ახალგაზრდა მუსიკოსი მიშა ჯაფარიძე გუშინ ავტოავარიას ემსხვერპლა. ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე სწრაფად მიმავალი ავტომანქანა "პრიუსი", რომელშიც მუსიკოსი იჯდა, მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. მომხდარის შედეგად მიშა ჯაფარიძე გარდაიცვალა, მეორე მხარეს არავინ დაშავებულა. შსს-მ საქმე 276-ე მუხლით აღძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს...
ნიჭიერი მუსიკოსის ტრაგიკულ გარდაცვალებას არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში.
„უმძიმეს ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვიღებთ დღეიდან მუსიკოსები, ვინც ვმეგობრობდით და ვუკრავდით და ვისაც უკიდეგანოდ გვიყვარდა მიშა ჯაფარიძე…
მე ეს ერთხელ გამოვიარე, 2001 წელს ოძელა რომ დავკარგეთ… 20 წელი გავიდა და კიდევ უფრო დიდია გააზრება იმ ტრაგედიის, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება… დავკარგეთ უძვირფასესი მეგობარი, თანამოაზრე, ახალი თაობის გამოკვეთილი მუსიკოსი, ძალიან ძალიან ძალიან ახალგაზრდა, ნიჭიერი, არანორმალურად მოწესრიგებული და პროფესიონალი, თან უსაყვარლესი მიშა… ჩვენი საერთო მიშა ჯაფარიძე…
ძალიან ცუდია, მეტი რომ არ შეიძლება… უკიდურესობა…
მომიტევეთ, რომ ჩემი უმძიმესი ემოციის გამჟღავნების უფლება მივეცი თავს“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.
მომღერალ გიორგი სუხიტაშვილის თქმით, მიშა ჯაფარიძე მისთვის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ ბენდის წევრიც იყო.
"რა უნდა გამეგო ისეთი რომ გული ასე გამხეთქვოდა? - ვინ უნდა წასულიყო ამ ქვეყნიდან რომ მეთქვა ჩემი გულის ნაწილი წაიღო-თქო. ვინ მეიმედებოდა ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მეტად?! ვინ იყო ჩემი გამორჩეული ბიჭი! ჩემი ძმა, ჩემი მიშო! ჩემი ნიჭისა და ადამიანობის ზეიმი, შრომის, პატიოსნების, წესრიგის, საიმედოობისა და უბრალოების მაგალითი. ვის დავეყრდნო ახლა, ვის ვთხოვო დახმარება, ვინ შემიცვლის შენ თავს ჩემო დაუმსახურებლად წასულო ბიჭო, რას ვახალო თავი! იმაზე მეტად რა მატკენს ახლა რაც შენი სიკვდილით დავზარალდი და გავნადგურდი?
წლების წინ ბენდს რომ ვაკეთებდი მუსიკოსებს ვეძებდი, მიშომ დამირეკა, მე ბასისტი ვარო, შევხვდი მაშინ სულ კონტრაბასზე უკრავდა, მერე ერთად ბევრი რამე ვისწავლეთ ბევრს მეკითხებოდა, მაჩვენებდა ახალ მიგნებებს ბასგიტარაზე, ახალ ჟღერადობებს, რიფებს, ღრუბელივით იყო, ყველაფერს ისრუტავდა, ეს ბიჭი თითქმის ყველგან ჩემს ზურგს ამაგრებდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! არასოდეს დედას გეფიცებით არასოდეს არაფერი არ შეშლია! იმედი არასოდეს გაუცრუებია სულ მეიმედებოდა ჩემი მიშო, სულ მირეკავდა პატარა ბავშვივით, ყველაფერს მეკითხებოდა. როგორი დაუზარელი იყო, როგორი ცოცხალი მშრომელი.
მიშო! ახლა რა ეშველება შენს ოჯახს, რა?! რა გვეშველება ჩვენ უშენოდ?!
დამირეკა მანქანა უნდა ვიყიდოო, სულ სპორტული მანქანები ჩამომითვალა, მე ძალიან შემეშინდა რადგან არ მომეწონა ეს ახირება, არასოდეს არ ჰყოლია სწრაფი მანქანა, სულ "პრიუსები" ჰყავდა. მამის გარდაცვალება ძნელად გადაიტანა და მეგონა, გადაუვლიდა ეს აკვიატება. ხო და ჩემი მიშო ამ მანქანამ იმსხვერპლა. ვერ ვიჯერებ, ვერც ვიაზრებ? წლების განმავლობაში როდესაც ბენდის შეკრებას ვიწყებდი პირველი ჩემს მიშოსთან ვრეკავდი, მიშო თუ მყავდა ,მთებს გადავდგამდი! მიშო თუ იყო, დედას ვუტირებდი, ისეთ რამეებს გავაკეთებდი. ხვალ რომ დამჭირდეს ბენდი რას ვიზავ? არაფერს მიშო აღარ მყავს ჩემი უნიჭიერესი ბიჭი!
მიშო, მიყვარხარ!!! ვიცი ვეღარ შეგაჩერებ, მშვიდობით...“ - წერს გიორგი სუხიტაშვილი.
მაიკო კაჭკაჭიშვილმა კოლეგებს ახალგაზრდა მუსიკოსის გარდაცვალება მიუსამძიმრა.
"ასე როგორ დავამძიმეთ დედამიწა? მიდიან და მიდიან უკანმოუხედავად ძალიან ვწუხვარ და და ვუსამძიმრებ კოლეგებს ახალგაზრდა, უნიჭიერესი მუსიკოსის მიშა ჯაფარიძის გარდაცვალებას“, - წერს კაჭკაჭიშვილი.