"ბატონ ღარიბაშვილს ვერც ვუსმენ, დადის რაიონ-რაიონ და იწყევლება", - ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც მელია აღნიშნავს, ყველა ადამიანი, "ვინც ბიძინა ივანიშვილის კარზე არ არის, მისი თავდასხმის ობიექტია“.
"სიმართლე, რომ გითხრათ, ბატონ ღარიბაშვილს ვერც ვუსმენ, ვიცი ამ ადამიანის ხელწერა. დადის რაიონ-რაიონ და იწყევლება. ყველა ადამიანი, ვინც არ არის ბიძინა ივანიშვილის კარზე, არის მისი თავდასხმის ობიექტი. წინა ხელისუფლება იქნება, იმის წინა ხელისუფლება, ჟურნალისტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მათივე ყოფილი გუნდის წევრები, თუ უცხოელი დიპლომატები, მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ადამიანი არის მათი მხრიდან შეტევის ობიექტი და მარტივად წყევლიან.
ამ დროს რა ხდება? ამ დროს ქვეყანაში, მათივე უსუსურობით და უუნარობით, რომელიც დანაშაულებრივია, ვერ დაიწყეს ტესტირება, ვერ დაიწყეს ვაქცინირება, ვერ აწარმოეს საინფორმაციო კამპანია ვაქცინაციისთვის, პირბადეები ვერ შეკერეს, წარმოგიდგენიათ? 10 მლრდ მიიღეს დახმარების სახით და ქვეყანაში არ გვაქვს ჟანგბადის მარაგიც კი. ხალხი გვეხოცება და დადის ეს ადამიანი და იწყევლება, ნორმალურია?! რაც უფრო მეტს ისაუბრებს ბატონი ღარიბაშვილი, პირდაპირპროპორციულად აისახება ოპოზიციის სასარგებლოდ ხმების თვალსაზრისით 2 ოქტომბერს“, - აღნიშნავს მელია.