31 აგვისტო, 2021 წელი. ავღანეთიდან აშშ-სა და საერთაშორისო კოალიციის ქვეყნების ჯარები უკვე გავიდნენ. მათ თან გაიყოლეს ასი ათასობით ლტოლვილიც, მაგრამ ქაბულში ძალიან ბევრი დარჩა - ისინი, ვინც საერთაშორისო ძალებს ეხმარებოდნენ, მუშაობდნენ მათზე და იმ მთავრობაზე, რომელიც თალიბებმა დაამხეს. აშშ-მა და კოალიციის სხვა ძალებმა განაცხადეს, რომ ყველა მსურველის ევაკუირება არ შეუძლიათ.
ავღანეთმა თავისი ისტორიის განმავლობაში ემიგრაციის რამდენიმე ტალღა გადაიტანა - ერთ-ერთი მასშტაბური მიგრაცია 1989 წელს მოხდა, ქვეყნიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის შემდეგ. ბი-ბი-სი-ს რუსული სამსახური მოგითხრობთ იმ ადამიანების ბედზე, რომლებმაც ავღანეთი სხვადასხვა დროს დატოვეს.
ფატიმას (სახელი შეცვლილია უსაფრთხოების გამო) თმა მოკლედ აქვს შეკრეჭილი და მოსკოვის ტიპიურ "საბჭოურ“ ბინაში ცხოვრობს. ეს მისი პირველი "კონსპირაციული“ ბინა არ არის, მან რუსეთში ცხოვრებისას საცხოვრებელი ადგილი რამდენჯერმე გამოიცვალა: ფატიმას საფრთხე ემუქრება არა მარტო ხელისუფლების ორგანოებისაგან (მან ჯერ კიდევ ვერ მიიღო ლტოლვილის სტატუსი), არამედ ნათესავების მხრიდანაც, რომლებიც მას ყოველთვის პოულობენ.
ფატიმა ქაბულში, პუშტუნის ოჯახში იმ წელიწადს დაიბადა, როცა "თალიბანმა“ ქალაქი პირველად დაიკავა. მამამისი პოლიციელი იყო, დედამისი კი - სახელმწიფო მოსამსახურე. ერთი წლის შემდეგ მთელი ოჯახი პაკისტანში გაიქცა. ქაბულში დაბრუნდნენ მხოლოდ მაშინ, როცა ავღანეთში აშშ-სა და საერთაშორისო კოალიციის ძალები შევიდნენ. ფატიმა მალე სკოლაში მიიყვანეს. მისი უფროსი დებისთვის ეს წარმოუდგენელი იყო, რადგან თალიბების დროს გოგონებისათვის სწავლა აკრძალული იყო.
"ათ წელზე მეტი ხნის გოგონები თალიბებს ძალდატანებით ცოლად მიჰყავდათ. როცა პაკისტანში გაქცევა გადავწყვიტეთ, დედაჩემმა მე და ჩემს დას თმა ბოლომდე გაგვკრიჭა და ბიჭის ტანსაცმელი ჩაგვაცვა“, - ამბობს ფატიმა.
და მაინც, ქცევის წესები ფატიმას ოჯახში ამერიკელების დროსაც მკაცრი იყო: გოგონები ქალთა სკოლაში დადიოდნენ, მათ მშობლები მუდამ ეუბნებოდნენ, რომ ბიჭებთან და მამაკაცებთან ურთიერთობა არ ჰქონოდათ და არ გამოჩენილიყვნენ იმ ადგილებში, სადაც მამაკაცები ბევრნი იყვნენ. მშობლები და ნათესავები ფატიმას მომავალს მხოლოდ გათხოვებაში ხედავდნენ... მაგრამ თვითონ მას სხვა რამ სურდა - თავისუფალი ცხოვრება.
"ბავშვობიდანვე ვეკითხებოდი მშობლებს - რატომ არის აკრძალული გოგონებისთვის ის, რაც ბიჭებისთვის ნებადართულია? რატომ არ შემიძლია ბიჭებთან ლაპარაკი? რატომ არ შეიძლება ქალის მუშაობა, როცა დედა ადრე მუშაობდა? მე მეუბნებოდნენ, - ასეთ კითხვებს დემონი გკარნახობს, გათხოვდები და ნორმალური გახდებიო. მე კი ჩუმად დავიფიცე, რომ ჩემს ოცნებებს აუცილებლად შევისრულებდი“.
