ავტორი:

"აბსოლუტურად სამარცხვინო კაცი. მიჩვეული ვართ მისგან წინასაარჩევნო საჩუქრებს, მაგრამ ასეთი საჩუქარი, მაინც უნიკალურია" - კობახიძე სააკაშვილს პასუხობს

"აბსოლუტურად სამარცხვინო კაცი. მიჩვეული ვართ მისგან წინასაარჩევნო საჩუქრებს, მაგრამ ასეთი საჩუქარი, მაინც უნიკალურია" - კობახიძე სააკაშვილს პასუხობს

ჩვენ სააკაშვილისგან მიჩვეული ვართ ზოგადად წინასაარჩევნო საჩუქრებს, მაგრამ ასეთი საჩუქარი ალბათ, მაინც უნიკალურია. დაახლოებით 7%-იანი შეიძლება იყოს ეს საჩუქარი, რაც გაგვიკეთა დღეს სააკაშვილმა, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა.

მისივე თქმით, სააკაშვილის აღნიშნული განცხადება რიგით მეშვიდე ანონსია საქართველოში დაბრუნების შესახებ და როგორც წინა შემთხვევებში ის ჩამოსვლას ვერც ახლა მოახერხებს.

„რა თქმა უნდა, არასერიოზულია. უკვე მეშვიდე ანონსია გაკეთებული საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ქვეყნის არევასთან დაკავშირებით, ვერცერთხელ მან ეს ვერ მოახერხა და ბუნებრივია, ვერც ამ შემთხვევაში მოახერხებს ამას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, სააკაშვილის განცხადებები "ოცნების" მხარდამჭერების კიდევ უფრო მობილიზებას შეუწყობს ხელს.

"ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადებები იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც დღემდე ქართულ პოლიტიკაში ახორციელებს ქართველი ხალხისთვის მოპარული ფულის ინვესტირებას. მას აქვს ასეულობით მილიონი წაღებული საქართველოდან და დღემდე აბანდებენ ამ ფულს ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ეს ინვესტიციებიც არის წარუმატებელი, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო კაცი, თავისი სამარცხვინო პოლიტიკური პარტიით და მისი განცხადებების მნიშვნელობა არის ერთადერთი, საჩუქარი "ოცნებისთვის", ეს რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი მხარდამჭერების კიდევ უფრო მობილიზაციას. რომ ჩამოვიდეს, ის მოხვდება სათანადო დაწესებულებაში", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს. „პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და ასევე მინდა მოვუწოდო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს - ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა - ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში!“ - განაცხადა სააკაშვილმა.