ავტორი:

ზუგდიდში "ქართული ოცნების" ყოფილი მერი ახლა გიორგი გახარიას პარტიისთვის იბრძოლებს -  დღეს ექსპრემიერი მერობის კანდიდატებს წარადგენს

ზუგდიდში "ქართული ოცნების" ყოფილი მერი ახლა გიორგი გახარიას პარტიისთვის იბრძოლებს -  დღეს ექსპრემიერი მერობის კანდიდატებს წარადგენს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატებს, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და თბილისის საკრებულოში პარტიული სიას დღეს წარადგენს.

კანდიდატებს 19:00 საათზე თავად გიორგი გახარია დაასახელებს.

ღონისძიება მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში გაიმართება.

ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა მერობის სამი კანდიდატის ვინაობა, რომელსაც დღეს გიორგი გახარია დაასახელებს. გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე (კოტე) ანანიაშვილი იქნება, ზუგდიდის - გეგა შენგელია, ჭიათურაში კი - უტა ბიწაძე.

კონსტანტინე ანანიაშვილი ყოფილი პოლიციელია. ის იყო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და 2005 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2013-2016 წლებში ანანიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი გახლდათ. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე, მას შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. გახარიას პრემიერობისას იყო პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში.

2021 წლის 25 მაისს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველოსათვის ისტორიული შედეგის მიღწევაში განსაკუთრებული პირადი წვლილის, თავდაუზოგავი შრომისა და უმაღლესი პროფესიონალიზმისათვის ღირსების ორდენით სულ 10 ადამიანი დააჯილდოვა.

რაც შეეხება გიორგი (გეგა) შენგელიას, ის პროფესიით ფინანსისტია და 2019-2021 წლებში ქალაქ ზუგდიდში "ქართული ოცნების" მერი გახლდათ.

მან ეს თანამდებობა 2021 წლის 17 მაისს დატოვა.