დანია ევროპაში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც 10 სექტემბრიდან ყველა კოვიდრეგულაცია მოიხსნება და ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება...
"დანიამ თანწყობილი ხერხებითა და, რაც მთავარია, იმით, რომ აცრილია მოსახლეობის თითქმის 85%, მიაღწია იმას, რომ გარდაცვლილია მხოლოდ 2580 კაცი (თუმცა ესეც ძალიან დიდი რიცხვია). იქ ორი მილიონით მეტია მოსახლეობა და ჩვენთან უკვე რამდენი გარდაცვლილი გვყავს?!.. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და თვალის დახუჭვა არ შეიძლება!" - ამბობს დანიაში მოღვაწე ქართველი ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე.
- დანიის მთავრობამ ვირუსის გავრცელებისთანავე ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა, ამას მოჰყვა სხვადასხვა ღონისძიება. ეფექტიანად იმუშავეს ევროპის სხვა ქვეყნებშიც.
- თუმცა სხვა ევროპულ ქვეყნებს ჯერ არა აქვთ ასეთი კარგი შედეგი.
- დიახ, დანიის წარმატებას განაპირობებს მრავალი ფაქტორი: სახელმწიფო და ჯანდაცვის სტრუქტურები, ხალხის შეგნების დონე, ნდობა ჯანდაცვის და საერთოდ თანამედროვე მედიცინისადმი, აცრილთა დიდი რაოდენობა... დანიაში აცრის მოწინააღმდეგეები მოსახლეობის მხოლოდ ათი პროცენტია. აცრილებს შორის თითქმის არ არის ეს დაავადება და თუ არის, იმდენად მსუბუქად, რომ ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება! უკვე მესამე აცრა - ბუსტერი იწყება.
დანიაშიც ერთხანს ძალიან რთული ვითარება იყო, მაგრამ ჯანდაცვის სისტემას დიდი დაწოლა არ ჰქონია. თითქმის ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა, გარდა გეგმური ოპერაციებისა... ხალხი გონივრულად იქცეოდა და ამანაც იმოქმედა. ოპოზიცია აქაც მწვავედ აკრიტიკებდა ხელისუფლებას, თუმცა ხელს არ უშლიდნენ მუშაობაში.
- თქვენ ერთდროულად დანიაშიც მუშაობთ და საქართველოშიც... რა გაკეთდა სწორად დანიაში და რა ვერ შეძლეს საქართველოში?
- ჩემი მუშაობა საქართველოში იმით შემოიფარგლება, რომ ექიმებსა და პაციენტებს ვეხმარები. ორი წელია საქართველოში არ ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან დიდხანს იყო მკაცრი შეზღუდვები, რამაც თავიდან კარგი შედეგი მოგვცა. თუმცა მეტხანს ქვეყანა ვერ გაუძლებს შეზღუდვებს და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. დანიაში, ვინც სამსახურები დაკარგა, სახელმწიფო ძალიან დაეხმარა. ამ ქვეყანას უზარმაზარი რესურსი აქვს, ჩვენი კი ამდენს ვერ შეძლებს. საქართველოში შეზღუდვების მოხსნამ განაპირობა ინფიცირებულთა მატება. ცოტა ხანს უნდა გადავეჩვიოთ დიდ სუფრებს, ერთმანეთის გადაკოცნა-ჩახუტებას და ასე შემდეგ... დანიაში კომპეტენტური სპეციალისტების, რჩეული პროფესორების საინფორმაციო მასალას გვაწვდიდნენ. შემთხვევითი ვინმე ვერც ტელევიზიით გამოდიოდა და ვერც მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. ძალიან კონკრეტული, მკვეთრი საინფორმაციო კამპანია იყო და ვერავინ გაბედავდა ანტივაქსერებისთვის ეთერის დათმობას.
პროფესიული და კლინიკური თვალსაზრისით საქართველოშიც არის კომპეტენტური მართვა, მაგრამ თავი იჩინა ჩვენი ხალხის თავისებურებებმა, როგორიცაა უნდობლობა მეცნიერებისა და მედიცინის მიმართ. გააგრძელეთ კითხვა