ავტორი:

შეტაკებები ავღანეთის წინააღმდეგობის ძალებსა და "თალიბანს" შორის და აშშ-ის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის დროშებში გახვეული კუბოები - რა ხდება ავღანეთში მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა ქვეყანა დატოვეს

შეტაკებები ავღანეთის წინააღმდეგობის ძალებსა და "თალიბანს" შორის და აშშ-ის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის დროშებში გახვეული კუბოები - რა ხდება ავღანეთში მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა ქვეყანა დატოვეს

ავღანეთის წინააღმდეგობის ძალებსა და რადიკალურ დაჯგუფება "თალიბანის“ “ბოევიკებს” შორის შეტაკებები მიმდინარეობს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბრძოლა გრძელდება ფანჯშირის, ფარვანისა და ბაღლანის პროვინციების სხვადასხვა რეგიონში.

"თალიბებმა“ გუშინ განაცხადეს, რომ მათ ფანჯშირის სამი მნიშვნელოვანი რეგიონის აღება მოახერხეს და მალე "სრულ გამარჯვებას" გამოაცხადებენ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით, წინააღმდეგობის ძალებმა უარყვეს.

შეგახსენებთ, "თალიბები“ 15 აგვისტოს ქაბულში შეიჭრნენ და რამდენიმე საათში დედაქალაქზე სრული კონტროლი მოიპოვეს. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა და ქვეყანა დატოვა. ვიცე -პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში კონსტიტუცია მას უფლებას ანიჭებდა, დროებითი პრეზიდენტი გამხდარიყო და ავღანელ ხალხს მოუწოდა, "თალიბანის“ წინააღმდეგ მოძრაობას შეერთებოდნენ. შეიარაღებულ წინააღმდეგობას ქვეყნის ფანჯშირის პროვინციაში აჰმად მასუდი ხელმძღვანელობს.

  • თალიბანის მხარდამჭერების ზეიმი

აღსანიშნავია, რომ “თალიბანის” მხარდამჭერებმა ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გასვლის აღსანიშნავად საზეიმო მსვლელობა გამართეს. მსვლელობაზე ქალაქ ხოსტში ამერიკის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის დროშებში გახვეული კუბოები გაიტანეს.

სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ იმიტირებულ დაკრძალვას უამრავი ადამიანი დაესწრო. ზოგიერთ მათგანს ხელში იარაღი ეჭირა, ზოგი კი "თალიბების“ დროშებს აფრიალებდა.

"31 აგვისტო არის ჩვენი თავისუფლების დღე. ამერიკის საოკუპაციო ძალები და ნატო-ს ძალები ქვეყნიდან გაიქცნენ", - განაცხადა "თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ყარი საიდ ხოსტიმ.

შეგახსენებთ, აშშ-მა ავღანეთიდან ყველა ჯარისკაცი გაიყვანა. დასრულდა სამოქალაქო პირების ევაკუაციის პროცესიც, რომლის ფარგლებშიც აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა ქაბულის აეროპორტიდან 123 000-მდე ადამიანი გაიყვანეს.