"ნაციონალური მოძრაობის" წევრები შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს დღეს მოაწერენ. პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოსაწერად 10:45 საათზე მივლენ.
ცნობისთვის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინ, საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს.
მისი განმარტებით, მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში პარტიისთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც ამ დრომდე პოლიტიკურმა სუბიექტმა შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, „არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ“, შექმნილ მდგომარეობაში თავს ვალდებულად მიიჩნევენ საკუთარ მოსაზრებებზე მაღლა დადგნენ და 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერონ.