„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს. აღნიშნულის შესახებ დღეს საგანგებო მიმართვაში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ისაუბრა.
მისი განმარტებით, მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში პარტიისთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც ამ დრომდე პოლიტიკურმა სუბიექტმა შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, "არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ", შექმნილ მდგომარეობაში თავს ვალდებულად მიიჩნევენ საკუთარ მოსაზრებებზე მაღლა დადგნენ და 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერონ.
"ჩვენ შესაძლოა არ მოგვწონდა 19 აპრილის შეთახმება და ეს არც არასოდეს დაგვიმალავს. და რატომ არ მოგვწონდა?! რადგან არ გვჯეროდა, რომ რამე სერიოზულ რეფორმას განახორციელებს ოლიგარქი ივანიშვილი, არ მოგვწონდა ამნისტიის უსამართლო კანონი და ა.შ.
სამწუხაროდ, ბევრ რამეში მართლები აღმოვჩნდით - იმის ჩათვლით, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებდა თავისი ხელმოწერის პატივისცემას და ეს მხოლოდ დაძაბულობის დროებითი ჩაცხრობა იყო და არა კრიზისიდან გამოსავალი! მაგრამ ახლა ყველა დეტალი მნიშვნელობას კარგავს და ფერმკრთალდება მთავარ სათქმელთან შედარებით.
ბოლო დღეების მოვლენები, ევროკავშირის დახმარებაზე უარი - ყველაფერს თავის სახელს არქმევს თუ არ არქმევს?! - არქმევს! მე მინდა აგიხსნათ, რომ 300 მილიონ ლარზე მნიშვნელოვანი ( ანუ 75 მილ ევროზე მნიშვნელოვანი), ამის უკან ჩამალული პოლიტიკური განაცხადია. არაფერ შუაშია საგარეო ვალზე შეთხზული ტყუილები, საერთოდ არაფერ შუაშია რაც ღარიბაშვილმა და კობახიძემ თქვეს. აქ მთავარი - პოლიტიკური განაცხადია, მეგობრებო და რა არის „ქართული ოცნების“ ეს მთავარი პოლიტიკური განაცხადი?! - არაფრის ფასად აღარ გვინდა ევროპული რეფორმები, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნა უფრო წინაა - ვიდრე დასავლეთთან ურთიერთობაო! ესაა ღია განაცხადი საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე, სწორედ ეს ბოლო განცხადებები, რომ დახმარებას არ იღებენ თურმე - რაც ევროპული გზიდან გადახვევის საბოლოო და ყველასათვის ნათელი მტკიცებულებაა, გახდა ბიძგი, რამაც გადაგვაწყვეტინა გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს და შეგვკრავს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი.
მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში ჩვენთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც, აქამდე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია ამ შეთანხმებისთვის, არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ, მივიჩნევთ, რომ შექმნილ მდგომარეობაში ვალდებული ვართ დავდგეთ საკუთარ მოსაზრებებზე და წინააღმდეგობებზე მაღლა და ხელი მოვაწეროთ 19 აპრილის შეთანხმებას.
ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითიც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში! ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობა“ ხელს ვაწერთ შეთანხმებას, რომ არ ახდეს „ქართული ოცნების“ ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არ დისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან, რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს. ასე უფრო გავიმარჯვებთ და შევინარჩუნებთ ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანს იყოს დასავლური ოჯახის წევრი! გავიმარჯვებთ და ავაშენებთ განვითარებულ, მდიდარ, დემოკრატიულ საქართველოს! ისე კი სინამდვილეში ევროკაშირი, საქართველოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო - აცხადებს უარს დახმარების გაცემაზე და არა პირიქით. ქვეყნის ცუდი ხელისუფლება სახადია, ხოლო სტრატეგიული არჩევანი მარადიული ღირებულებაა. დღეს ამიტომაც ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, ჩვენ გვინდა ნათლად და ცალსახად განვაცხადოთ, რომ არ მივცემთ უფლებას „ქართულ ოცნებას“ გაექცეს საკუთარ ხელმოწერილ ვალდებულებას 43- პროცენტიანი ბარიერის ვერგადალახვის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ!"- განაცხადა მელიამ.