ავტორი:

"დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინაციამ გადამარჩინა" - რას ყვება 75 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელმაც კლინიკა დღეს დატოვა და რას აცხადებს მისი მკურნალი ექიმი

"დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინაციამ გადამარჩინა" - რას ყვება 75 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელმაც კლინიკა დღეს დატოვა და რას აცხადებს მისი მკურნალი ექიმი

75 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც ვაქცინირებული იყო, გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა.

"მიხარია, რომ რამდენიმე თვის წინ მივიღე ვაქცინაციის გადაწყვეტილება და ავიცერი, სხვა შემთხვევაში, ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ ვიქნებოდი ახლა", - ამის შესახებ "გორმედის" კოვიდკლინიკის დატოვებისას 75 წლის ნელი ხოდელმა განაცხადა.

ხოდელის თქმით, იგი, სავარაუდოდ, ოჯახის წევრებისგან დაინფიცირდა.

"შაქრიანი დიაბეტი მაქვს, ასევე გულის დაავადებები, მიხარია, რომ მივიღე ვაქცინაციის გადაწყვეტილება, სხვა შემთხვევაში, ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ ვიქნებოდი ახლა. სავარაუდოდ, ოჯახის ერთ-ერთი წევრისგან დავინფიცირდი. 5 დღის განმავლობაში შინ ვმკურნალობდი, მერე კი, მე-6 დღეს გადმომიყვანეს სტაციონარში. მძიმედ არ წარმართულა ჩემი ავადმყოფობა. ჩემს სანაცნობოში სხვაც დაინფიცირდა, ვინც ვაქცინირებული იყო, მაგრამ მის შემთხვევაში, ფაქტობრივად, უსიმპტომოდ, ძალზე მსუბუქად იყო ვირუსი გამოხატული. მადლობას ვუხდი ექიმებს პაციენტებზე ასეთი ზრუნვისთვის და ყველას მოვუწოდებ აცრისკენ, არავინ იცის, ვის შემთხვევაში როგორ განვითარდება ვირუსული ინფექცია და რა შედეგებს მოიტანს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინაციამ გადამარჩინა", - განაცხადა ნელი ხოდელმა.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს აკეთებს მისი მკურნალი ექიმი, მაია წიქარიძე:

"პაციენტი იყო ვაქცინირებული, დაინფიცირებიდან 6 დღის განმავლობაში ცხელებით მკურნალობდა ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, შემდგომ კი, იმის გათვალისწინებით, რომ აქვს ბევრი თანმხლები პათოლოგია: დიაბეტი, გულის უკმარისობა, ჰიპერტენზია, ჰიპოთირეოზი, არითმია, კოქსართროზი, გადაწყდა მისი ჰოსპიტალიზაცია ჩვენს კლინიკაში. კლინიკაში შემოყვანისას იყო ფილტვების მხოლოდ სამქულიანი დაზიანება, რომელიც არ გაზრდილა. საჭირო არ გახდა ჟანგბადის მიწოდება, ცხელება მალევე კუპირდა და დღეს გაეწერა ბინაზე სტაბილური მდგომარეობით. რომ არ ყოფილიყო პაციენტი ვაქცინირებული, ვფიქრობ, მდგომარეობა წარიმართებოდა აბსოლუტურად სხვაგვარად და შესაძლოა, დამთავრებულიყო ცუდი შედეგით", - განაცხადა "გორმედის" ქსელის გორის კოვიდკლინიკის ექიმმა თერაპევტმა.