ავტორი:

"1001 ქართული ორნამენტი": გაიცანით გოგონა, რომელმაც გორის ცენტრალურ მოედანზე უნიკალური კერამიკული პანო შექმნა - "ყველა ფილა სხვადასხვაა, ორ ერთნაირს ვერავინ ნახავს"

"1001 ქართული ორნამენტი": გაიცანით გოგონა, რომელმაც გორის ცენტრალურ მოედანზე უნიკალური კერამიკული პანო შექმნა - "ყველა ფილა სხვადასხვაა, ორ ერთნაირს ვერავინ ნახავს"

„1001 ქართული ორნამენტი“ - ეს პროექტი დიდი ხნის წინ იყო ჩაფიქრებული, რომელშიც დიდი შრომა, ემოცია და ენერგია ჩაიდო - ამბობს საოცარი იდეის ავტორი, თვითნასწავლი კერამიკოსი იმ უნიკალურ მხატვრულ პანოზე, რომლის 1001 ხელნაკეთი, ხელით მოხატული, კერამიკული ფილისგან შეიქმნა. დაინტერესებულ ადამიანებს უკვე შეუძლიათ გორში, ამილახვრის ქუჩაზე, გოგებაშვილის სკვერში ამის ნახვა, გულდასმით დათვალიერება და ამ საოცარი ნამუშევრით სიამოვნების მიღება. ირინა შოთაძეს იმედი აქვს, რომ გორელები. ქალაქის სტუმრები პანოს შეიყვარებენ და თითოეულ ფილას მოუფრთხილდებიან.

„ძალიან ბევრი მეკითხება - რატომ მაინცდამაინც 1001? ვპასუხობ - როდესაც ამ პროექტის იდეა გაჩნდა და ქართული ორნამენტების მოძიება დავიწყე, მათი ერთობლიობა წარმოვიდგინე, როგორ ზღაპრულ სანახაობას შექმნიდა. ამავდროულად, გაჩნდა კითხვები - რამდენი უნდა ყოფილიყო ეს ფილა და რა შეიძლებოდა, რქმეოდა... ამაზე პასუხი სიტყვა ზღაპარმა მომცა და რა თქმა უნდა, „1001 ქართული ორნამენტი,“ - აღნიშნავს ირინა შოთაძე, რომელიც იდეის დაბადების შესახებაც გვიყვება:

- წარმოშობით გორიდან ვარ, სადაც ზაფხულობით ჩავდიოდი ხოლმე. სულ ვფიქრობდი, ამ პატარა და ლამაზი ქალაქის კიდევ მეტად გასაფერადებლად რა იქნებოდა კარგი, რაც ახალ ფერებს, სიხალისეს შესძენდა და ეს ტურისტულად დატვირთული ქალაქის ცხოვრებაშიც ერთ ლამაზ შტრიხს შეიტანდა. ამასთან, რადგან კერამიკული პანოების, კომპოზიციების მიმართ, ინტერესი მქონდა და მიზიდავდა, ამიტომ მშურდა პორტუგალიის პანოების, ქვეყნის, სადაც კერამიკული საოცარი კომპოზიციებია შენობებზე. რატომ არ შეიძლებოდა, რაიმე ამ მიმართულებით ჩვენთანაც გაკეთებულიყო? მით უფრო, რომ აქ თიხაც მოიპოვება და ნიჭიერი კერამიკოსებიც არიან. მოკლედ, იდეა ასე მოვიდა, რომელიც თანდათან დაიხვეწა.

- და საბოლოოდ საოცარი ნამუშევარი შეიქმნა. რამხელაა პანო მოცულობით?

- 7/3-ზე - 21 კვადრატული მეტრი... ის გორის ცენტრალურ მოედანზე, ცენტრალურ ნაწილში, საჯარო სივრცეში გაკეთდა. მას ნახავენ როგორც ადგილობრივები და რეგიონის მაცხოვრებლები, ასევე გათვალისიწინებულია, რომ ტურისტებმაც ნახონ. ყველა ფილა სხვადასხვაა - ორ ერთნაირს იქ ვერავინ ნახავს.

- როდის დაიწყეთ მუშაობა?

- გასულ ზაფხულს ვმუშაობდით. მერე პანდემიამ შეგვაფერხა. ზამთრის პერიოდშიც გაკვრა არ არის სასურველი... მოკლედ, ამ ზაფხულს სამუშაოები აქტიურად განვაახლეთ და პროექტი აგვისტოს ბოლოს დავასრულეთ. მხარში დაგვიდგა გორის მერია - პროექტი მათი თანადაფინანსებით განხორციელდა, თუმცა ძირითადი თანხა ჩემი იყო.

