ავტორი:

"ჩვენმა ფილმმა ორ ნომინაციაში გაიმარჯვა და როგორც გვაცნობეს, დაჯილდოება 2022 წლის იანვარში იქნება - "მისტერიის" წარმატება

"ჩვენმა ფილმმა ორ ნომინაციაში გაიმარჯვა და როგორც გვაცნობეს, დაჯილდოება 2022 წლის იანვარში იქნება - "მისტერიის" წარმატება

საფრანგეთის ქალაქ კანში რამდენიმე კინოფესტივალი იმართება, მათ შორის, ყველაზე პრესტიჟული, რა თქმა უნდა, "კანის საერთაშორისო კინოფესტივალია", თუმცა ასევე ტრადიციულად ტარდება "კანის მსოფლიო კინოფესტივალი", რომლის ორ ნომინაციაში - "საუკეთესო ქორეოგრაფია" და "საუკეთესო ცეკვა" გამარჯვებული ქართული ნამუშევარი "მისტერია“ გახდა. ეს ინფორმაცია დავით ფოცხიშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა. ბატონი დავითი ბავშვთა ნაციონალური ბალეტის მთავარი ქორეოგრაფი და ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელია. მისმა გადაღებულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა კინოფესტივალზე წარმატებას მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ დავით ფოცხიშვილი მთელი ცხოვრება ცეკვავს და ახალგაზრდებს ქართულ ცეკვებს ასწავლის, ბავშვობიდან თურმე რეჟისორობაზე ოცნებობდა.

"კინომატოგრაფია მიტაცებდა და იდეა მქონდა, გადამეღო ფილმები, რომლებიც პატარ-პატარა ნოველები იქნებოდა, ასევე ფოლკლორული ჟანრის ნამუშევარი მინდოდა შემექმნა. მაგრამ იმის გამო, რომ ბავშვობიდან სულ დატვირთული გრაფიკით მიწევდა ცხოვრება - ჯერ მამაჩემის (გელოდი ფოცხიშვილი) ანსამბლს დავყვებოდი, მერე თვითონ გავხდი ქორეოგრაფი, ვერაფრით შევძელი ჩემი ჩანაფიქრის განხორციელება.

პანდემიის პერიოდში კი საშუალება მომეცა, ჩემი იდეა რამდენიმე ადამიანთან (რეჟისორები, ოპერატორები) ლიბრეტოს სახით წარმედგინა და მერე ყველას ერთად კადრებად გვექცია. მოკლედ, მოკლემეტრაჟიანი (9 წუთი) ფილმი გადავიღეთ. დაკეტილები რომ ვიყავით, რატომღაც იმ პერიოდმა დიდი ენერგია მომცა", - გვიყვება დავით ფოცხიშვილი, რომელმაც ბავშვობის იდეა წარმატებულად განახორციელა, თუმცა ამაზე არ ჩერდება და უნდა, ჩვენში საფუძველი ჩაუყაროს პატარ-პატარა ნოველების გადაღებას, რომელშიც ესა თუ ის საინტერესო თემა ქორეოგრაფიით იქნება გადმოცემული. ამისთვის კი სცენარს თავად დაწერს.

"პირველად კანის "პალმის რტოს" დირექციას ვესაუბრეთ და მათ გადაგვამისამართეს ამ ფესტივალზე, რადგანაც ნომინაციებში იყო ქორეოგრაფია და ცეკვა. ფილმში ჩვენი სათქმელი ქორეოგრაფიის საშუალებით არის გადმოცემული“, - გვეუბნება დავითი.

"მისტერია“ ქორეოგრაფიულ-სიურეალისტური მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარია, რომლის შთაგონების წყარო ბიბლიური და მითოლოგიური თემებია.

ნამუშევარი აგებულია ქართული ტრადიციული ქორეოგრაფიული ხელოვნების სტილიზებულ საცეკვაო ლექსიკაზე.

"სამყაროს შემოქმედმა, თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანთა წინაპარი - ადამ და ევა ურჩობისთვის სამოთხიდან განდევნა და მათ მიუჩინა ადგილი, სწორედ იმ მაცდური, აკრძალული ხილის ფორმის პლანეტაზე, რომელიც ასე უსასრულოდ, ძაფის გორგალივით ბრუნავს და მისტიკური სიყვარულით იქსოვება სიცოცხლე დადამიწაზე. მითოლოგიური ქალღმერთებიც, მათი ზებუნებრივი ძალის მიუხედავად, მაინც უძლური არიან ამ მარადიული გრძნობის - სიყვარულის წინაშე.

ღვთის ხატი - ადამიანი, დასჯილი ღვთისგანვე, თავის თავში ხომ მარადისობის მატარებელია...

სამოთხიდან კაცობრიობის რეალობაში გამოგორებული "ვაშლი“ ხომ ერთგვარი "მისტერიაა“… ირღვევა ბიბლიური ნებისყოფა, - ღვთის ბრძანება. ისინი ჭამენ ვაშლს და არ კვდებიან... თითქოს სამოთხეში ყველაფერი ღმერთის სცენარის გარეშე ვითარდება. ზებუნებრივი არ ერევა მათ ყოველდღიურობაში, ხომ შეეძლო ხელი შეეშალა?! ის კი მათ არ ზღუდავს, პირიქით, აძლევს თავისუფალ ნებას… შემდეგ ატოვებინებს სამოთხეს, ართმევს უკვდავებას და სამყაროს ერთ-ერთ პლანეტაზე გამორეკავს…

ბიბლიური ისტორიის თანახმად, მას მერე, რაც სამოთხის უკვდავმა ადამიანებმა უარი ვთქვით მარადიულობაზე და არ შევასრულეთ ღმერთის სიტყვა, მაინც სამყაროში დავრჩით, არ გავქრით, უბრალოდ, დაირღვა სხეულის და სულის სიმრთელე და სხეული ხრწნად, ხოლო სული მოკვდავად იქცა... ახლა რაშია ჩვენი სიცოცხლის არსი დედამიწაზე? გორგალი ტრიალებს, იქსოვება სიცოცხლე. ერთს მოსდევს მეორე, მეორეს - მესამე და მრავლდება კაცობრიობა... ვინ იცის, ადამ და ევას მოდგმა კიდევ რა ბიბლიურ ხაზებს დაარღვევს და უსასრულობის რომელ კუნჭულში გარდაისახება ცივილიზაციად? ახლა კი ჩვენზეა დამოკიდებული თუ რაში მოვიხმართ ამ თავისუფალ ნებას...

მოკლედ, ჩვენმა ფილმმა ორ ნომინაციაში გაიმარჯვა და როგორც გვაცნობეს, დაჯილდოება 2022 წლის იანვარში იქნება.

ჩვენთან ერთად გამარჯვებულია რამდენიმე ცნობილი მსახიობი, მათ შორის, ჯულია რობეტსის ძმა, ერიკ რობერტსი...", - დასძენს დავით ფოცხიშვილი.