ავტორი:

გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალა" წარადგინა - ვინ შეუერთდა "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდს

გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალა" წარადგინა - ვინ შეუერთდა "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა“ წარადგინა. როგორც მან პლატფორმის პრეზენტაციისას განაცხადა „მესამე ძალა“ არის მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა ქვეყანამ გაარღვიოს „ორპოლუსიანობის მოჯადოებული წრე“ და იბრძოლოს ქვეყნის წინსვლისთვის.

გიორგი ვაშაძემ, საზოგადოებას ის ადამიანები წარუდგინა, რომლებიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებთან ერთად მესამე ძალის ფორმირებაში იღებენ მონაწილეობას:

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე;

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ხათუნა სამნიძე;

„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე თამარ კეკენაძე;

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი რეზო კემულარია;

„ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის წარმომადგენელი“ ვახტანგ იაშვილი;

სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო მართვის პროფესორი ოთარ ბაღათურია;

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პაატა ჩიქოვანი.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად ჩვენ გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა პლატფორმა „მესამე ძალა“, რომელიც გააერთიანებს როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და სხვადასხვა ტიპის პროფესიონალ ადამიანებს, რომელიც ადამიანს, მის პრობლემებს, მის გაჭირვებას დააბრუნებს ყოველდღიურ პროცესში.

„მესამე ძალა“ არის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევძელით ძალიან ბევრი პროფესიონალი ადამიანის გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით. „მესამე ძალის“ მეშვეობით ჩვენ შევთავაზეთ ბევრ ადამიანს მიეღო მონაწილეობა საკუთარი სოფლის, საკუთარი ქალაქის, საკუთარი ქვეყნის განვითარების პროცესში. არ მოვახვიეთ თავს, რომ მაინც და მაინც კონკრეტული პარტიის წევრი უნდა გახდე, არა, გთავაზობთ, რომ ყველა ერთად დავდგეთ, გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ქვეყნის განვითარებისთვის. მანამ, ვიდრე ქვეყანაში არსებობს ორი პოლიტიკური პოლუსი, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს და ეს გვაჩვენა 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნებმა. სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ პარტნიორებთან, მეგობრებთან, სხვა პარტიებთან, პროფესიონალებთან ერთად „მესამე ძალა“. „მესამე ძალა“ ეს არის რწმენა, რომ ამ ქვეყანას და ჩვენ შეგვიძლია მეტი და ჩვენს ერთიანობას შეუძლია გადატეხოს ის უამრავი პრობლემა, რომელიც დღეს გვაწუხებს. ქვეყნის აღმშენებლობას სჭირდება „მესამე ძალა“. თუ ამ არჩევნებზე იმავე არჩევანს გავაკეთებთ, რაც კეთდება 2012 წლის შემდეგ, არსად არ წავა ეს პრობლემები, ისევ ვიქნებით იმ მოჯადოებულ წრეში. „მესამე ძალა“ არის მექანიზმი, გავარღვიოთ ორპოლუსიანობის მოჯადოებული წრე და ვიბრძოლთ საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებისთვის, ადამიანების გამარჯვებისა და მათი კეთილდღეობისთვის. ეს არის იდეა, რომ უარი ვთქვათ დაპირისპირებაზე და მაქსიმალურად ვიბრძოლოთ ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმის „მესამე ძალა“ პრეზენტაციაზე განაცხადა,

მნიშვნელოვანია არსებული პოლიტიკური ვითარების გამოსწორება იმისთვის, რათა საქართველომ დასავლური კურსი არ დაკარგოს.

„გიორგიმ (ვაშაძე) უკვე ილაპარაკა იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს სამშობლოს აქვს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე, სადაც, როგორც ყოველთვის, ტრადიციულად ქართველებს არც ეროვნული შეთანხმება გვაქვს, არც კონსენსუსი და სამწუხაროდ, არც ერთად მუშაობის სურვილი. სადაც დემოკრატია დემაგოგიით არის ჩანაცვლებული, დიალოგის მაგივრად გვაქვს პირადი შეურაცხყოფების და ერთმანეთის რეპუტაციის განხილვის ტალღა. ამ დროს ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას, რა ხდება ჩვენს გარშემო. უკრაინაში ომია, სამხრეთ კავკასიაში ომია, ჩვენს ორ მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომია, სირიაში ომია, ავღანეთში ომია. გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომ მას ეგონის, ეს ჩვენ არ შეგვეხება.

30 წლის განმავლობაში ვერ შევქმენით ნორმალური ფუნქციონირებადი, დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული დემოკრატია. მივიღეთ ის, რომ ჩვენს მოკავშირეებს ჯერ იმედგაცრუება გადაეზარდათ გაღიზიანებაში, გაღიზიანება სრულ პესიმიზმში. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა იმისათვის, რომ ჩვენს მოკავშირეებს ვაჩვენოთ აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური სახე და პოლიტიკური დისკურსი. ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ დავრჩებით მარტო და ვინ მოიგებს ამით, თქვენ მშვენივრად გესმით.

რამდენიმე რამ არის სასწრაფოდ გასაკეთებელი: პირველი, პოლიტიკური შეთანხმება, რაც ჩვენმა მოკავშირეებმა ბალტიის რესპუბლიკებმა 90-იანი წლების დასაწყისში გააკეთეს. მეორე, - ნული სიურპრიზები საგარეო პოლიტიკაში და საერთოდ, ჩვენს მოკავშირეებზე ნუ ლაპარაკობენ ის ადამიანები, ვისაც ეს არ ხელეწიფება, ან მათი საქმე არ არის, ან განათლება ჰყოფნით ან ჭკუა იმისათვის, რომ თავისი ნათქვამის შედეგი განსაზღვროს და სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარება. ჩვენ თუ საქართველოს მოქალაქე სიღარიბისგან და სიდუხჭირისგან გაგვექცა საზღვარგარეთ, აღარც ნატო დაგვჭირდება, აღარ ევროპის კავშირი და შეიძლება ეს სახელმწიფოც დავკარგოთ“, - განაცხადა ვაშაძემ.