"ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც ბიძინა ივანიშვილს განუხორციელებია არის პირველი ოქტომბერი, სააკაშვილის მჩაგვრელი ხელისუფლების ჩამოშორება პოლიტიკიდან და ხელისუფლებიდან", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჩხერის მერობის კანდიდატი ლევან ივანაშვილის წარდგენისას განაცხადა.
ღარიბაშვილის განცხადებით ბიძინა ივანიშვილმა შეძლო და 1 ოქტომბერს მთელი ქვეყნის ცხოვრება შეცვალა, რის გამოც Game changer-ია.
"ვინაიდან დღეს საჩხერეში ვარ, არ შემიძლია არ ვისაუბრო იმ უკიდეგანო ქველმოქმედებაზე, რომელიც ამ დიდმა კაცმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ჩვენს ქვეყანაში და მართლაც შეუფასებელია ეს 20 წლის განმავლობაში დაწყებული ქველმოქმედება. 3 მილიარდი დოლარი აქვს ამ ადამიანს დახარჯული თავისი ქვეყნის და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც ბიძინა ივანიშვილს განუხორციელებია, არის პირველი ოქტომბერი, სააკაშვილის მჩაგვრელი ხელისუფლების ჩამოშორება პოლიტიკიდან და ხელისუფლებიდან, ეს იყო მისი ყველაზე დიდი პოლიტიკური ქველმოქმედება.
დღეს ბევრს ავიწყდება და ილუზია უჩნდება, რომ ეს თავისით მოხდა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ეს მოხდა თავდადებით და თავგანწირვით, ამის გარეშე არცერთი დიდი ისტორიული ცვლილება არ ხორციელდება. ამ კაცმა მართლაც შეცვალა ჩვენი პოლიტიკური და მთელი ქვეყნის ცხოვრება, Game changer-იო რომ იტყვიან, სწორედ ასეთი ადამიანი არის. ყველა ის რეფორმა და საქმეები, რომელიც დავიწყეთ პირველი ოქტომბრიდან დღემდე, არის უპრეცედენტო თავისი მასშტაბით, შინაარსით და მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.