ბელენის იმ საავადმყოფოში, სადაც წუთი-წუთზე ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მომავალი კაპიტანი დაიბადებოდა, ჩოჩქოლი იყო. დი ოლივეირების ოჯახი მოუთმენლად ელოდა მორიგ მატებას. ერთადერთი ადამიანი, ვინც წარბშეუხრელად იჯდა და ცივსისხლიან მზერას ისროდა, ოჯახის უფროსი, რეიმუნდო ოლივეირა იყო. ბერძნული ფილოსოფიის დიდი გულშემატკივარი და ამ აზროვნების ფუძემდებლებით შთაგონებული რეიმონდო წინასწარ საზღვრავდა შვილის ბედს. მან უკვე იცოდა, რომ მას აუცილებლად იმ პროფესიას აარჩევინებდა, რომლითაც საზოგადოებას დახმარებას გაუწევდა და ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა. სახელიც ისეთი შეურჩია, როგორც მის გატაცებას შეეფერებოდა - ანტიკურ ბერძნული - სოკრატესი. თუმცა მისთვის ეს პრაქტიკა უჩვეულო არ იყო, პირველ ვაჟს სოფოკლე დაარქვა. ფიქრობდა, სახელი უზრუნველყოფდა აუხსნელ კავშირს იმ მოაზროვნეებთან და მის შვილებს სამყაროს სიბრძნის აღქმის საკუთარი უნარი გაუჩნდებოდათ.
წლების შემდეგ, რეიმუნდოს სურვილები მაღალმა ძალებმა შეისმინეს, იმ პერიოდში, როდესაც ჩე გევარა კუბის რევოლუციას აწყობდა, დედამიწას მოევლინა კიდევ ერთი მეამბოხე, რომელმაც არანაკლები კვალი დატოვა...
სოკრატესს რეიმუნდომ პატარაობიდანვე ჩაუნერგა, - შენ უნდა იყო ის ადამიანი, ვინც სხვებს დაეხმარება, უშველის განსაცდელის მომენტში და ხსნას მოჰგვრის ტკივილისა და ტანჯვის დროსო. მამის სიტყვებმა ბიჭი აანთო და მან პატარაობიდანვე იცოდა, რომ აუცილებლად გამოვიდოდა ექიმი.
ტიპური ბრაზილიელი ბიჭუნასავით, ბურთის გორაობა გენში ჰქონდა ჩაბეჭდილი, თუმცა მკვეთრად ჰქონდა განსაზღვრული - ფეხბურთი იქნება ჰობი, მიზანია დოქტორის ხარისხი. თავიდან მამამ ბურთთან მისვლაც კი აუკრძალა, შესაბამისად, უწევდა სახლიდან გაპარულიყო და ჩუმად ეთამაშა.
11 წლის იყო, როცა ზრდასრულ მამაკაცებთან ერთად ითამაშა, მწვრთნელი შოკში ჩააგდო, კაცები მატჩის შემდეგ ტაშს უკრავდნენ და მის მიწიერ წარმოშობაში ეჭვი შეჰქონდათ. მამამ, როცა პატარა ფილოსოფოსის თამაში იხილა, თითქოს ნება დართო, ჰობისთვის მეტი დრო დაეთმო და ასე შეკრული ფრთები თავად გაუხსნა.
ღამე მედიცინის ლათინურ კონსპექტებს იზეპრებდა, კითხულობდა მაკიაველის, პლატონს, ფროიდს, დღისით კი ფეხბურთს თამაშობდა და სან-პაულოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მალე მის კედელზე, მედლებთან ერთად, ნანატრი დიპლომიც აღმოჩნდა.
23 წლის ასაკში ის "ბოტოფაგოში“ ასპარეზობდა, მაგრამ მამის ნების ასრულება ჰქონდა განზრახული და დღე-დღეზე ადგილობრივ საავადმყოფოში მუშაობის დაწყებას აპირებდა. თუმცა კლუბმა იმდენად "მსუყე“ კონტრაქტი შესთავაზა, რომ სოკრატესმა მედიცინას ფეხბურთი არჩია.
