ავტორი:

"ეს სად ჩამოდის, ისევ გახარია ხომ არ ჰგონია პრემიერი?!" - ვინ როგორ ეხმიანება სააკაშვილის მორიგ დაპირებას საქართველოში ჩამოსვლაზე

"ეს სად ჩამოდის, ისევ გახარია ხომ არ ჰგონია პრემიერი?!" - ვინ როგორ ეხმიანება სააკაშვილის მორიგ დაპირებას საქართველოში ჩამოსვლაზე

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებას სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები ეხმიანებიან.

ვნახოთ, ვინ რას ამბობს, მისი განცხადების შესახებ:

მამუკა მდინარაძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე: ეს სად ჩამოდის, ისევ გახარია ხომ არ გონია პრემიერი?!

იაგო ხვიჩია, "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი: თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, პირობას ვდებთ, რომ ახალნაყიდი ელექტრო "პორშეთი" დავხვდებით და ოფისში ან პარლამენტში მივაცილებთ. ცოტა სკეპტიკურები ვართ, მაგრამ თუ ის ამ ნაბიჯს გადადგამს, მზად ვართ, ჩვენი კოლეგა მივაცილოთ მის ოფისამდე ან პარლამენტამდე. არ მინდა, ჩვენს კოლეგებს თავი უხერხულად ვაგრძნობინო, მაგრამ ათჯერ და მეტჯერ როცა იტყვი, რომ ჩამოდიხარ და არ ჩამოხვალ, ჩემნაირ სკეპტიკურ ადამიანებს შეიძლება ეჭვი გაუჩნდეთ, რომ ამჯერადაც შეიძლება ვერ ჩამოხვიდე.

პაატა მანჯგალაძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი: სტრატეგიულად და ტაქტიკურად არასწორად მიმაჩნია სააკაშვილისგან ჩამოსვლაზე განცხადების გაკეთება - რატომ ვაკეთებთ მის ჩამოსვლაზე რეფერენდუმს?!

მესმის, რომ ამ საკითხზე საზოგადოებაში დიდი ინტერესი არსებობს, უნდა ვიცოდეთ, რომ ვინ როდის და სად ჩამოვა იმ ადამიანის გადასაწყვეტია, ამაზე ვერავინ ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ თუ მკითხავთ, არჩევნების წინ მისი ჩამოსვლა რამდენად სწორი დროა, მე სტრატეგიულად და ტაქტიკურად არასწორად მიმაჩნია ამ განცხადების გაკეთება, რადგან მილიონ ასი ათასი ადამიანია ქვეყანაში, რომელიც მხარს უჭერს ქვეყანაში "ქართული ოცნების" ცვლილებას, ხოლო მიშას პრემიერ- მინისტრად ქვეყანაში დაბრუნებას მხარი დაუჭირა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა. რატომ ვაკეთებთ ჩამოსვლაზე რეფერენდუმს, ჩემთვის გაუგებარია. სააკაშვილი საკუთარი განცხადებებით ეხმარება "ქართულ ოცნებას", რომელიც ცდილობს შიში წამოწიოს საზოგადოებაში და დააფრთხოს ადამიანები, ვინც "ქართული ოცნების" წინააღმდეგ აპირებენ ხმის მიცემას.

გიორგი ბოტკოველი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი: "ქართული ოცნების“ ძალიან ბევრმა ლიდერმა ალბათ, სახლის კარები გადარაზა დამატებითი გასაღებით. ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის უფრო ეშინია, ვიდრე მისი დაჭერის. "ქართული ოცნების“ ძალიან ბევრმა ლიდერმა ალბათ, სახლის კარები გადარაზა დამატებითი გასაღებით და მათი ეს განცხადებები ნიშნავს შიშს მათი მხრიდან. რაც შეეხება მის ჩამოსვლას, ის არის ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი და როლი შეიტანა ამ ქვეყნის განვითარებაში და ბევრი გააკეთა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. მას აქვს სრული უფლება დაბრუნდეს იმ ქვეყანაში, რომლის წარმატებაშიც დიდი წვლილი აქვს.

დავით უსუფაშვილი, "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" - ამ ტიპის განცხადებები ახალი არ არის, მე ის მიკვირს ხელისუფლება თვითმფრინავის გაგზავნას რატომ არ სთავაზობს. ის ხომ გასამართლებულია და ხელისუფლების ვალია ყველა გასამართლებული ციხეში იჯდეს. იმას უნდა ამბობდნენ, სად ხარ, რომ მოგიყვანოთ და ციხეში ჩაგსვათო, ეს იქნებოდა სახელმწიფოებრივი მიდგომა და მერე დანარჩენი პოლიტიკური ამბები.