ავტორი:

"როცა გესმის, რომ ბოლო 9 წელი ივანიშვილი გიყენებდა საფრთხობელად - გამოდიხარ მორიგი დაბრუნების დაპირებით, ლატარიას თამაშობ და ლატარიის დროა?" - ზურა ჯაფარიძე

"როცა გესმის, რომ ბოლო 9 წელი ივანიშვილი გიყენებდა საფრთხობელად - გამოდიხარ მორიგი დაბრუნების დაპირებით, ლატარიას თამაშობ და ლატარიის დროა?" - ზურა ჯაფარიძე

"როდესაც გესმის, რომ შენ არ ხარ ერთი რიგითი მოქალაქე და შენი არათუ დაბრუნება, არამედ დაბრუნების დაპირებაც კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პოლიტიკურ განწყობებზე და როდესაც გესმის, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ივანიშვილი შენ გიყენებდა საფრთხობელად - გამოდიხარ მორიგი დაბრუნების დაპირებით, სულ მინიმუმ ლატარიას თამაშობ",- ასე გამოეხმაურა "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ არჩევნებზე საქართველოში ჩამოვა.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, სააკაშვილისგან ჩამოსვლა რთული ნაბიჯია, მაგრამ "ჩამოსვლა შეიძლებოდა იანვარშიც, მარტშიც, ივნისშიც, შარშანაც და შარშანწინაც“. ამასთან, მისი თქმით, ყველა შეთანხმება მის პარტიას, "ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა პარტიებს შორის კვლავ ძალაში რჩება.

"სააკაშვილს ვერავინ დაუშლის საქართველოში დაბრუნებას. სრულიად გასაგები სურვილია და თუ რამის მჯერა მისი საუბრებიდან ისაა, რომ სამშობლოში დაბრუნება მართლა უნდა, მართლა ენატრება აქაურობა.

ასევე მისი გადასაწყვეტია როდის, რა ფორმით, რა გზით და რა განწყობით დაბრუნდება, მაგრამ: როდესაც გესმის, რომ შენ არ ხარ ერთი რიგითი მოქალაქე და შენი არათუ დაბრუნება, არამედ დაბრუნების დაპირებაც კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პოლიტიკურ განწყობებზე; როდესაც გესმის რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ივანიშვილი შენ გიყენებდა საფრთხობელად და ყოველი არჩევნების წინ ამ საფრთხობელათი დაამობილიზა საკუთარი ამომრჩეველი; როდესაც გესმის და თუ მართლა გჯერა, რომ ეს არჩევნები მართლა კრიტიკულია ქვეყნისთვის და მართლა გადარჩენა-რუსეთში დაბრუნების საკითხი წყდება; როდესაც გესმის რომ ამ არჩევნებზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ოპოზიციური ელექტორატის მაქსიმალური მობილიზება და შენი დაბრუნების მორიგი დაპირება მინიმუმ ივანიშვილის ელექტორატის მობილიზებას უფრო უწყობს ხელს; როდესაც როგორც მინიმუმ სახეზე გაქვს გასული წლების გამოცდილება და არავინ იცის ზუსტად ახლა დაბრუნების დაპირება რა გავლენას იქონიებს ამომრჩევლების განწყობებზე; ასეთ კრიტიკულ დროს, როცა ცოტაც და დასავლეთი დიდი ხნით ხელს ჩაიქნევს ამ ქვეყანაზე - როცა ეს ყველაფერი გესმის და მაინც იგივეს აკეთებ, რაც თითქმის ყველა არჩევნების წინ გააკეთე - გამოდიხარ მორიგი დაბრუნების დაპირებით, სულ მინიმუმ ლატარიას თამაშობ; სულ მინიმუმ და ლატარიის დროა ახლა?

თუ მართლა გააზრებული გაქვს, რა შეიძლება დაგვემართოს თუ ივანიშვილი ჩაბეტონდა ოქტომბერში? ჩამოსვლა რომ რთული ნაბიჯია, გასაგებია, მაგრამ თუ ჩამოსვლას წყვეტ, ჩამოსვლა შეიძლებოდა იანვარშიც, მარტშიც, ივნისშიც, შარშანაც და შარშანწინაც.

კუდები რომ არ მოებას ამ ტექსტს - ყველა შეთანხმება ძალაშია, რომელიც არსებობს "გირჩი - მეტ თავისუფლებას“, "ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა პარტიებს შორის. გამარჯვების და გადარჩენის გზა გადის ერთობლივ ბრძოლასა და კოორდინაციაზე“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს. სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლისკენ უცხოეთში მყოფ სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებს და აცხადებს, რომ დაპატიმრების არ ეშინია.