ავტორი:

"ინფიცირების რაოდენობის კლებას, ჯერ ვერ მიჰყვება ლეტალობის შემცირება, ეს 2-3 კვირის შემდეგ მოხდება" - მარინა ეზუგბაია

"ინფიცირების რაოდენობის კლებას, ჯერ ვერ მიჰყვება ლეტალობის შემცირება, ეს 2-3 კვირის შემდეგ მოხდება" - მარინა ეზუგბაია

ახლანდელი ლეტალობის მაჩვენებელი არ არის დამოკიდებული არასწორად მართულ პაციენტებზე, ეს არის ადრე დაწყებული დაავადების რაოდენობის მატების გამოძახილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ინფიცირებულთა რაოდენობის კლებას ლეტალობის შემცირება ჯერ ვერ მოჰყვება და ამას 2-3 კვირის თავზე უნდა ველოდოთ. მისივე აზრით, ლეტალობის შესამცირებლად მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს მსუბუქ და საშუალო პაციენტებში დაავადების პროგრესირება და სანამ პაციენტების მკვეთრი დამძიმება მოხდება, სასურველია მათი კლინიკაში მოთავსება.

,,მეოთხე ტალღის დაწყებასთან ერთად დაიწყო გავრცელების მატება, რასაც მოჰყვება მაღალი სიკვდილობაც. შემთხვევების რაოდენობაზე არის დამოკიდებული მძიმე და კრიტიკული პაციენტების ხვედრითი წილი, როდესაც ხდება რაოდენობის მკვეთრი მატება, ასევე იზრდება მძიმე და კრიტიკული პაციენტები. ეს ის კანონზომიერებაა, რომელსაც ვერსად ვერ გავექცევით. ახლანდელი ლეტალობის მაჩვენებელი დამოკიდებული არ არის არასწორად მართულ პაციენტებზე, ეს არის გამოძახილი ადრე დაწყებული დაავადების რაოდენობის მატების. რაოდენობის მატებას თანდათან მოჰყვება ლეტალობის მაჩვენებლის მატება, მაგრამ რაოდენობის კლებას ჯერ ვერ წაჰყვება ლეტალობის შემცირება, ეს მოხდება 2-3 კვირის შემდეგ. დაავადების 80%-ში არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები, მაგრამ აქედან 15-20%-ში ხდება დაავადების პროგრესირება, პროგრესირების შემთხვევაში ეს უნდა შეფასდეს სწორად და პროგრესირების პროცესში, სანამ პაციენტების მკვეთრი დამძიმება მოხდება სასურველია მათი კლინიკაში მოთავსება. ეს არ არის დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია, უმეტეს ნაწილში ეს არის დაავადების პროგრესირება . ბუნებრივია, ერთეული შემთხვევები დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის იქნება, რაც შესაძლოა, დამოკიდებული იყოს როგორც საწოლების რაოდენობაზე, ასევე თვითონ პაციენტზე და მისი მდგომარეობის შეფასებაზე“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.