ავტორი:

თანამედროვე პროცედურით უკვე ღია კარდიოქირურგიული ოპერაციის ჩანაცვლებაა შესაძლებელი

თანამედროვე პროცედურით უკვე ღია კარდიოქირურგიული ოპერაციის ჩანაცვლებაა შესაძლებელი

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ტრანსკათეტერული აორტის სარქვლის იმპლანტაცია (TAVI) ახალი თაობის Flex Nav სისტემით ჩატარდა. პროცედურა წარმატებით განხორციელდა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინტერვენციული კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა მოსიაშვილის მიერ.

მსოფლიოში გულსისხლძარღვთა დაავადებები ყველაზე მეტად გავრცელებული პათოლოგიაა. აორტის სტენოზი აღენიშნება 65 წელს ზევით მყოფი პოპულაციის 2% და 75 წელს ზევით 3%, რაც ამ დაავადების საკმაოდ დიდ გავრცელებას გულისხმობს. ამ პრობლემის გადაჭრა ბუნებრივი სარქვლის ხელოვნურით შეცვლის გზით არის შესაძლებელი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძირითადად ღია ქირურგიული წესით - კარდიოქირურგიული ჩარევით ხდება. თანამედროვე მეთოდის უპირატესობების შესახებ ვესაუბრეთ ლაშა მოსიაშვილს.

· რა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეთ „ნიუ ჰოსპიტალსში“?

ტრანსკათეტერული აორტის სარქვლის იმპლანტაცია (TAVI) - გულისხმობს პერიფერიული არტერიებიდან შეყვანილი სპეციალური მოწყობილობის (კათეტერის) მეშვეობით დაზიანებული აორტის სარქვლის შეცვლას. მეთოდი საკმაოდ „ახალგაზრდაა“ - მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია განხორციელდა 2002 წელს პარიზში პროფ. ალან კრიბიერის (Alain Cribier) მიერ, რის შემდეგაც სწრაფად მოხდა მეთოდის განვითარება და საიმპლანტაციო მასალების ტექნიკური დახვეწა. „ნიუ ჰოსპიტალსში“ ტრანსკათეტერული აორტის სარქვლის იმპლანტაცია (TAVI) ახალი თაობის Flex Nav სისტემით ჩატარდა.

· ამ დრომდე რა მეთოდით ტარდებოდა ხოლმე აღნიშნული ოპერაცია?

ამ მეთოდის დანერგვამდე აორტის სარქვლის გამოცვლა ხდებოდა მხოლოდ ღია ქირურგიული ოპერაციის საშუალებით.

· რა განსხვავებაა ახალ და ძველ მეთოდს შორის? რა არის ახლის უპირატესობები?

ღია ქირურგიული ოპერაციის დროს ხდება გულმკერდის გახსნა, გულის გაჩერება, პაციენტი საჭიროებს ხანგრძლივ ზოგად ანესთეზიას, რეაბილიტაციის გახანგრძლივებულ პერიოდს. TAVI - უტარდებათ 70 წლის ასაკის ზევით მყოფ პაციენტებს აორტის სარქვლის სტენოზით, პაციენტებს რომლებიც წარმოადგენენ ღია ქირურგიული ჩარევის მაღალი რისკის ჯგუფს. პროცედურა ხორციელდება ბარძაყის არტერიიდან ერთი ჩხვლეტის საშუალებით, მას არ სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია და განსაკუთრებული ქირურგიული მეთვალყურეობა. პროცედურის ჩატარებიდან 2-3 დღეში პაციენტი ეწერება კლინიკიდან.

· როგორ მოხდა სამედიცინო გუნდის მომზადება აღნიშნული პროცედურისთვის?

აღნიშნული პროცედურა ჩატარდა უცხოელ კოლეგების მხარდაჭერით, რომლებმაც ჩაატარეს ტრენინგი კონკრეტული პროცედურისთვის საჭირო აღჭურვილობის და სამედიცინო მხარდაჭერის კუთხით. განსაკუთრებული მადლობა გვინდა ვუთხრათ ბატონ ფადი სავაიას (ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის გულისა და სარქვლების პროგრამის დირექტორი) დიდი მხარდაჭერისთვის.

· რამდენად ხშირად ტარდება ეს ოპერაცია და ვის სჭირდება ის?

TAVI წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ პროცედურას, რომლის დანერგვაც საქართველოში დაიწყო 2017 წლიდან ამ დროის განმავლობაში სულ ჩატარდა 20 მდე პროცედურა. თუ ადრე ამ ტიპის ოპერაციის გასაკეთებლად პაციენტებს უწევდათ საზღვარგარეთ წასვლა, რომელიც კიდევ უფრო მეტ დანახარჯს მოითხოვდა, ახლა საქართველოშიც შესაძლებელია მიიღონ აღნიშნული მომსახურება.

· ნიუ ჰოსპიტალსის კარდიოლოგიური დეპარტამენტი რითია სხვა კლინიკებისგან გამორჩეული, რა არის მისი უპირატესობები?

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა. კარდიოლოგიური დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური გუნდი უახლესი აპარატურის გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს გულის დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას. „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური განყოფილების მიმართულებები მოიცავს კლინიკურ კარდიოლოგიას, არაინვაზიურ კარდიოლოგიას, ინტერვენციულ კარდიოლოგიას და არითმოლოგიას.