ავტორი:

"იმედია, მალე გაივლის ეს პერიოდი და დამოუკიდებლად ვივლი..." - თინა ხიდაშელი პოსტკოვიდურ მდგომარეობაზე

"იმედია, მალე გაივლის ეს პერიოდი და დამოუკიდებლად ვივლი..." - თინა ხიდაშელი პოსტკოვიდურ მდგომარეობაზე

“ახლა უკვე იმ ეტაპზე ვარ, რომ მეც მჯერა, ყველაფერი კარგად დასრულდება, თუმცა ამის დაჯერების ფაზა სულ ცოტა ხნის წინ დადგა", - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა "მთავარი არხის" ეთერში საუბრისას აღნიშნა. მანვე საზოგადოებას უამბო თავისი მდგომარეობის შესახებ, იმაზე, თუ როგორ წარიმართა პოსტკოვიდური მკურნალობა, როგორ გრძნობს ახლა თავს. ამასთან, ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას პანდემიასთან ბრძოლაში.

"ჩემი გადაპარსული თავი მეც მომეწონებოდა, სხვა მიზეზით რომ გადამეპარსა, სტილიტის რჩევით, ან რაიმე სხვა მიზეზით, მაგრამ იმედია, ამასაც ეშველება და იმედია, ყველაფერი ნორმალურად დასრულდება და დასრულდება სწრაფად იმიტომ, რომ უკვე შვიდი თვე გავიდა და გარდა იმისა, რომ მჭირდება ფიზიკური რეაბილიტაცია, შვიდი თვე ძალიან რთულია შენ თავს მუდმივად შეძახილის მდგომარეობაში ამყოფებდე - არ უნდა დაეცე, არ უნდა დამარცხდე, არ უნდა დანებდე, სულ კარგ ხასიათზე უნდა იყო, სხვებისთვის, შენი ოჯახის წევრებისთვის უნდა იყო კარგ განწყობაზე, რომ ეს სიმძიმე არ გავრცელდეს და ყველა ამ უბედურების ნაწილი არ იყოს.

იმედია, მალე გაივლის ეს პერიოდი და დამოუკიდებლად ვივლი, ჩართვით აღარ ვიქნები და სტუდიაში მოსვლას შევძლებ", - ამბობს ხიდაშელი.

  • მისივე თქმით, ვიდრე კოვიდით დაინფიცირდებოდა, ონლაინრეჟიმში მუშაობდა, თუმცა ერთი საათით მოუწია გასვლა, რა დროსაც ვირუსი გადაედო.

“თუკი არსებობდა რაიმე სახის რეკომენდაცია ვინმეს მიერ გაცემული, ქართველების, ამერიკელების, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ვისიც გნებავთ, აბსოლუტურად, ყველა წესის დაცვით ვცხოვრობდით იმ მომენტისთვის მე და ჩემი ოჯახის წევრები. სახლიდან არ გავდიოდით, მთელი ჩემი ცხოვრება ონლაინრეჟიმში მქონდა გადატანილი და მხოლოდ ერთი საათით მომიწია სახლიდან გასვლა და როგორც ჩანს, ვიღაცასთან კონტაქტში დავინფიცირდი და შემდეგ უკვე ჩემგან დაინფიცირდნენ ოჯახის დანარჩენი წევრები.

სამწუხაროდ, მაშინ აცრა არ არსებობდა საქართველოში, არანაირი პრეპარატი არ იყო იმ დროისთვის შემოტანილი. ოჯახში იმასაც კი ვსაუბრობდით, სადმე ხომ არ წავსულიყავით ასაცრელად, თუ აცრა ჩვენს ქვეყანაში არ შემოვიდოდა. იმ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ბევრი მოქალაქე სწორედ ასე მოიქცა და აცრები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიკეთეს. შემდეგ, როდესაც გერმანიაში სარეაბილიტაციო კურსზე ვიყავი, იქ ამცრეს პირველად.

არცერთი წამით მაყურებელს არ მინდა შთაბეჭდილება დარჩეს, რომ პირბადე არ არის მნიშვნელოვანი, ან სხვა წესების დაცვა.

ვისთანაც მისაუბრია ამ თემაზე, ვინც სკეპტიკურად არის განწყობილი, ყველას ერთს ვეუბნები - ერთადერთი კითხვა დაუსვან საკუთარ თავს, არა ის, ვირუსი შეეყრება თუ არა, ეს არარელევანტური შეკითხვაა, არამედ ის - ცოცხლები გადარჩებიან თუ არა.

  • მთავარი შეკითხვა, რომელიც ჩვენ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ აცრასთან დაკავშირებით ასეთია - გვინდა თუ არა, გვიღირს თუ არა იმ ტანჯვის წინაშე საკუთარი თავის დაყენება, იმ ჯოჯოხეთის გამოვლა, რომელიც ძალიან ბევრმა ჩვენგანმა გაიარა ამ ინფიცირების პროცესში.

ორი თვის წინ საერთოდ ვერ დავდიოდი, ვერ ვდგებოდი ჩემით, ეტლში ვიყავი, ახლა უკვე ჯოხებით სიარული შემიძლია, მაგრამ დამოუკიდებლად სიარული - ჯოხების, ან ვინმეს დახმარების გარეშე, არა. ოთახის დისტანცია არის ერთადერთი, რომელიც შემიძლია გავიარო, მაგრამ წარმოიდგინეთ, ერთი ოთახის დისტანცია არის ის დინსტანცია, რომელიც საოცრად მღლის და იმის იქით აღარ შემიძლია დამოუკიდებლად მოძრაობა.

აცრის შემდეგ არანაირი გართულება არ გვქონია, არც მე, არც დათოს, არც ბავშვებს. ერთადერთი რა პრობლემაც მქონდა, ამ ხელს, რომელზეც ამცრეს, ბოლომდე ზევით ვერ ვწევდი ორი დღის განმავლობაში, პირველ დღეს ცოტათი ზედმეტად მეძინა", - ამბობს თინა ხიდაშელი.