24 აგვისტოს 80 წლის ამირან პაპუაშვილი საკუთარ სახლში მოკლეს. რუსთავში მომხდარი საზარელი მკვლელობის ჩამდენი დოდო ჯანგულაშვილი სამართალდამცველებმა იმავე დღეს დააკავეს. 23 წლის ქალის ჩვენებით, დანაშაულის მოტივი პენსიის მითვისება იყო. ბრალდებულმა ასევე აღიარა, რომ მოხუცი ჩაქუჩით მოკლა.
"კურიერის“ მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ჩვენებაში დოდო ჯანგულაშვილი წერს:
"გრძელტარიანი მეტალის ჭურჭელი, ე.წ. "კრუშკა“ ავიღე მარცხენა ხელით და ამირან პაპუაშვილს თავში ჩავარტყი. ამირანმა წამოიწია და წამოდგომა სცადა, რა დროსაც ინერციით გამოიწია ჩემსკენ და ხელებით დამიწყო ტანზე და ფეხებზე მოჭიდება. ვინაიდან მე ვიყავი აღელვებული და მინდოდა მისი მოშორება, ავიღე იქვე იატაკზე დაგდებული ჩაქუჩი, რომელიც მოვუქნიე და ჩავარტყი თავში. რა დროსაც ამირანის თავიდან იფექთა სისხლმა და ის მოწყვეტით დაეცა გულმ-მკერდით და ჩაემხო იატაკზე დაყრილ არეულ ნივთებში“.
ბრალდებულმა დაკითხვის დროს ასევე აღიარა, რომ მომხდარის შემდეგ მკვლელობის იარაღი აიღო და სახლი რამდენიმე წუთში დატოვა. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენას უარყოფს, თუმცა ჩვენების ავთენტურობას ადასტურებს.
ქალს ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე ჰყავს და რუსთავში ამირან პაპუაშვილის მეზობლად ბოლო 2 თვის განმავლობაში ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, ის ფულის სასესხებლად ჯერ მათთან მივიდა და უარის მიღების შემდეგ, ამირან პაპუაშვილს ესტუმრა.
მარტოხელა მოხუცი პენსიისა და სახელმწიფო დახმარების იმედად ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, ამირან პაპუაშვილი საკუთარი პენსიით უპატრონო ძაღლებს აპურებდა.