უკვე იმ პერიოდში ფეხბურთელის გონებაში არსებობდა სახელმწიფო მოწყობის ერთგვარი იდეა. ის უკმაყოფილო იყო ფეხბურთელების მიმართ კლუბების სამომხარებლო მიდგომით. ნებისმიერი ფეხბურთელის ბედი სრულად საფეხბურთო კლუბის ხელში იყო. ამის იდეალური მაგალითი პელე გახდა. იმისათვის, რომ ფეხბურთელს არ ეთამაშა საზღვარგარეთ, ბრაზილიის პრეზიდენტმა კვადროსმა, პელე ეროვნულ მემკვიდრეობად გამოაცხადა. შესაბამისად, ლეგენდარულ ფეხბურთელს აეკრძალა სხვა ქვეყნის კლუბებთან კონტრაქტის გაფორმება.
შეწინააღმდეგებას გარკვეული სიმამაცე სჭირდებოდა, რომელიც არ აღმოაჩნდა პელეს, თუმცა საკმარისზე მეტი ჰქონდა სოკრატესს.
"ბრაზილიას სჭირდება დემოკრატია, საჭიროა ცვლილებები“, - ამ იდეით გაიჟღინთა "ფილოსოფოსი“ და როცა "კორნთიანსში“ გადავიდა, ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი გახდა.
მოედანზე იყო შეუჩერებელი და დაუნდობელი. თითქმის ორ მეტრიანი ნახევარმცველი, რომელიც ერთი მეორის მიყოლებით ატყუებდა მოწინააღმდეგის მცველებს, არ იცვამდა დამცავებს. აკეთებდა ბრმა გადაცემებს ქუსლით. გაჰქონდა ნახევარმცველისთვის არადამახასიათებლად ბევრი გოლი. მისი საფირმო პენალტების წინააღმდეგ კი ნებისმიერი მეკარე უძლური იყო. ბრაზილიელებს ის გიჟური ვნებით უყვარდათ.
კლუბში კი იგრძნობოდა, რომ ნამდვილი ლიდერი მოვიდა, რომლის გარშემო გაერთიანება ბრაზილიის დემოკრატიისთვის, არა მხოლოდ სასიამოვნო და საჭირო, არამედ დიდი პატივიც იყო.
სოკრატესმა თავის ავტორიტეტის და პოპულარობის გამოყენება ჯერ კლუბიდან დაიწყო, რასაც "კორინთიანული დემოკრატია“ ეწოდა. მისი იდეა მარტივი იყო: კლუბის აბსოლუტურად ნებისმიერ წევრს, დამლაგებლიდან დაწყებული და ადმინისტრაციის წევრებით დასრულებული, ყველას თანაბარი ხმა ჰქონდა. თავიდან ამ მიდგომამ კითხვები გააჩინა, თუმცა ბოლოს გუნდი იმდენად შეიკრა და ერთიანი გახდა, რომ დემოკრატიული რეფორმის შედეგი ცხადი იყო.
"ჩვენი მიზანი იყო ჩვენივე სიტყვისა და აზრის თავისუფლება მოგვეპოვებინა. ჩვენმა სისტემამ, რომელიც კლუბში დავნერგეთ, იდეალურად იმუშავა და გვინდოდა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგვევრცელებინა", - ასე ახსნა სოკრატესმა "კორინთიანსული დემოკრატია“.
რამდენიმე წლის განმავლობაში "კორინთიანსმა“ დიდი აქციები მოაწყო. მათ ქვეყნის მასშტაბით 20 მილიონი გულშემატკივარი ჰყავდათ, შესაბამისად, თავიანთ მსოფლმხედველობას სწრაფი ტემპით ავრცელებდნენ. ერთ-ერთ მატჩზე ფეხბურთელები გამოვიდნენ ბანერით, სადაც ეწერათ: "წააგე ან მოიგე, ოღონდ დემოკრატიით.“ 1982 წელს კი მაისურების ნომრების ზემოთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მოწოდებები დაიწერეს.
