საინფორმაციო ქსელ TOLO-ს წამყვანმა, ავღანელმა ჟურნალისტმა ბეჰეშთა არღანდიმ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "თალიბანის" პრესსპიკერთან ინტერვიუ ჩაწერა, ქვეყანა დატოვა, - ინფორმაციას CNN ავრცელებს.
"მე დავტოვე ქვეყანა, რადგან, ისევე როგორც მილიონობით ადამიანს, "თალიბანის" მეშინია", - განაცხადა ჟურნალისტმა.
ბეჰეშთა არღანდის 17 აგვისტოს ინტერვიუ იყო პირველი შემთხვევა ავღანეთის ისტორიაში, როდესაც "თალიბანის“ წარმომადგენელი სატელევიზიო სტუდიაში ქალი წამყვანის მოპირდაპირედ პირდაპირ ეთერში გამოჩნდა.
არღანდის განცხადებით, ინტერვიუ რთული იყო, მაგრამ ეს ავღანელი ქალებისთვის გააკეთა.
"მე ვუთხარი ჩემს თავს: ერთ-ერთმა ჩვენგანი უნდა დაიწყოს. თუ ჩვენ დავრჩებით სახლებში და არ წავალთ სამსახურებში, ისინი იტყვიან, რომ ქალებს არ უნდათ მუშაობა. მე ვუთხარი "თალიბანის“ წევრს: "ჩვენ გვინდა ჩვენი უფლებები. ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ. ეს ჩვენი უფლებაა,“- აღნიშნა ჟურნალისტმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ სამშობლოში დაბრუნდება, თუკი "თალიბები“ შეასრულებენ იმას, რისი დაპირებაც გასცეს.
"თუკი მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუკი უსაფრთხოდ ვიქნები და არაფერი დამემუქრება, მე დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში და მისთვის ვიმუშავებ,“ - აღნიშნა ჟურნალისტმა.