ავტორი:

"დიდი ყურადღება დაგვჭირდება, რომ პანდემიის მე -5 ტალღა ნაადრევად არ დაიწყოს" - დამშვიდდება თუ არა ოქტომბრიდან ეპიდსიტუაცია და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის?

"დიდი ყურადღება დაგვჭირდება, რომ პანდემიის მე -5 ტალღა ნაადრევად არ დაიწყოს" - დამშვიდდება თუ არა ოქტომბრიდან ეპიდსიტუაცია და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის?

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროგნოზით, ეპიდვითარება ოქტომბრიდან უნდა დასტაბილურდეს. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ სიტუაციაში პირბადის ტარება და აცრა არის გამოსავალი, იმისთვის, რომ ქვეყანა არ ჩაიკეტოს და ეკონომიკური განვითარება გაგრძელდეს.

ამ თემაზე ambebi.ge-ს პირველი მოპასუხე ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძეა, "სტრატეგია აღმაშენებელის" წარმომადგენელი:

- ვიდრე პრემიერი ოქტომბერს ახსენებს, ჯერ სექტემბერზე ვისაუბროთ. ამ დღეებში, კვირებში რას აკეთებენ, დღიურად გაწერილი გეგმა როგორია, ჯობს ამაზე გაამახვილოს ყურადღება. სექტემბერში ათასობით ინფიცირების შემთხვევა თუ გვექნება, ეს სიკვდილიანობა ოქტომბერშიც გაგრძელდება. დაახლოებით იმას ჰგავს, ათი წლის შემდეგ როგორი განვითარება გვექნება, იმის "გეგმა“ რომ წარმოგვიდგინეს. რეალობას მოწყვეტილი მსჯელობაა. კიდევ ერთხელ მეტყველებს, სექტემბერში ყოველდღიურად ოთხმოც ადამიანს დავკარგავთ, ასს თუ მეტს, ნაკლებად აინტერესებთ. ადგა და მთელ სექტემბერს გადაახტა, როდესაც სიკვდილიანობის ყველაზე მეტი მაჩვენებელი ამ თვეზე მოვა. 4-5-6 ათასი შემთხვევა რომ გვქონდა, პიკი სწორედ ახლა იქნება. მთავარია, რომ ოქტომბერს არჩევნები ნებისმიერ ფასად ჩაატარონ და მერე...

ზოგადად კი, არის აღმავალ-დაღმავალი ტალღები და, რა თქმა უნდა, ყველა პიკს დაღმავალი ტალღა მოჰყვება. ეს შეიძლება იყოს სექტემბრის ბოლო, ოქტომბერი. ასევე, იქნება სხვა ტალღები, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში. ამისთვისაც არანაირი მზაობა არ არსებობს.

- მაინც როგორია მოქმედების გეგმა აღნიშნული მიმართულებით?

- პრობლემაც ისაა, რომ არანაირი გეგმა არ არსებობს. წელიწადნახევრის განმავლობაში ერთი და იმავეზე ვსაუბრობთ. 18 თვის წინ რაც უნდა გაეკეთებინათ, დღესაც არ არის გაკეთებული. რომელ კარგ მართვაზეა ლაპარაკი? ხშირად გვესმის, ისე კარგად ვმართავთ, ამერიკას და ევროპას ვასწავლითო, ტაშს გვიკრავენო, თვალში ნაცრის შეყრაც აღარ ჰქვია. კარგად როგორ მართავენ, როდესაც სიკვდილიანობით, სულ მოსახლეზე ინფიცირების ახალი შემთხვევების ოდენობით, მუდმივად პირველ ადგილზე ვიმყოფებით ბოლო კვირების განმავლობაში; როდესაც მეოთხე ტალღის პირობებში, მსოფლიოში არავინ ლაპარაკობს "ლოკდაუნზე", ტრანსპორტის შეზღუდვაზე, სწავლის არდაწყებაზე და ა.შ. ანუ, მსოფლიომ ისწავლა პანდემიასთან გამკლავება, მართვა; სიკვდილიანობის შემთხვევები მცირდება, ახალ-ახალ შეზღუდვებზე კი არა, გახსნაზე საუბრობენ; აქ პირიქით, მეოთხე ტალღის პირობებშიც ყველაზე დაზარალებული ვართ. უარესი შედეგები გვაქვს 18 თვისა და მეოთხე ტალღის თავზე, როდესაც ყველაზე უუნარო ხელისუფლებასაც თავის ან სხვის შეცდომებზე რაღაც უნდა ესწავლა.