- პროექტში რამდენი ადამიანი მონაწილეობდა?

- გორის სმახატვრო სკოლის დირექტორმა ახალგაზრდების გარკვეულ ჯგუფს, რამდენიმე მხატვარს რეკომენაცია გაუწია. ადამიანები მეც მოვიძიე, გუნდი შევიკარით. ძალიან სასიამოვნო იყო ის პროცესი, როცა ვმუშაობდით. გარდა ამისა, უამრავი ტექნიკური საკითხის მოგვარებში არაერთი პიროვნება დაგვეხმარა. ასე რომ, პროექტში დიდი შრომა და ენერგიაა ჩადებული. ვერ წარმოიდგენთ, გორის მერიის თანამშრომლებმა რამდენი იშრომეს, ჩემი ძმაც კი მეხმარებოდა.

- ე.ი. ქართული ორნამენტები თქვენი იდეაა?

- კი, ასეა და ამისთვის გამოვიყენეთ თითქმის ყველა ქართული ქსოვილი, ანბანი, ლურჯი სუფრაც, - თუკი რაიმე არის საქართველოში, ვეცადე, ყველაფერი შემეკრიბა და ფილებზე დაგვეტანა.

- ტექნოლოგიური პროცესი რთულია?

- ეს არის თეთრი თიხისგან დამზადებული კერამიკული ფილა, რომელიც ხელით არის მოხატული. ფილები ჩემი ხელით მე დავამზადე. ყალიბის შემდეგ საჭიროა, გაშრობა, გამოწვა, მერე იხატება, იჭიქება და ისევ იწვება. მინდა, ყველამ გაითალისწინოს, რომ ამ ნამუშვარს მოუფრთხილდნენ. ძალიან მყარია, თუ ჩაქუჩით არ მიხვედი მის დასაზიანებლად და არ ურტყი, ფილას არაფერი მოუვა. რაც შეეხება ქართულ ორნამენტს, რაღაცნაირი პლასტიკურობა, სისადავე აქვს და განსხვავებული ემოცია მოაქვს. ფერსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. საოცარია, როცა ერთი ორნამენტის უამრავი ფერით გამოსახვა და გამრავალფეროვნება შეგიძლია, ანუ ეს ყველაფერი ცოცხალია... ძალიან ბევრი ფერი გამოვიყენეთ.

- თვითნასწავლი კერამიკოსი ვარო, აღნიშნეთ. სხვა პროფესიაც ხომ არ გაქვთ?

- ჯიპაში ფსიქოლოგიას ვსწავლობდი, პარლელურად კერამიკით ვიყავი გატაცებული - თვითონ ვსწავლობდი, საკუთარი შეცდომები, სპეციალური ლიტერატურა მეხმარებოდა. თუმცა თავიდან ამ საქმეს, რომელიც დღეს ჩემი საყვარელი სამსახურია (მაქვს ჩემი სახელოსნო), სერიოზულად არ ვუყურებდი, არც ვფიქრობდი იმაზე, თუ ეს სფერო ასე სერიოზულ ამბად იქცეოდა.

- ალბათ ბავშვობიდან ხატავდით?

- კი, მაგრამ მშობლებმა ეტყობა, თავის დროზე სერიოზულად არ ჩათვლეს, რომ ეს საქმე მეტად განმევითარებინა, ამიტომ ხატვა პედაგოგთან არ მისწავლია... ეს ფილები, სხვა მხატვრებთან ერთად, ჩემი მოხატულიც არის... მოზარდობის პერიოდიან ზუსტად არ ვიცოდი, რა იყო ის, რაც სამომავლოდ უნდა მეკეთებინა, საკუთარ თავს ვეძებდი, მაგრამ ერთი, რასაც ვგრძნობდი, რასაც შემდეგში გავაკეთებდი, ხელებთან იყო დაკავშირებული. ნამდვილად ვგრძნობდი, ჩემი ენერგია ხელებში იყო. არ ვიცი, როგორ, საიდან, მაგრამ ეს ინტუიციურად ხდებოდა. არ მინდოდა, ყოველდღიური, საოფისე საქმინობა მქონოდა, რომელშიც შემოქმედებითი ადამიანი, მიმაჩნია, რომ იკარგება. მოკლედ, სანამ კერამიკამდე მივიდოდი, სულ ვეძებდი, რა უნდა გამეკეთებინა ისეთი, რისი კეთებაც მეყვარებოდა. ვიპოვე და მიყვარს!