სამწუხაროდ, ფატიმა ნათესავისაგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. დედ-მამამ მას არ დაუჯერა და ამიტომ მას ოჯახიდან წასვლა მოუწია. ეს მოხდა 2014 წელს. რატომ არ მიმართა პოლიციას დახმარებისთვის, იმ დროს ხომ ქაბულში ამერიკელები იყვნენ? ფატიმას ეცინება:
"პოლიციისათვის რომ მიმემართა, ღამით იქ დამტოვებდნენ, რაც სამარცხვინოა ქალისათვის, ასევე მიუღებელია ავღანეთში მეგობრებთან ღამის გათევაც - ჩვენთან წარმოუდგენელია, როცა ქალს საკუთარ საწოლში არ სძინავს“.
ფატიმა თავის უფროს დასთან წავიდა, რომელიც გათხოვილი და ძალზე რელიგიური იყო, იგი ქმრის მშობლების ბინაში ცხოვრობდა. შესაბამისად, მას ალმაცერად უყურებდნენ. უფროსი და ფატიმას ყოველთვის საყვედურობდა, რომ მისი ქცევა სამარცხვინო იყო. საბოლოოდ, ფატიმამ მოახერხა და რუსეთში მცხოვრებ ნათესავებს დაუკავშირდა, რომლებიც ნაჯიბულას პროსაბჭოური მთავრობის დამხობის შემდეგ მოსკოვში წავიდნენ. ისინი ფატიმას ფულით დაეხმარნენ და მან რუსეთში გამგზავრება შეძლო.
რუსეთში ცხოვრება მოეწონა, მაგრამ ნათესავების ოჯახი პატრიარქალური გამოდგა - ქცევის ავღანური წესები თითქმის უცვლელი დარჩა. მას ჩასჩიჩინებდნენ, ქალი უნდა გათხოვდესო, ფატიმას კი მამაკაცები არ აინტერესებდა, უფრო ქალებთან ურთიერთობისაკენ ჰქონდა მიდრეკილება. "შენ ქალის გენები კი არა, კაცის გენები გაქვს“, - ეუბნებოდნენ და მალე შინაურობაში "არანორმალურად“ მონათლეს. იგი ინსტიტუტში სწავლობდა, მაგრამ მხოლოდ ქალ-თანაკურსელებთან ჰქონდა ურთიერთობა. ნათესავები დაეჭვდნენ და მიხვდნენ, რომ იგი არატრადიციული მიმართულებისა იყო. 2018 წელს ფატიმამ ავღანეთში მშობლები და დები მოინახულა, მაგრამ როცა მათ მისი შეხედულებები გაიგეს, სახლიდან გააგდეს. ფატიმა რუსეთში დაბრუნდა, სწავლა გააგრძელა და ბინა მოსკოვის ერთ-ერთ გარეუბანში დაიქირავა. ნათესავებმა მიაგნეს და სცემეს. 2020 წლის შემოდგომაზე ფატიმამ ლტოლვილის სტატუსზე წარადგინა განაცხადი, მაგრამ უარი უთხრეს. ბოლოს მან დახმარება ლგბტ საზოგადოების წევრებს სთხოვა... მათ თავშესაფარი მისცეს.
"არ ვიცი, როგორი იქნება ჩემი ცხოვრება სამომავლოდ. ხშირად ვტირი უიმედობის გამო, არალეგალურად ვმუშაობ, ქუჩაში პოლიციელების მეშინია... ასევე მეშინია, რომ ბიძაჩემი ისევ მიპოვის და ცემას დამიწყებს... მეშინია, რომ ვაითუ ავღანეთში დამაბრუნონ. ამბობენ, თალიბები შედარებით ლოიალურები გახდნენო, მაგრამ მათი ლოიალურობა მოჩვენებითია. როგორ შეიძლება პროფესიონალი მკვლელის შეცვლა? არანაირად“, - ამბობს ფატიმა. კითხვაზე, უნდა თუ არა ოდესმე სამშობლოში დაბრუნდეს, ფატიმა პასუხობს: "რა თქმა უნდა, ავღანეთი ხომ ჩემი ქვეყანაა... ახლა ბევრს წერენ, რომ ავღანელებმა თავიანთი არჩევანი გააკეთესო, მაგრამ ეს ასე არ არის. ასეთი არჩევანი შეუძლებელია“.
