ავტორი:

დანგრეული სახლები, მოგლეჯილი ხეები და გარდაცვლილები - აშშ-ში ქარიშხალ "იდას" უმძიმესი შედეგი მოჰყვა (ფოტოები)

დანგრეული სახლები, მოგლეჯილი ხეები და გარდაცვლილები - აშშ-ში ქარიშხალ "იდას" უმძიმესი შედეგი მოჰყვა (ფოტოები)

აშშ-ის ლუიზიანას შტატში ქარიშხალ "იდას“ მინიმუმ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შტატის გუბერნატორის, ჯონ ბელ ედვარდის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

მედიის ინფორმაციით, ეკიპაჟები სხვადასხვა ადგილზე ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს აგრძელებენ, რომელშიც ვერტმფრენებიცაა ჩართული. ამასთან, სამაშველო სამუშაოებისთვის მთავრობამ ეროვნული გვარდიის 5 000-მდე ჯარისკაცი განალაგა, დღეს კი ამ რაოდენობის გაორმაგება იგეგმება.

ნიუ-ორლეანსა და მის შემოგარენში 1 მილიონზე მეტი საცხოვრებელი სახლი და ბიზნეს ობიექტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და მის აღდგენას, შესაძლოა, რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

შენობებიდან მოწყვეტილმა სახურავებმა, წაქცეულმა ხეებმა, საკომუნიკაციო საშუალებების ბოძებმა და სხვა ნამსხვრევებმა გზები გადაკეტა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მუშაობას აფერხებს.

მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი "იდა“ ახალი ორლეანის სამხრეთ ნაწილს კვირას დაატყდა თავს და ქარის სიჩქარემ 240 კმ/სთ შეადგინა, მოგვიანებით ის 95 კმ/სთ-მდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „იდა“ ახლა პირველი კატეგორიის ქარიშხალია, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს შიში, რომ ქარიშხალი კვლავ გაძლიერდეს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გუშინ ლუიზიანას შტატი კატასტროფის ზონად გამოაცხადა და სამაშველო და აღდგენითი სამუშაოებისთვის დამატებითი სახსრები გამოყო.