ავტორი:

"საქართველოში იქნება მე-5 ტალღა, მაგრამ არა ისეთი მძიმე, როგორც მე-4... უახლოეს დღეებში შემოვიტანთ ახალ მედიკამენტებს" - რა პროცესებს პროგნოზირებს ცერცვაძე და რას საყვედურობს მთავრობას

"საქართველოში იქნება მე-5 ტალღა, მაგრამ არა ისეთი მძიმე, როგორც მე-4... უახლოეს დღეებში შემოვიტანთ ახალ მედიკამენტებს" - რა პროცესებს პროგნოზირებს ცერცვაძე და რას საყვედურობს მთავრობას

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში მე-5 ტალღა იქნება, მაგრამ არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც მე-3 და მე-4 ტალღა იყო. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ეპიდვითარების ყველაზე მძიმე დღეები უკვე გადავიტანეთ.

“მე-5 ტალღა საქართველოში ალბათ იქნება, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში იქნება, მაგრამ არ მგონია იყოს მძიმე. მე მაინც მგონია, რომ ყველაზე მძიმე დღეები უკვე გადავიტანეთ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს, ის რომ წამოგვეწევა ვაქცინაცია. სანამ მე-5 ტალღა იქნება, სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა იქნება მეტი, ეს არის ერთ-ერთი დამცავი ბარიერი, რომ ჩვენთან მე-5 ტალღა იყოს შედარებით რბილი.

ასევე ის, რომ საზოგადოებამ სერიოზული გამოცდილება მიიღო მე-4 ტალღის დროს, სიცოცხლის ძალიან დიდი დანაკარგები გვქონდა და მეტად გავუფრთხილდებით ერთმანეთს. მედიცინა მუდმივ პროგრესშია, ჩნდება ახალ-ახალი მედიკამენტები, მთავრდება ზოგიერთი მედიკამენტის კლინიკური კვლევა, რომელიც ეფექტურია უფრო მეტად, ვიდრე დღეს არსებული და საქართველო იქნება, გპირდებით, ერთ-ერთი პირველი, რომელიც შემოიტანს და ესეც გააუმჯობესებს გამოსავალს.

ყველაფერი ეს მაფიქრებინებს, რომ პროგნოზი არის საიმედო, რათა ვიყოთ იმედიანად. მე-5 ტალღა იქნება, მაგრამ არა ისეთი როგორიც მე-3 და მე-4 ტალღა”, - განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაიწყო გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობის კლებაც.

„რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, როგორც მოსალოდნელი იყო, დაიწყო გარდაცვალების შემთხვევების კლებაც. პაციენტი როდესაც ინფიცირდება, ლეტალური შედეგი დგება 2-3 კვირის შემდეგ, შესაბამისად, გარდაცვალების პიკი 2-3 კვირით იგვიანებს ახალი შემთხვევების მატების პიკთან მიმართებით. ასევე გარდაცვალების შემთხვევების კლებაც იგვიანებს ახალი შემთხვევების კლების დაწყებიდან 2-3 კვირით. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მივაღწევთ ახალი შემთხვევების კლებას“,- განაცხადა ცერცვაძემ.

გარდა ამისა, ცერცვაძე ეხმაურება კრიტიკას, რომლის მიხედვითაც საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტია. იგი ვახტანგ კალოიანს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ყველაფერს საზღვარი აქვს.