- მდგომარეობის დასამშვიდებლად რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

- ეს არის მასობრივი ტესტირება-ვაქცინაცია, 112-ის, პირველადი ჯანდაცვის რგოლის, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გამართული მუშაობა, პროგრამული უზრუნველყოფა, ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერება; მთელი სამედიცინო პერსონალის, ექიმ-ექთნების მობილიზება, დროულად ხელფასის მიცემა, მუდმივი ტრენინგი-გადამზადება, - ის ძირითადი მექანიზმებია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, რათა ასეთ კატასტროფულ შედეგებამდე აღარ მივიდეთ.

როდესაც უკვე ასეთი შედეგი დგება, ამ შემთხვევაში საჭიროა ორი-სამი კვირა მაქსიმალური სიმკაცრე, რეგულაციები გონივრულ ფარგლებში, რომ ამ ხნის განმავლობაში გაკეთდეს ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალე; რათა დროულად მივხედოთ ტესტირებას, ვაქცინაციას, სამედიცინო-ჰოსპიტალურ სექტორს...

გარკვეული შეზღუდვები გვაქვს, მეორე მხრივ, ძირითადი საბრძოლო ხაზი, სადაც უნდა გავიდეს (რაც ჩამოვთვალე), ამას ხელისუფლება არ აკეთებს და ეს შეზღუდვებიც ვხედავთ, არ და ვერ სრულდება. ზედამხედველობას, მონიტორინგს და აღსრულებას ვერ უზრუნველყოფს მთავრობა.

ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი:

- საერთოდ, კოვიდთან მიმართებაში პროგნოზი რთული საკითხია. რასაც ჯერჯერობით ვირუსის ქმედებებიდან გამომდინარე ვხედავთ, აღმავალი პერიოდები დაახლოებით სამ თვეს გრძელდება. შემდეგ სამი თვე არის სტაბილურობა, ისევ ახალი ტალღის ნიშნები იწყება. მთელ მსოფლიოში ასეა, სადაც შედარებით დაბალი ვაქცინაციაა.

თუ ამ ლოგიკას მივყვებით (რა თქმა უნდა, ჩვენში მკაცრი შეზღუდვები არ არის), რეალურად ეს მეტ-ნაკლები სტაბილურობა მაინც ბუნებრივმა ფაქტორებმა განაპირობა. ასევე, მოსახლეობის დიდ ნაწილს ინფექცია გადატანილი აქვს, მათგან ნაწილი აცრილია. ალბათ სექტემბრის ბოლომდე, ვაქცინაციის ამ ტემპით საერთო მოსახლეობის 20% უნდა იყოს აცრილი. მეტი პროგნოზის კეთება ოქტომბრის დასაწყისამდე რთულად წარმოსადგენია. აქ ორ დოზაზეა საუბარი; კოვიდგადატანილი ადამიანებიც დაემატებიან.

რასაკვირველია, საკმარისი მაჩვენებელი არ არის და დიდი ყურადღება დაგვჭირდება, რომ პანდემიის მეხუთე ტალღა ნაადრევად არ დაიწყოს. ეს სიჩქარე ძლიერად სამართავია და მუხრუჭებზე მუდმივად ფეხი უნდა ედოთ; როგორც თავდაღმართში სიარულისას მუხრუჭებს ფეხი არ უნდა აუშვა და ასე იარო, დაახლოებით ასევეა ჩვენი ეპიდემიოლოგების სიტუაცია. წამითაც მიშვების უფლება არ გვაქვს.

ძალიან რთული მდგომარეობაა და ნებისმიერ დროს ეს სტატუსკვო შეიძლება დაირღვეს. როგორც აღვნიშნე, ეს ბუნებრივი სტაბილურობაა და აქ რეგულაციების გავლენა თითქმის არ არის. ამიტომ 4-5 ათასის ფარგლებშია და არ ჩამოდის, რაც უზარმაზარი ციფრია ინფიცირებული ადამიანების; როცა უკვე ექიმები ვერ უკავშირდებიან; შეუძლებელიცაა, როდესაც 55 ათასი ადამიანი ერთდროულად ინფიცირებულია. ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს.

ვაქცინირებული ადამიანების და გადატანილების პროპორცია იმას რომ გვიქადდეს, ოქტომბერში ქვემოთ ჩამოვიდეს და თუნდაც 200-300 ინფიცირებული იყოს, ამის პერსპექტივაც პრაქტიკულად არ არის. საუბარია, აღმავალი მრუდი არ დაგვეწყოს, თუ დროზე ადრე მოვეშვებით და ვაქცინაციის პროცესს კიდევ უფრო ინტენსიურ სახეს არ მივცემთ; არ დაიწყოს მეხუთე ტალღა, სიცივის პერიოდში ვირუსის გავრცელებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობები იქმნება.

ამიტომ ჯერ სტაბილურობაა შესანარჩუნებელი, მერე მაქსიმუმია გასაკეთებელი, რომ ამ ციფრებმა დაიკლოს. დანარჩენი მეორე ნაწილია არსებული რეგულაციების მკაცრი აღსრულება და რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაციის პროცესში ჩართვა; რათა საშუალო ციფრი 30-ათასიდან 40 ათასს შორის მაინც მერყეობდეს. შემდგომში უკვე კარგი პროგნოზის კეთების შესაძლებლობას მოგვცემს.

- სტაბილიზაციის გზაზე რა დამატებითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

- რასაკვირველია, მსოფლიოს სხვა ქვეყნების სტანდარტები შეგვიძლია გამოვიყენოთ. ეს გზა ძირითადად ისევ ვაქცინაციის პროცესის ინტენსიფიკაციაზე გადის; ამ საქმეში სერიოზული ძალისხმევის ჩადებაზე. მიმდინარე კამპანია უფრო ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს, გასაძლიერებელია.

მეორე გზა მასობრივი ტესტირების გაკეთებაზეა. ჩემი უფლებამოსილება რომ იყოს, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებს მასობრივ ტესტირებასაც მივაბამდი. ანუ იქვე მივცემდი ადამიანებს შესაძლებლობას და მოვუწოდებდი ამისკენ. რაც უფრო მეტ ადამიანს აღმოვაჩენთ, თუნდაც უსიმპტომო მატარებელს, მთელი მსოფლიოს მაგალითი აჩვენებს, რომ პანდემიის მართვას ძალიან ეხმარება; რადგან ასეთი ადამიანები ავრცელებენ კოვიდს, დადიან კლინიკებში, მაღაზიებში, გასართობ ცენტრებში, რესტორნებში და ა.შ. ჩვენ ამით პანდემიის შენელებას სერიოზულად დავეხმარებოდით.

მოკლედ, ვაქცინაცია პლუს ვაქცინაციასთან ახლოს ყველა ცენტრში მასობრივი ტესტირების შესაძლებლობა რომ გაჩნდეს.

- გვაქვს ამის საშუალება?

- დღეს მსოფლიოში ძალიან სერიოზული შესაძლებლობებია ამ ანტიგენის ტესტების შეძენისთვის. ჩვენ რა პრობლემა გვაქვს სამ მილიონ ნახევარი მოსახლისთვის, როცა დიდი სახელმწიფოები, მაგალითად ჩინეთი ორ-სამ დღეში 11 და 12 მილიონ ადამიანს, მთელ ქალაქს იკვლევს. შეიძლება ერთ და ორ დღეში ვერ შევძლოთ... მაგრამ ჩვენი ტესტირება რეალურად იმას ეფუძნება, ადამიანი როცა ავადაა მაშინ მიდის და ტესტს იღებს. ამიტომ ტესტირებულობის მასობრიობა უნდა გამოცხადდეს. თუნდაც პანდემიის სტაბილურობის ამ ფაზაზე შემდგომ კვირებში. უფრო მეტი ადამიანი უნდა ვიპოვოთ უსიმპტომოდ მატარებელი, მივცეთ საშუალება, დროულად განვარიდოთ. ეს არის მთავარი - აღმოჩენა, კარანტინიზაცია და მათთვის იზოლაციის ვალდებულება, რომ მერე ინფექცია არ გაავრცელონ.

ავტორი: მერაბ ბერიძე