ფოტოსთვის, რომელსაც სტატიის დასაწყისში ხედავთ, დარმწუნებულები ვართ, რომ სოციალურ ქსელებში ერთხელ მაინც მოგიკრავთ თვალი. ის მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა პოპულარული და მისი შთაგონებით არაერთი სახალისო მიმი შექმნილა.
თუმცა ბევრმა არ იცის, ვინ არის მასზე რეალურად აღბეჭდილი და როგორ იქცა უნგრელი ელექტროინჟინრის სურათი ინტერნეტ მომხმარებელთა საყვარელ მიმად.
სურათზე უნგრელი ელექტრო ინჟინერი, ანდრას არატოა აღბეჭდილი, რომელიც ახლა 76 წლისაა. სწორედ ამ ფოტოს წყალობით ის მოდელი და სხვადასხვა სოციალური კამპანიის სახე გახდა. ფოტომ და მასზე აღბეჭდილმა არატოს ყალბმა ღიმილმა პოპულარობა ჯერ კიდევ 2011 წელს მოიპოვა და დღემდე არ კარგავს აქტუალობას.
მისივე თქმით, თავდაპირველად გავრცელებული ფოტო 2010 წელსაა გადაღებული, თუმცა სოციალურ ქსელებში ყურადღება 2011 წელს მიიპყრო.
"ეს ფოტო 2010 წელსაა გადაღებული მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ელექტრო ინჟინრად ვმუშაობდი, სოციალურ ქსელებში კი ერთი წლის შემდეგ გავრცელდა. სურათის ისტორია ასეთია - მას შემდეგ, რაც პროფესიონალმა ფოტოგრაფმა "ფეისბუქში“ ჩემი ფოტოები ნახა, დამიკავშირდა. მითხრა, რომ ჩემი გარეგნობის ადამიანს ეძებდა და სურდა Stock-სთვის ფოტოები გადაეღო. მე ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ვიღაცამ ჩემთვის სურათების გადაღება მოინდომა.
ფოტოსესიაზე ბუდაპეშტში, ჩემს სახლთან ახლოს მივედი და ფოტოები რამდენიმე სხვადასხვა ადგილას გადავიღეთ. მან თავისი ფოტოკოლექციისთვის ორი წლის განმავლობაში ასობით სურათი გადამიღო. ვფიქრობდი, რომ მათ ბიზნესისთვის, ვებგვერდებისთვის გამოიყენებდნენ, მაგრამ მიმები თუ გახდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი.
ადამიანები ჩემს ფოტოებზე აკეთებდნენ წარწერებს - წერდნენ, რომ ასე გამოიყურებოდნენ მაშინ, როცა ცოლმა მიატოვათ, ზოგი წერდა, რომ ასე გამოიყურებოდნენ მაშინ, როცა მათი საბანკო ანგარიში დაცარიელდა.
მას შემდეგ, რაც მიმები მსოფლიოში გავრცელდა, ჟურნალისტები ჩემით დაინტერესდნენ და ინტერვიუებს მთხოვდნენ.
ჩემს ცოლს ეს ყველაფერი სძულდა, ის ფიქრობდა, რომ ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში ერეოდონენ და არ მოსწონდა, რომ ჩემმა ფოტოებმა მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა.
ხალხს ეგონა, რომ მე ნამდვილი ადამიანი არ ვიყავი და რომ ეს ფოტოები ხელოვნურად, ფოტოშოპით იყო შექმნილი. ვიღაცები მწერდნენ და მეუბნებოდნენ, რომ შევხვედროდი და დამემტკიცებინა, რომ ნამდვილი ადამიანი ვიყავი.
ვიცოდი, რომ შეუძლებელი იყო ხალხი შემეჩერებინა და მიმები აღარ გავრცელებულიყო, მაგრამ მაინც, ძალიან მაღიზიანებდა, რომ "ფეისბუქზე“ გვერდები, ასობით ათასი გამომწერით, ჩემს ფოტოს სხვადასხვა სახალისო წარწერით აქვეყნებდნენ.
მივხვდი, სულელი ვიქნებოდი, რომ ეს პოპულარობა არ გამომეყენებინა, ამიტომაც, 2017 წელს შევქმენი საკუთარი გვერდი "ფეისბუქზე“, სადაც დავიწყე სხვადასხვა მოგზაურობის შესახებ ამბებისა და ვიდეოების გამოქვეყნება“, - ამბობს ანდრას არატო.
ანდრას არატო სხვადასხვა კომპანიის სარეკლამო სახე გახდა და მისი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, უფინანსებდნენ მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყანაში, უძღვნიდნენ სიმღერებს და უნგრული კომპანიების დიდ ნაწილს სურდა, რომ არატო მათი სახე გამხდარიყო.
"მალე სხვადასხვა რეკლამაში შემომთავაზეს მონაწილეობა. როდესაც რეკლამებიდან თანხას ვიღებდი, ჩემი ცოლის განწყობა ჩემი მიმებისადმი სრულად შეიცვალა.
ჩემი ცხოვრება ახლა სულ სხვაგვარია. ადამიანები მთხოვენ, რომ ჩემი ამბავი ვუამბო, წამიყვანეს ჩემპიონთა ლიგის მატჩის სანახავად ინგლისში და ჩემთვის სპეციალური ტური მოაწყვეს, უნგრულმა როკ-ჯგუფმა ჩემს პატივსაცემად დაწერა სიმღერა - Hide the Pain და მათ ვიდეორგოლში მეც ვარ.
ვარ მენტალური ჯანმრთელობის სერვისის სახე. მე ახლა ამაყი ვარ იმით, რომ ბევრ კარგ რამეს ვაკეთებ და ეს ფოტო არ დარჩა მხოლოდ ერთ იდიოტურ ღიმილად.
ვფიქრობ, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ“, - ამბობს ანდრას არატო.