ავტორი:

"მინდა მართლაც მოვუწოდო ევროკავშირს, შეუწყვიტოს ამ რეჟიმს ფინანსური დახმარება" - სააკაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

"მინდა მართლაც მოვუწოდო ევროკავშირს, შეუწყვიტოს ამ რეჟიმს ფინანსური დახმარება" - სააკაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

თუ ერთი მილიარდი ლარი გაქვთ გადანახული, თქვე უდღეურებო, რატომ არ ურიგებთ გაღატაკებულ და გაძვალტყავებულ ხალხს?!- ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა.

სააკაშვილის შეფასებით, პირველად ისტორიაში, საქართველო რჩება ევროკავშირის ფინანსური დახმარების გარეშე და ეს არის ის, რასაც მიაღწია ხელისუფლებამ „იმ დემოკრატიით, რომლითაც ევროპა უნდა განეცვიფრებინათ“.

„მე მინდა მართლაც მოვუწოდო ევროკავშირს, შეუწყვიტოს ამ რეჟიმს ფინანსური დახმარება, იმიტომ, რომ ქართველ ხალხამდე არაფერი არ აღწევს, ელიტური კორუფციის გამო.

ის მთლიანად ხმარდება მათ ვილებს, ხვდება მათ ანგარიშებზე უცხოეთში, რომლებიც გადანახული აქვთ შავი დღისთვის, იმიტომ, რომ ისინი ემზადებიან გასაქცევად მას შემდეგ, რაც ბოლომდე ლიმონივით გამოწურავენ საქართველოს.

როგორც იქნა, ევროკავშირმა თავის მოხსენების პროექტში ჩაწერა ელიტური კორუფციის საკითხი და უკვე ბოლო ორი კვირაა "ქართული ოცნება" ისტერიულად ლობირებს თავისი მრავალმილიონიანი ხელფასიანი ლობისტების მეშვეობით, რომ იქნებ ეს ელიტური კორუფცია ამოიღონ მოხსენების დრაფტიდან - როგორც ჩანს, ეს საკითხი ბოლომდე ჩაუფლავდათ.

ელიტური კორუფცია შევარდნაძის დროსაც კი არ ჩაუწერია ევროკავშირს მოხსენებაში - ჩემს დროზე აღარ ვსაუბრობ.

ელიტური კორუფცია ადამიანურ ენაზე რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს ივანიშვილისა და მთავრობის წევრების პირდაპირ ჩართვას ქართველი ხალხის ძარცვაში“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს“, აღარ აქვს ფინანსური დატვირთვა იმას, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირისგან მაკროფინანსურ დახმარებას.

შესაბამისად, როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია“.