ავტორი:

კალაძე, გახარია, მელია - რატომ შეხვდნენ თბილისის მერი და ექსპრემიერი ერთმანეთს და ვის რა საარჩევნო შანსი აქვს?

კალაძე, გახარია, მელია - რატომ შეხვდნენ თბილისის მერი და ექსპრემიერი ერთმანეთს და ვის რა საარჩევნო შანსი აქვს?

მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერობისთვის ექსპრემიერი გიორგი გახარიაც იბრძოლებს, არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, არამედ ზოგადად, მომავალი არჩევნებისადმი ინტერესი ერთიორად გაიზარდა, თუმცა ვითარება საკმაოდ ქაოტურია. ცნობილი გახდა, რომ გახარია მერობაზე პრეტენზიის საჯაროდ გამოთქმამდე, კახა კალაძეს შეხვდა. ბუნებრივად ისმის კითხვა: რატომ შედგა ეს შეხვედრა?

"შეხვედრა იყო, რამდენჯერმე დამირეკა და მოითხოვა შეხვედრა ნებისმიერ ადგილზე, სადაც ვეტყოდი, თბილისის მერიაში შევხვდით, თუმცა არაფერი ისეთი, უბრალოდ მითხრა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატურის დაყენებას და ეს რომ არ გამეგო ტელევიზიიდან”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, გახარიას მხრიდან იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე. ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებთან ეს ინფორმაციაც უარყო და თქვა, რომ მმართველი გუნდი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის ყველაფერს აკეთებს”.

"კალაძის უკან დგას "ბოსების" უზარმაზარი რაზმი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა არის ღირსება, სამართლიანობა, რა არის ტყუილი, ღალატი", - განაცხადა გახარიამ.

"არ ვიცი რატომ შეხვდნენ გახარია და კალაძე ერთმანეთს. უბრალოდ, ერთი რეალობა ისაა, რომ ორივე კარგად ხვდება სამომავლოდ ერთმანეთი სჭირდებათ. გიორგი გახარიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც ეს სჭირდება, როგორც მას, ასევე ქვეყანას და მის პარტიას. მართალია მეორე ტური იქნება და გახარია გამარჯვებას ვერ შეძლებს, რადგანაც კალაძე და გახარია თუ დარჩნენ, მაინც კალაძის შანსები უფრო დიდია. მიუხედავად ამისა, გახარიას პარტია და გუნდის წევრები წელში გამართულები იქნებიან და ეცოდინებათ 2024 წლის არჩევნებისთვის რა შანსები ექნებათ. მეორეც - ეს პოლიტიკოსისთვის საკუთარი რეიტინგის და შესაძლებლობების გასაზომად კარგი ინდიკატორი იქნება. საბოლოო ჯამში რაც არ უნდა მოხდეს, მაინც მგონია, რომ კალაძეს და გახარიას ერთმანეთი სჭირდებათ. ცალ-ცალკე თუ ერთად, ორივეს ძალიან კარგი პოლიტიკური კაპიტალი აქვს. ქვეყანაში ახლა ისინი არიან ყველაზე რეიტინგული ფიგურები. ამიტომ, თუ ისინი გაერთიანდებიან 2024 წლისთვის, ამ ორპოლუსიან პოლიტიკურ ველს საერთოდ დაასრულებენ”, - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა.

გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ არსებობს მაღალი ალბათობა, რომ კალაძე მეორე ტურში ვერც გავიდეს.

"არსებობს მაღალი ალბათობა, რომ კალაძე მეორე ტურში ვერ გავიდეს.

რატომ? - მელიას ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი."ქართული ოცნების" + სამობილიზაციო ამომრჩეველში გახარიას მიმღებლობა უფრო მაღალია, ვიდრე კალაძის. ეს ჩანს პერსონალურ რეიტინგებში", - დაწერა მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილის შეფასებით, კალაძის მხარეს გარდა პირადი რეიტინგისა, ადმინისტრაციული რესურსია, რაც სერიოზული ფაქტორია. მისივე თქმით, ნიკა მელიას საკმაოდ სტაბილური "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი ჰყავს, კიდევ ცდილობს ზოგად ოპოზიციურ კანდიდატად წარმოჩინდეს; - ხოლო გახარია ის მოთამაშეა, რომელიც ამ ორპოლუსიანობაში მესამე პოლუსად არის შესული:

"წინ ეს სამეული რომ იქნება, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ პირველ, მეორე, მესამეზე ვინ გავა, ვინ გავა მეორე ტურში, ეს მთლიანად დამოკიდებულია, როგორც თითოეული მათგანის საარჩევნო კამპანიაზე, ასევე, რას გააკეთებს ხელისუფლება ამ ერთი თვის განმავლობაში. იგივე "ნაციონალური მოძრაობა" როგორ მოიქცევა, გახარია რა ნაბიჯებს გადადგამს. ყველაფერი ბოლო მომენტში გაირკვევა. რთულია გადაჭრით თქმა, გინდა თუ არა ეს ორი ადამიანი გავა და აქედან ერთ-ერთი მოიგებსო.

ფაქტია, გახარიას შემოსვლამ მეტი ინტრიგა შემოიტანა და თბილისის მერის არჩევნები გაცილებით საინტერესო გახადა.

  • ამ ეტაპზე რა შთაბეჭდილებას ტოვებს მიმდინარე საარჩევნო კამპანიები?

ზურაბიშვილის შეფასებით, ჯერჯერობით გახარია კარგად მიდის. მისივე დაკვირვებით, ძალიან ცდილობს ხელისუფლება მის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირებას და ამ თვალსაზრისით, ორმხრივი დარტყმის პირობებში იმყოფება ("ნაცმოძრაობა", მასთან ახლოს მყოფი ოპოზიციაც აკრიტიკებს და ხელისუფლებაც), მაგრამ ეს გახარიას რეიტინგზე მხოლოდ დადებითად აისახება.

"რადგან მისი ამომრჩეველი ძირითადად "ქართული ოცნების" ყოფილი ელექტორატია და კიდევ საზოგადოების მოყოყმანე ნაწილი, რომელსაც მკაფიო ორიენტირი არ აქვს. ამიტომ ეს ორმხრივი კრიტიკა მისთვის უფრო სასარგებლოა. თუ გახარია უფრო საინტერესოს გახდის საარჩევნო კამპანიას, არა ზოგადი საუბარი, - არც მიშა და არც ბიძინა, აგერ მეო, - თვითონ ქალაქის ურბანულ პრობლემატიკაზე საინტერესო პოზიტიური პროგრამები ექნება, შეიძლება კიდევ მეტი ხმებიც აიღოს.

გასაგებია, ხელისუფლება რასაც მიმართავს. სხვათა შორის, კალაძის კამპანია ცოტა განსხვავდება ზოგადი სახელისუფლებო კამპანიისგან. კალაძე ცდილობს უფრო ქალაქზე მზრუნველის და მერის იმიჯით წარმოდგეს. როცა ხელისუფლებას ყველაფერი იმაზე აქვს გადატანილი, აი, ჩვენ თუ არა, ისევ "ნაცები" მოვლენო.

ნიკა მელია ასევე ცდილობს პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს ეს ყველაფერი და სახელისუფლებო რეფერენდუმად წარმოაჩინოს, - ქვეყანა იღუპება და უნდა გადავარჩინოთო. ამ გზით მოძრაობენ და ამ მესიჯით ალბათ უფრო რადიკალ და ენმ-ს მომხრე ამომრჩეველს წაიყვანენ. ზომიერ ამომრჩეველთან ცოტა გაუჭირდება, ვინც არ მიიჩნევს, რომ ახლა აპოკალიფსი გვიდგას.

თუმცა ხელისუფლების და ღარიბაშვილის ბოლო განცხადებები ევროკავშირთან დაკავშირებით ძალიან შემაშფოთებელია და უკვე სხვა კითხვებს აჩენს. სერიოზულ ეჭვებს ბადებს ქვეყნის საგარეო ორიენტირებთან დაკავშირებით. ამან შეიძლება ხელისუფლება ძალიან დააზარალოს“.

  • ამ ფონზე, კალაძე-გახარიას შეხვედრა რა შთაბეჭდილებას ტოვებს?

დავით ზურაბიშვილის აზრით: "არც ერთი არ წვავს ერთმანეთთან მისასვლელ ხიდებს, სამომავლო ამბავია, რომ რაღაც კორექტული ურთიერთობები შეინარჩუნონ. უფრო ეს შთაბეჭდილება იქმნება“.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის საარჩევნო პროგნოზით, დიდი ალბათობაა, რომ პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვოს გამსვლელი ხმები. მისივე თქმით, იგივე 2016 წლის ადგილობრივი არჩევნებისას კალაძემ პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა, იმის მიუხედავად, რომ მაშინ "ქართული ოცნების" რეიტინგი მაღალი იყო, ვიდრე დღესაა:

"შესაბამისად, 2 ოქტომბერსაც ვერცერთი კანდიდატი 50%-ს ვერ გადალახავს, თუ, რასაკვირველია, არჩევნები დემოკრატიული გზით ჩატარდა. აუცილებელია აღინიშნოს, უკვე მეორე ტურში გადასვლის მეტი შანსი კალაძეს და მელიას აქვთ. კი ბატონო, გახარიას გარკვეული წონა გააჩნია, თუნდაც როგორც პიროვნებას; ქართველ პოლიტიკოსთა შორის მისი რეიტინგი (ენ-დი-აისა და აი-რაის კვლევები ავიღოთ) ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე იმყოფება.

მერიაში შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი შეიძლება ეს იყო - თუ მეორე ტურში კალაძე და მელია გადადიან, შესაძლებელია გახარიამ თავის მომხრეებს მოუწოდოს ხმა კალაძეს მისცენ, რადგან დღეს ქართულ ოცნებაში ძალიან შეშფოთებული არიან იმით, რომ გახარიას პარტიის რეიტინგი მაღალია, სადღაც 9-10%-ის ფარგლებში მერყეობს. მისი მომხრეები კი, ძირითადად, "ოცნების" ყოფილი მხარდამჭერები არიან. "ნაცმოძრაობას" თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს. ბუნებრივია, კალაძეც იყო ამ შეხვედრით დაინტერესებული. შესაძლოა კალაძემ წინასწარ მოამზადა ნიადაგი მასთან ამ შეხვედრით. ვფიქრობ, მეორე ტურში კალაძე და მელია იქნებიან“.

ავტორი: მერაბ ბერიძე