სამხედრო რეჟიმისთვის სოკრატესი თითქმის მიუდგომელი ციხესიმაგრე იყო. პოლიტიკოსებმა არ იცოდნენ რა დაეპირისპირებინათ მისთვის, ამ ბიჭს არც არაფრის ეშინოდა და აქციებზე მისი სიტყვით გამოსვლა უკვე არამარტო "კორინთიასის“ ფანებს, არამედ მოსახლეობის დიდ ნაწილს ანთებდა. თმა და წვერი გაიზარდა, რომ ჩე გევარას დამსგავსებოდა. თავზე ყოველთვის იკეთებდა ბენდენას, სადაც ეწერა: "არა ძალადობას“, "კი - სიყვარულს, არა - ტერორს“.
ბრაზილიაში სრული სიგიჟე იყო, ფეხბურთელები და გულშემატკივრები რევოლუციას თვალსა და ხელს შუა აწყობდნენ, თუმცა მშვიდობიანად. "კორინთიანსი“ წინააღმდეგობის სიმბოლოდ გადაიქცა. თუ კი ბრაზილიელი იცვამდა კლუბის ფორმას ან კლუბის ფორმისფერიან მაისურს, ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ რეჟიმის წინააღმდეგი იყო.
სან-პაულოს ქუჩებში 1.5 მილიონი ადამიანი გამოვიდა, მათ ცვლილებები სწყუროდათ. თავად სოკრატესი გამოდიოდა ინიციატივით, რომ ქვეყანაში ლეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულიყო. თუმცა სახელმწიფომ ადმინისტრაციული რესურსი ჩართო და სოკტარესის ინიციატივას კონგრესმენების დიდმა ნაწილმა მხარი ვერ დაუჭირა. ფეხბურთელს იმედი გაუცრუვდა და სათამაშოდ "ფიორენტინაში“ წავიდა. ერთი წლის შემდეგ უკან დაბრუნებულ სოკრატესს ბრაზილიაში სხვა სიტუაცია დახვდა. სამხედრო დიქტატურა დაემხო და პრეზიდენტი ლეგიტიმურად აირჩიეს.
ფეხბურთელის კარიერამ კი სწრაფი რეგრესი დაიწყო. ის არასდროს ყოფილა სამაგალითო სპორტსმენი, ეწეოდა და სვამდა ძალიან ბევრს. მისივე განცხადებით, დღეში რამდენიმე კოლოფი სიგარეტის მოწევა ჩვეულებრივი ამბავი იყო.
1981 წელს ბრაზილიის ნაკრები ევროპაში გაემგზავრა. ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ჟურნალისტი გასახდელში ინტერვიუს ჩასაწერად მივიდა, სადაც სიგარეტის კოლოფები და ლუდის ქილები დახვდა მიმოყრილი. სოკრატესს უთხრა, რომ ინტერვიუს ისე ჩაწერდა, ამ ყველაფერს არ გამოაჩენდა, რაზეც პასუხად მიიღო: "არა, მე ვეწევი და ვსვამ იქ, სადაც ვთვლი საჭიროდ.“
ფეხბურთელის კარიერა 35 წლის ასაკში დაასრულა, დაემშვიდობა ჰობის და შეუდგა საქმეს: მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი, გამომუშავებული ფულით ერთ ერთი საავადმყოფოს რეკონსტრუქცია დაასრულა, სადაც იქვე დასაქმდა და კაბინეტში სოკრატეს ბიუსტი დაიდგა.
როგორ უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, ფეხბურთელმა, რომლის წვლილი სამხედრო დიქტატურის დამხობაში უზარმაზარია, ვერ დაძლია ალკოჰოლიზმი. 2011 წლის 4 დეკემბერს სოკრატესი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზუსტად იმ დღეს "კორინთიასმა“ ბრაზილიის ეროვნული ჩემპიონატი მოიგო.
და რა თქმა უნდა, პელე, რონალდო, რონალდინიო სოკრატესზე უკეთესი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ იყვნენ კი ისეთი დიდებულები, როგორიცსოკრატესი?
ავტორი: ანრი კურტანიძე