ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მმართველი პარტიის პოლიტბიუროში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებს მოუწოდა გადახედონ საკვების მიწოდების საკითხებს. მან ასევე ისაუბრა კლიმატის ცვლილების საფრთხეებზე.
აღსანიშავია, რომ ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კორეა საკვების უკმარისობას ებრძვის. გასულ წელს ქვეყანაში სასიცოცხლო მნიშვნელობის კულტურები ტაიფუნმა გაანადგურა, ხოლო გვალვის კვირებმა, რასაც ძლიერი მუსონური წვიმები მოჰყვა, ქვეყანაში კატასტროფა გამოიწვია.
ქვეყნის მეთაურის თქმით, საჭიროა "არანორმალური კლიმატის" დასაძლევად ზომების მიღება. მან მთავრობის წევრებს გვალვისა და წყალდიდობების წინააღმდეგ ბრძოლა მოსთხოვა. მისი თქმით, კლიმატის ცვლილების "საფრთხე" ბოლო წლებში გაიზარდა, რის გამოც საჭიროა "გადაუდებელი ზომების" მიღება.
ბუნებრივი კატასტროფების შედეგად მიყენებული ზიანის გარდა, ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა საერთაშორისო სანქციებმა, ასევე კოვიდის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საზღვრების ჩაკეტვამ.
ქვეყნის მთავრობა დღემდე ამტკიცებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ამ ცოტა ხნის წინ, გაერო - მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ Covid-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინის თითქმის 3 მილიონი ინექციის მიღებაზე უარი განაცხადა. მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სჯობს ვაქცინები უფრო დაზარალებულ ქვეყნებს გადასცენ. წყარო
მოამზადა თეონა რამაზაშვილმა