტერვიუში მკითხეს, ვისთან ერთად შეხვდებოდით მზის ამოსვლასო, მაშინ ვუპასუხე, ჩემს შვილებთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც ჩვენნაირად სუნთქავს, ჩემი ოჯახის კარი ღიაა მისთვის მუდამ-თქო… ჰოდა, უბედნიერესი და ულამაზესი დილა მშვიდობისაოო… ამ დილით მზის ამოსვლას ჩემს შვილებთან ერთად ნამატით შევხვდი. ჩემს გოგოსთან და ჩემს ორ ბიჭთან ერთად… გილოცავთ, ჩემო უსაყვარლესებო, ჩემო ნაწილნო, ჩემო დილის გათენებავ, გოგო-ბიჭებო…
გიო&ანეტა, ბედნიერება იყოს თქვენი ცხოვრების სავალი გზის ზურგის ქარი, მიყვარხართ…“ - წერს მომღერალი.
ანეტა ნიკურაძე პროფესიით პიანისტია. გოგონამ ორი წლის წინ დაასრულა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურა. ივლისის ბოლოს კონსტანტინე გამსახურდიას შვილის, დემეტრე გამსახურდიას საკონცერტო საღამოზე უკრავდა.
კომპოზიტორ ნატო გელაშვილს ორი ვაჟი ჰყავს. გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი წელია. მომღერლის ორივე შვილი მღერის და არაერთხელ გამოსულან დედასთან ერთად სატელევიზიო შოუებში. გიორგი ამ ეტაპზე ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია.