ავტორი:

"უცნობს, რომელმაც ვახანიას ძმის მეგობრად გაასაღა თავი, ბიზნესმენი დანით მოუკლავს" - განმუხურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"უცნობს, რომელმაც ვახანიას ძმის მეგობრად გაასაღა თავი, ბიზნესმენი დანით მოუკლავს"  - განმუხურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პოლიციას სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებული ჰყავს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული. შსს ჯერჯერობით არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ სად, როდის და რა მოტივით მოხდა მკვლელობა.

ambebi.ge-ს სანდო წყარო მკვლელობის დეტალებზე უყვება და ამბობს, რომ მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, ანგარიშსწორება უნდა იყოს.

"ვახანია განმუხურში ძალიან უყვარდათ, ვინაიდან მის სახელს ბევრი კარგი საქმე უკავშირდება. მას მოსკოვში ჰქონდა ბიზნესი და ქველმოქმედებასაც ეწეოდა. ვახანია ახლახან ჩამოვიდა ზუგდიდში. მკვლელობამდე მის დაცვასთან ვიღაც კაცი მისულა და უთქვამს, ვახანიას ძმის მეგობარი ვარ და შემიშვითო. მათაც შეუშვეს და ამ უცნობს, რომელმაც ვახანიას ძმის მეგობრად გაასაღა თავი, ბიზნესმენი დანით მოუკლავს, ამბობენ, 6-7 ჭრილობა მიაყენაო... მოტივი ზუსტად ჯერ არავინ იცის, პოლიციას უკვე დადგენილი აქვს მისი ვინაობა და ალბათ მკვლელს მალე დააკავებენ".

ცნობისთვის:

საქართველოს და რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის 15 მარტს დააკავეს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით. (სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ღამის 11 საათზე მაშინ ჩაატარა, როცა ვახანია საკუთარ სახლში მარტო იმყოფებოდა. ჩხრეკის შედეგად მისი ბინიდან ავტომატური იარაღი და ორი ხელყუმბარა ამოიღეს). სასამართლომ ვახანიას სამი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. 2012 წელს, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ვლადიმერ ვახანია საინიციატივო ჯგუფის სახელით ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. წარმოშობით ზუგდიდელი ვლადიმერ ვახანია, ძირითადად, რუსეთში ცხოვრობდა.