ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ანჯელინა ჯოლიმ The Guardian-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, ყოფილ ქმართან, ბრედ პიტთან ურთიერთობასა და პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.
მისი თქმით, 1998 წელს, ფილმ Playing By Heart-ის გადაღებებზე ვაინშტაინმა სასტუმროს ნომერში "საქმიან შეხვედრაზე" დაიბარა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. ჯოლიმ შეძლო მოძალადისგან თავის დაღწევა და მას შემდეგ ვაინშტაინის არცერთ ფილმში აღარ უთამაშია.
ამბობს, რომ ამ ფაქტის შესახებ ყველაფერი იცოდა ბრედ პიტმა, თუმცა 2009 წელს "უსახელო ნაბიჭვრებში" თამაშს დათანხმდა, ფილმის პროდიუსერი სწორედ ვაინშტაინი იყო.
"ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო ამ ამბის გაგება. საშინლად ვიჩხუბეთ. რა თქმა უნდა, მტკივა... ვიგრძენი, რომ ბრედმა გააუფასურა ის ტკივილი და ტრავმა, რომელიც სექსუალური ძალადობის მცდელობამ მომაყენა. ის ბედნიერი იყო ვაინშტაინთან მუშაობით, მიუხედავად იმისა, რაც მე გადავიტანე," - ამბობს მსახიობი. მისივე თქმით, მან თავი აარიდა ფილმის პრემიერაზე და სხვადასხვა სარეკლამო ღონისძიებებზე დასწრებას.
ანჯელინამ ბრედ პიტთან განქორწინების მიზეზებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ჯოლი ირწმუნება, რომ ბრედ პიტთან ქორწინების დროს, მას ეშინოდა შვილებისა და ოჯახის უსაფრთხოების.
"მე არ ვარ ისეთი ადამიანი, ვინც გადაწყვეტილებებს ადვილად იღებს. ბევრი დამჭირდა იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო. ვგრძნობდი, რომ ჩემი შვილების მამას უნდა დავშორებოდი და შვილები მისგან დამეცვა “, - თქვა ჯოლიმ The Guardian-თან.
მსახიობის თქმით, ახლა ის ოჯახისთვის "გამოჯანმრთელების" გზებს ეძებს - ”ეს არ არის ის, რაზეც მსურს ვისაუბრო, უბრალოდ მინდა, რომ ჩემი ოჯახი გამოჯანმრთელდეს. მინდა, რომ ყველა წინ წავიდეს - ყველანი, მათ შორის მათი მამაც. მინდა, რომ ჩვენ განვიკურნოთ და მშვიდობიანად ვიყოთ. ჩვენ ყოველთვის ოჯახი ვიქნებით, ” - თქვა ჯოლიმ.