"მე ჩემს მეგობრებთან და ნათესავებთან ავღანეთში მუდმივი კავშირი მაქვს. ისინი დაიღალნენ ომით. ქაბულში ამერიკელების დროსაც კი აფეთქებები ყოველდღიურად ხდებოდა... ქალაქში ნორმალურად, უსაფრთხოდ გავლა შეუძლებელი იყო“, - ამბობს რუსეთში ავღანელთა დიასპორის ცენტრის ხელმძღვანელი გულამ მოჰამად ჯალალი, - "ახლობლები მწერენ, რომ მზად არიან თალიბების მიერ დადგენილი გარკვეული შეზღუდვები მიიღონ, ოღონდ სიტუაცია დაწყნარდეს და ომი ნუ იქნება“.
გულამი თავს ლტოლვილად არ თვლის, რუსეთს კი მეორე სამშობლოდ მიიჩნევს. იგი მოსკოვში 1980 წელს ჩავიდა, 1986 წელს კი დაამთავრა სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული უმაღლესი პოლიტიკური სასწავლებელი, დაბრუნდა ავღანეთში, დაინიშნა მაღალ თანამდებობაზე, მიანიჭერს გენერლის წოდება, დანიშნეს გუბერნატორად... 1993 წელს მასზე ტერაქტი განხორციელდა, გადარჩა და რუსეთში ოჯახით გაიქცა.
"საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ ჩვენ მოჯაჰედებს კიდევ სამი წლის განმავლობაში ვუმკლავდებოდით. ჩემი პროვინცია პაკისტანს ესაზღვრება და როცა მოჯაჰედების ჭარბმა ძალებმა ჩვენი თავდაცვა გაარღვიეს, გაუკვირდათ, რომ საზღვარს მხოლოდ ათი კაცი იცავდა. ჩვენ ვიბრძოდით და ისე არ მოვიქეცით, როგორც პრეზიდენტ აშრაფ ღანის ხელისუფლება.
მოიქცა“, - ამბობს გულამი.
შეიცვალნენ თუ არა თალიბები მათი პირველი ხელისუფლების პერიოდიდან? გულმი ამ კითხვაზე ასე პასუხობს: თვითონ აცხადებენ, რომ შეიცვალნენ, გეგმავენ ამნისტიასაც, მაგრამ პროვინციებში შექმნილი სიტუაცია ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა - თალიბები იჭერენ ყოფილ პოლიციელებს და ჩინოვნიკებს და სჯიან, ქალებს უფლებებს უზღუდავენ, ხელს უშლიან და კრძალავენ მასმედიას.
ამას წინათ მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ქაბულის ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ქალი ჟურნალისტი ბეჰენთე არჰანდი ინტერვიუს იღებდა თალიბების ერთ-ერთი ლიდერისაგან - მავლავი აბდულჰაკ ჰამადისაგან. ტელეჟურნალისტს თავი შებურული ჰქონდა, მხოლოდ სახე უჩანდა, რაც თალიბებს არ მოეწონათ. იმ ინტერვიუმ თითქოსდა მსოფლიოს თალიბების ლოიალურობა აჩვენა, მაგრამ სინამდვილეში პირიქით მოხდა - ისინი ჟურნალისტს დაემუქრნენ. ინტერვიუდან რამდენიმე დღის შემდეგ ბეჰენთე არჰანდი ავღანეთიდან გაიქცა.
გულამ მოჰამად ჯალალის ოჯახი მოსკოვში ჩვეულებრივად ცხოვრობს, ევროპული სტილით ჩაცმული, მისი შვილები რუსეთში გაიზარდნენ და სწავლობენ. კითხვაზე, გაუშვებს თუ არა დედ-მამა თავის გოგონას გამოსაშვებ საღამოზე მოკლე კაბით, იგი პასუხობს: "ეს მისი გადასაწყვეტია. მჯერა, რომ ჩვენი გოგონა ისე ჩაიცვამს, როგორც გავზარდეთ... ძალიან მინდა შვილებს ავღანეთი ვაჩვენო - მათი სამშობლო... დარწმუნებული ვარ, ჩემი ოცნება ოდესმე ამიხდება“.
"ჩემი ოჯახი ოთხი ქალისაგან შედგება“, - ამბობს ხაზრათი, - როგორ იცხოვრებენ ისინი "თალიბანის“ ხელისუფლების დროს მამაკაცების გარეშე? მათ ხომ სახლიდან გასვლის უფლება არ ექნებათ“.
