ავტორი:

მმართველ პარტიას აგვისტოში 4 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს, მან კი რეკლამაში 2 794 718 ლარი დახარჯა - როგორია სხვა პარტიების შემოსავლები და სარეკლამო ხარჯი?

მმართველ პარტიას აგვისტოში 4 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს, მან კი რეკლამაში 2 794 718 ლარი დახარჯა - როგორია სხვა პარტიების შემოსავლები და სარეკლამო ხარჯი?

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, "ქართულმა ოცნებამ“ 2 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში სულ 2 794 718 ლარი დახარჯა, მათ შორის პარტიამ ყველაზე მეტი - 2 274 308 ლარი გარე რეკლამაში გადაიხადა. რაც შეეხება ინტერნეტ-რეკლამას, პარტიას ის 311 245 ლარი დაუჯდა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 209 164 ლარი გაიღო.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აგვისტოს სამ კვირაში ბეჭდური რეკლამისა და სატელევიზიო რეკლამისთვის გაწეული ხარჯები საანგარიშო პერიოდში, შევსებული დეკლარაციის მიხედვით პარტიას არ უფიქსირდება.

ამასთანვე, 2 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში "ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობის სახით 4 009 900 ლარი მიიღო, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან 3 836 700 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისგან 173 200 ლარი. საანგარიშო პერიოდში, პარტიას საბიუჯეტო დაფინანსების სახით 428 335 ლარი ჰქონდა.

რაც შეეხება ოპოზიციას, 2 აგვისტოდან -22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, პარტიებიდან რეკლამაში ყველაზე მეტი გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის“ დახარჯა. ხარჯმა 79 893 ლარი შეადგინა. მათ შორის, პარტიამ, ყველაზე მეტი 76 209 ლარი გარე რეკლამისთვის გაიღო, ინტერნეტ-რეკლამაში 2709 ლარი გადაიხადა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 975,76 ლარი გამოყო.

შემდეგ ადგილზეა "ევროპული საქართველო“. პარტიამ 2 აგვისტოდან - 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში სულ 51 471 ლარი დახარჯა. მათ შორის, პარტიამ, ყველაზე მეტი 51 055,68 ლარი ინტერნეტ-რეკლამისთვის გამოყო, ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამაში 210 ლარი გადაიხადა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 205 ლარი გაიღო.

"ევროპული საქართველოს“ შემდეგ, ყველაზე მეტი, რეკლამაში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დახარჯული. პარტიამ 2 აგვისტოდან - 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში სულ 38 135 ლარი დახარჯა. მათ შორის, პარტიამ, ინტერნეტ-რეკლამაში 25 537 ლარი გადაიხადა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 12 598 ლარი გაიღო.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძის პარტიას, "სტრატეგია აღმაშენებელმა“ ანუ საარჩევნო სუბიექტმა "მესამე ძალამ“ 2 აგვისტოდან -22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში სულ 9800 ლარი დახარჯა. მათ შორის, პარტიამ, ინტერნეტ-რეკლამაში 7300 ლარი გადაიხადა, ხოლო ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამაში 2500 გაიღო.

"ლელო საქართველოსთვის“ 2 აგვისტოდან -22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში სულ 4304 ლარი დახარჯა. მათ შორის, პარტიამ, ინტერნეტ-რეკლამაში 950 ლარი გადაიხადა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის, 3354 ლარი გაიღო.

რაც შეეხება შემოწირულობებს, ამ ნაწილშიც, პარტიებს შორის გიორგი გახარიას პარტია ლიდერობს, მას საანგარიშო პერიოდში, შემოწირულობის სახით 233 339,13 ლარი აქვს მიღებული.

შემდეგ ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. პარტიამ შემოწირულობის სახით 57 890 ლარი მიიღო. საანგარიშო პერიოდში, პარტიას, საბიუჯეტო დაფინანსების სახით, 183 302,91 ლარი ჰქონდა.

"ლელო საქართველოსთვის“, საანგარიშო პერიოდში, შემოწირულობის სახით 49 500 ლარი მიიღო, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსების სახით, 66 963,33 ლარი ჰქონდა.

შემდეგ ადგილზეა "ევროპული საქართველო“. პარტიამ, საანგარიშო პერიოდში, შემოწირულობის სახით 43 830 ლარი მიიღო, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსების სახით 93 700,75 ლარი.

გიორგი ვაშაძის პარტიას, საანგარიშო პერიოდში, შემოწირულობა არ უფიქსირდება, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსების სახით, 78 327,11 ლარი აქვს.