„წელიწადნახევარზე მეტი გავიდა და არც ერთი ავადმყოფი არც ერთი მედიკამენტის გარეშე არ დარჩენილა, მხედველობაში მაქვს საბაზისო საშუალებები. თორემ ზოგიერთი იშვიათი მედიკამენტების დეფიციტი, რომელიც ძნელად იშოვება, მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოშია. დღესაც სამედიცინო დაწესებულებებს მედიკამენტებით აბსოლუტური, 100%-იანი მომარაგება აქვს. ყურადღება მახვილდება „ტოცილიზუმაბზე“, რომელსაც სამართლიანად შეერქვა სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტი, ჩასაფრებული ადამიანები, ბატონი ვახტანგ კალოიანი და მისი გუნდი, თანამზრახველები, ავრცელებენ ინსინუაციებს, რომ „ტოცილიზუმაბი“ არის გადამრჩენი მედიკამენტი და ქვეყანამ არ იზრუნა მისი საკმარისი რაოდენობით შემოტანაზე. მინდა მივმართო ბატონ ვახტანგს და მის თანამოაზრეებს, ადამიანს მინიმალური თავმოყვარეობა მაინც უნდა ჰქონდეს. ყველაფერს საზღვარი აქვს. „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა დავიწყეთ ჩვენ, როდესაც ჯერ კიდევ არავის სჯეროდა ამ მედიკამენტის, ეს იყო გასული წლის გაზაფხულზე. ბატონი კალოიანი და მისი გუნდი მუდმივად გვაბულინგებდა, რომ ცერცვაძე და მისი გუნდი ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ისინი უნდა გავუშვათ ციხეში. მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ ირწმუნა, რამდენიმე თვის წინ, რომ „ტოცილიზუმაბი“ მართლა გადამრჩენელი მედიკამენტი ყოფილა, ბატონი კალოიანის გაყინულ გონებამდეც მიაღწია ამ სიახლემ, ახლა გამოჩნდნენ „ტოცილიზუმაბის“ დამცველები, კალოიანს ყოფნის სინდისი, თქვას, რომ სახელმწიფოს არ შემოაქვს „ტოცილიზუმაბი“ საკმარისი რაოდნეობით“, - განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა სექტემბრის შუა რიცხვებიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა და ასევე სხვა გარკვეული რეგულაციების მოხსნა. თუმცა, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პირბადის ტარებაზე მკაცრი კონტროლი განხორციელდეს. ცერცვაძის განცხადებით, პირბადეს ატარებს მოსახლეობის მხოლოდ 50%.

„ერთადერთი, რაშიც მთავრობას ვადანაშაულებ, არ არის შესაბამისად მკაცრი კონტროლი ამ რეგულაციების აღსრულებაზე და მთავრობა იჩენს სირბილეს, ჰუმანურობას ადამიანების მიმართ, თითქოს ისევ ამ ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის სწორი, უნდა იყოს მკაცრი აღსრულება და თუ ეს ასე იქნება, ახალი შემთხვევების და სიკვდილიანობის შემთხვევების კვლება იქნება შეუქცევადი, მითუმეტეს, რომ ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველოში უახლოეს დღეებში, შემოვიტანოთ ახალი მედიკამენტები, რომელიც ჯერ კიდევ კვლევას გადიან, არ არის ოფიციალურად დაშვებული, რომელიც გააუმჯობესებს ავადმყოფების გადარჩენას.

ჩემი პირადი, მაგრამ მყარი აზრია, რომ ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რაოდენობა დაიკლებს და ჩვენ საშუალება გვექნება, რომ სადღეც სექტემბრის შუა რიცხვებიდან შევამსუბუქოთ შეზღუდვები, ოღონდ ჩემი პოზიცია იყო და რჩება, შევამსუბუქოთ შეზღუდვები, მაგრამ გავამკაცროთ იმ რეგულაციებზე აღსრულების კონტროლი, რომელიც რჩება, მხედველობაში მაქვს პირბადეების ტარება. ჩვენ პირბადეების ტარებას კარგა ხანს ვერ შევამსუბუქებთ, ჩვენ კი არა, სრულად ვაქცინირებულმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს პირბადეებზე უარის თქმა. ხალხმრავალი შეკრებები, სოციალური დისტანცირება, პირბადე, ამის გარდა ყველა სხვა შეზღუდვა შეიძლება შემსუბუქდეს, მაგალითად, გაიხსნას მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიწყოს სწავლება სკოლაში და აშ. მაგრამ უნდა გაძლიერდეს კონტროლი შეზღუდვების შესრულებაზე და გაძლიერდეს ვაქცინაციის პროცესი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.