30 წლის ხაზრათი ოჯახში ერთადერთი მამაკაცია: მას ჰყავს ცოლი, ორი უმცროსი და, ასევე შვილი - ცხრა თვის გოგონა. სამწუხაროდ, ისინი ამჟამად ავღანეთში, ქალაქ ჯელალაბადში არიან ჩარჩენილები, თვითონ ხაზრათი კი მოსკოვშია. იგი რამდენიმე კვირის წინ ჩავიდა მოსკოვში თავშესაფრის მიღების მიზნით, ცოლ-შვილი და დები კი რუსეთში სხვა თვითმფრინავით უნდა ჩასულიყვნენ. მოვლენების სწრაფმა განვითარებამ ხაზრათის გეგმები გააცამტვერა: "მე თუ ოჯახს დავკარგავ, ჩემს ცხოვრებას აზრი არ ექნება. ჩემთვის ოჯახი ყველაფერია“, - ამბობს ავღანელი.
ხაზრათს თალიბების პერიოდის ცხოვრება კარგად ახსოვს: იგი სკოლაში სწავლობდა, როცა ერთხელ საღეჭი რეზინი ჩუმად იყიდა და მასზე გამოსახულ გოგონას უყურებდა. სკოლის დირექტორმა დაინახა და სცემა. როცა მამასთან ერთად ქუჩაში მიდიოდა, მავთულზე დაკიდებული მოჭრილი ხელებიც დაუნახავს. იმასაც შეესწრო, როგორ ქოლავდნენ ქვებით ქალს, რამაც მასზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ხაზრათმა თურქეთის ეგიდით მოქმედი პედაგოგიური სასწავლებელი წარმატებით დაასრულა, ცოლად თავისი მეზობელი ქალიშვილი ბიბი მოიყვანა. ბიბისაც რთული ცხოვრება ჰქონდა, რადგან მისი ძმა გერმანიაში სწავლობდა და იქ ქრისტიანობა მიიღო. ამიტომ მისი ოჯახის მიმართ ნათესავები მტრულად იყვნენ განწყობილი - ვაჟი სწორად ვერ აღზარდეთო. ხაზრათმა ცოლი ჯალალაბადში წაიყვანა და იქ სკოლაში მასწავლებლად მოეწყო. მოგვიანებით მან შეამჩნია, რომ მოსწავლეებს ქრისტიანები სძულთ: "მე მათ ავუხსენი, რომ ქრისტიანობაც ისეთივე რელიგიაა, როგორც ისლამი. მე მათ ვუთხარი, რომ ბიბლიის მიხედვით, იესო ქრისტე სიყვარულს ქადაგებს... მაგრამ როცა ბავშვებმა სახლებში მშობლებს უთხრეს, რომ ჩვენი მასწავლებელი ქრისტიანობაზე გველაპარაკებაო, მათ ეს არასწორად გაიგეს. ერთ საღამოს თავს დაესხნენ და სცემეს, თან უყვიროდნენ - შენ ჩვენი შვილების გაქრისტიანება როგორ გაბედეო. "მე მათთვის კაცთმოყვარეობა მინდოდა ჩამენერგა, მათ კი შემიძულეს“, - ამბობს ხაზრათი. ინციდენტის შემდეგ მან ავღანეთიდან წასვლაზე ფიქრი დაიწყო. ხაზრათს გაუმართლა და როგორღაც ე.წ. ფეხბურთის მოყვარულის პასპორტი მიიღო რუსეთში გასამგზავრებლად, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრებად. თვითმფრინავის ბილეთშიც გაუმართლა, მაგრამ მას და ოჯახის წევრებს გაფრენა სხვადასხვა დღეს მოუწიათ. სამწუხაროდ, რაღაც მიზეზების გამო მის ცოლ-შვილს და დებს ქაბულის აეროპორტში თვითმფრინავში ჩაჯდომის უფლება არ მისცეს... ახლა ისინი ჯალალაბადში იმყოფებიან, სადაც ხელისუფლება თალიბებს აქვთ.
ხაზრათს იმედი აქვს, რომ როგორმე შეძლებს რუსეთში ოჯახის წევრების ჩაყვანას: "მე უამრავი წიგნი მაქვს წაკითხული ფსიქოლოგიაზე, მაგრამ საკუთარ თავს ვერანაირად ვერ ვაწყნარებ, - ამბობს იგი. მის თვალებში ცრემლები ჩანს: "ყოველ ღამე ჩემი ოჯახის შესახებ კოშმარები მესიზმრება, მეღვიძება და ცოლს შეშინებული ვწერ - "ხომ კარგად ხართ?“.
მოამზადა სიმონ კილაძემ