გუშინ, 1 -ლ სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმერ (ვოვა) ვახანია მოკლეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განმუხურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, 1966 წელს დაბადებული კ.კ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ambebi.ge-მ ვახანიას მკვლელობასთან დაკავშირებული დეტალები გაარკვია. მკველელობაში ეჭვმიტანილი ზუგდიდის მკვიდრი კახა კალანდიაა, რომელმაც ვლადიმერ ვახანიას სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა. მკვლელობას წინ სიტყვიერი დაპირისპირება და ჩხუბი უძღოდა.
ვლადიმერ ვახანიას ახლობელი ზუგდიდიდან გვიყვება:
"ვოვა განმუხურში სასტუმროების კომპლექსს აშენებდა და მკვლელობაც იქ მოხდა. მას დანით რამდენიმე ჭრილობა კახა კალანდიამ მიაყენა. მკვლელობის დროს ადგილზე ვახანია, მისი ერთ-ერთი ნათესავი და მძღოლი ყოფილან. მკვლელი და ვახანია ერთმანეთს დიდი ხანია იცნობდნენ. თვითმხილველი ამბობს, რომ ვახანია და კალანდია ოთახში ჩვეულებრივ საუბრობდნენ. ვოვას ნათესავი მამაკაცი, რომელიც საუბარს არ დასწრებია, ვინაიდან ყავის გასაკეთებლად გავიდა. როგორც ეს ადამიანი ამბობს, მოულოდნელად ხმაური შემომესმა, ოთახში რომ შესულა, თავიდან ვერ მიხვდა, ვოვა დაჭრილი რომ იყო, ეგონა, ჩხუბობდნენ და კალანდიას გაკავება დაუწყია. ამბობს, ისიც ვერ დავინახე, ხელში დანა რომ ეკავაო. მერე ვოვას მძღოლი შემოვარდა და ყვირილი დაიწყო, ვოვა დაჭრილიაო.. ვოვა ამ ნათესავის მანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ადგილზე მისვლამდე ჩაააკვდათ ხელში.
ხმა გავრცელდა, ის ადამიანი ვოვას ვალის დაბრუნებას თხოვდაო. ვახანიას არავის ვალი არ ექნებოდა, გამორიცხულია.
საქმე იმაში გახლავთ, რომ კახა კალანდიას ძმა 2009 წელს "ნაცებმა" ვახანიას საქმეზე სულ ტყუილად დაიჭირეს (თენგიზ კალანდიას ნარკოტიკი ჩაუდეს), მხოლოდ იმის გამო, ვოვასთან რომ ახლობლობდა. კალანდიას საქმე ცალკე იყო გამოყოფილი, არ იყო ვოვას საქმესთან გაერთიანებული. კალანდია ციხიდან გამოვიდა და ცოტა ხნის შემდეგ გარდაიცვალა.
მკვლელობის სავარაუდო მოტივი ცნობილია. ზუგდიდში ასე იციან, რომ გუშინ კალანდია ვახანიასთან ფულის გამოსართმევად მივიდა. უთქვამს მისთვის, ჩემი ძმა შენს გამო დაიჭირეს და გარდაიცვალა, ამიტომ ფული უნდა გადამიხადოო. ამას მოჰყვა დაპირისპირება და ნახეთ, რითაც დამთავრდა. ვახანიაც და კალანდიებიც ზუგდიდში ცხოვრობენ. კალანდია როცა ესტუმრა, ვოვა ემზადებოდა, ერთ საათში თბილისში უნდა წასულიყო, ვინაიდან მეორე დღეს მოსკოვში მიფრინავდა. ვოვა ძალიან კეთილი ადამიანი და ქველმოქმედი იყო, უყვარდათ ზუგდიდში, ყველას ძალიან დაგვენანა...“
ცნობისათვის:
საქართველოს და რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის 15 მარტს დააკავეს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით. (სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ღამის 11 საათზე მაშინ ჩაატარა, როცა ვახანია საკუთარ სახლში მარტო იმყოფებოდა. ჩხრეკის შედეგად, მისი ბინიდან ავტომატური იარაღი და ორი ხელყუმბარა ამოიღეს). სასამართლომ ვახანიას სამი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. 2012 წელს, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ვლადიმერ ვახანია საინიციატივო ჯგუფის სახელით ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. წარმოშობით ზუგდიდელი ვლადიმერ ვახანია, ძირითადად, რუსეთში ცხოვრობდა და ბიზნესი ჰქონდა.