გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კიევში ოფიციალური ვიზიტისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა, რომელიც ამ შეხვედრას "ტვიტერში“ გამოეხმაურა და დაწერა, - საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საურისას ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები ისეთი საჭიროა, როგორც არასდროსო... "მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით“, - ვკითხულობთ მიშელის პოსტში.
სავარაუდოდ, სწორედ ამის პასუხია "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა განცხადებები, რომ ევრკავშირისგან ფინანსური დახმარების მიღებას აღარ აპირებენ.
"ნებისმიერი ინსინუაციის თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რითაც "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების საკითხზე, "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ღარიბაშვილმა თქვა, აღნიშნულის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება საგარეო ვალის შემცირებას ცდილობს.
"ტრაგედია არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დადიან ევროკავშირის სტრუქტურებში, მოგეხსენებათ, ის არის ევროკავშირის სახალხო პარტიაში და ცდილოენ, რაღაც სანქციები და შეფერხებები წამოვიდეს ჩვენი მიმართულებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
"ყველგან სააკაშვილს რომ ახსენებს, გასაგებია, რომ ღარიბაშვილი მასზე უგონოდ შეყვარებულია და უიმისოდ ცხოვრება არ შეუძლია. მისი სიყვარულის ამბავი ვიცით ჩვენ. ეს არის ერთგვარი კახური სიყვარული, როდესაც სიყვარულს აგრესიით გამოხატავ, სხვა რა უნდა ვთქვა?“ - ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა პრემიერის განცხადებები.