ავტორი:

"ექიმები პაციენტებს "შავ ბაზარზე" "ტოცილიზუმაბის" 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად მიმართავენ, ამის გამოძიება უნდა მოხდეს" - რა ცვლილებები იგეგმება კოვიდის მართვის პროტოკოლში

"ექიმები პაციენტებს "შავ ბაზარზე" "ტოცილიზუმაბის" 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად მიმართავენ, ამის გამოძიება უნდა მოხდეს" - რა ცვლილებები იგეგმება კოვიდის მართვის პროტოკოლში

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკები პრეპარატ „ტოცილიზუმაბის“ მარაგების შესახებ ინფორმირებულები არიან და მათ პრეპარატის შესაძენად არა პაციენტის ახლობლებს უნდა მიმართონ, არამედ შიდა მედიაციით მოიძიონ პრეპარატის თავისუფალი დოზები.

მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს სთხოვს ექიმებს მიაწოდონ სათანადოდ ინფორმაცია, რათა მათ პაციენტების ახლობლები „ტოცილიზუმაბის“ 4-ჯერ ძვირად შესაძენად ე.წ. „შავ ბაზარზე“ არ გაუშვან.

„თქვენ იცით, რომ სახელმწიფო პრეპარატ „ტოცილიზუმაბის“გამოყენების ხარჯებს ანაზღაურებს და ასევე, ისიც, რომ პრეპარატის შემსყიდვებელი ხართ თქვენ, კლინიკების ხელმძღვანელები. ძალიან ვწუხვარ, როცა სოციალურ ქსელში და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ჩვენ გვესმის, თუ როგორ მიმართავენ ამა თუ ინ კლინიკის ექიმები პაციენტებს „შავ ბაზარზე“ ამ მედიკამენტის 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ამ ფაქტით სხვადასხვა სტრუქტურები არიან დაინტერესებულები. მათ უნდა გამოიძიონ რატომ ხდება პაციენტების პატრონების იმ კრიტიკულ პერიოდში, როცა მათი ემოციური მდგომარეობა ყველაზე მაღალია, გაგზავნა შავ მომწოდებელთან თუ გამსაღებელთან. მათ 4-ჯერ ძვირად უწევთ ამ პრეპარატის შეძენა, მაშინ როცა ძალიან კარგად ვიცით, თუ რომელ კლინიკებშია მარაგი მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში ყველას აქვს საშუალება მიმართოს კოლეგა ექიმს, კოლეგა კლინიკას იმისთვის, რომ მოხდეს ამ პრეპარატის დაუყოვნებლივ მიწოდება ამ კლინიკისთვის და ამ მედიაციაში სამინისტროს მხრიდან ძალიან ხშირად ვართ ჩართულები.

მე ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთხელ, ნუღარ დაფიქსირდება მსგავსი ფაქტი. სამინისტრო ყოველთვის დგას თქვენ გვერდით და თუ ვერ ხდება ერთმანეთთან კომუნიცირება, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ეს პრობლემა პაციენტის სასარგებლოდ გადაიჭრას. შევეცადოთ, ექიმების დონეზე ჩავიტანოთ ეს ინფორმაცია. არ არის საჭირო პაციენტის პატრონებზე ემოციური ზემოქმედება, ეს არის ჩვენი ტვირთი, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და სწორედ ჩვენ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემები.

ამასთან, კიდევ ერთი ფაქტი, შარშანდელთან შედარებით, როცა ეს პრეპარატი არათუ საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზარზეც არ იყო და არ გამოიყენებოდა, ლეტალობის მაჩვენებელი გვქონდა იგივე, დღესაც ლეტალობის მაჩვენებლი არ შემცირებულა. დასკვნა არის ერთი - ეს პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ სწორად შერჩეულ პაციენტზე, სწორი დანიშნულებით. ეს არის კლინიკური ნაწილი და კლინიკურ ნაწილში როგორც საავადმყოფოს მენეჯმენტი, ასევე სამინისტროს მხრიდან მენეჯმენტი არ ერთვება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კარგი პრაქტიკა სამომავლოდაც იქნება შენარჩუნებული“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს კორონავირუსის მართვის პროტოკოლი და კონკრეტულად, რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს მასში.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსალოდნელია, რომ პროტოკოლში დაემატოს რამდენიმე მედიკამენტი, რომელსაც კორონავირუსის მკურნალობის პროცესში გამოიყენებენ.

„მთავარი მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პროტოკოლში ცვლილება, იქნება დამატებითი მონაცემები ამა თუ იმ მედიკამენტის ეფექტურობის შესახებ კოვიდპაციენტებში. დღეს მოსალოდნელია, რამდენიმე მედიკამენტი მეტად აქტიურად შემოვიდეს კოვიდის მართვის პროცესში. იყო საუბარი მონოკლინურ ანტისხეულებზე. სხვადასხვა მწარმოებელს ამაზე მუშაობა დაწყებული აქვს, ასევე რამდენიმე მედიკამენტია კვლევაში. თუ ამ მედიკამენტების ეფექტიანობა დადასტურდა, ეს აისახება ჩვენს პროტოკოლებში. ამაზე არიან კლინიკები მობილიზებული, რომ თუ სადმე არის იმედისმომცემი მკურნალობა, რომელსაც აღიარებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის და ევროპის მარეგულირებელი, ან სხვა ქვეყნის მკაცრი მარეგულირებელი, ის ჩვენს ქვეყანაშიც გაჩნდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.