ავტორი:

"დღეს ის ტელევიზიაში მუშაობს და არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა მამაჩემი" - გია ჯაჯანიძის ცხოვრების ტრაგედია

"დღეს ის ტელევიზიაში მუშაობს და არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა მამაჩემი" - გია ჯაჯანიძის ცხოვრების ტრაგედია

ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის გადაცემა "ფარულ კონვერტში" თავისი ცხოვრების ტრაგედიის შესახებ ისაუბრა.

"ეს არის ჩემი ცხოვრების ტრაგედია, რომელმაც გამაგებინა, რომ დიდი ძალის პატრონი ვარ.

17 წლის ვარ. თეატრალურ ინსტიტუტში ვაბარებ და ამ მიმართულებით დედამიწის ზურგზე არავინ მყავს, რომ დამაკვალიანოს - სად არის თეატრალური, სად მივიდე... თბილისშიც კი არ ვარ ნამყოფი. ამ დროს, ივნისის დასაწყისში, ვიდრე თეატრალურის მისაღები გამოცდები დაიწყებოდა, თბილისიდან ჩვენთან სოფელში ჩამოვიდა ძალიან ცნობილი კაცი, რომელიც თეატრალურის სფეროდან არის. მამამ თქვა, - წავიდეთ, ამ კაცს ვუთხრათ და აუცილებლად მოგეხმარება. ჩემი ნათესავია, ერთ კლასში, ერთ მერხზე ვისხედით, მერე რომ გაიგებს თბილისში ჩახვედი, სად გაგიშვებს, მასთან გაცხოვრებს, იმიტომ რომ ძმებივით გავიზარდეთო.

მივედით ამ კაცთან. მამამ დაუძახა, გამოვიდა და ეზოში რომ შევედით, არც შეგვიპატიჟა, რაც იმ დროს საკვირველი იყო. უცებ მამა დაკომპლექსდა, ამ კაცს უთხრა, - ბიჭი წამომეზარდა, თეატრალურში აბარებს, მოვედით, რომ დაგვაკვალიანოო. ეს კაცი პასუხობს: - ამას ჭკუა არ აქვს, შენ ამხელა კაცს რამ დაგიკარგა ჭკუა? ამას თეატრალურში ვინ მიიღებსო...

წამოვედით და მამაჩემის თვალები აღარასდროს მინახავს. თვალებში ვეღარ მიყურებდა, შერცხვა, მოერიდა, იმედი გაუცრუვდა... დღეში სამ ჭიქა არაყს სვამდა. დადიოდა, მუშაობდა, მაგრამ არ უნდოდა ფხიზელი ყოფილიყო. ღვიძლი მოეხარშა და 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერთადერთი ბედნიერება ის არის, რომ ჩემს წარმატებას მოესწრო.

გადის წლები და ცხოვრება მცდის... პირველ არხზე ვმუშაობ, ვარ დირექტორთა საბჭოს წევრი, დავამთავრე თეატრალური, თეატრალურშივე ვკითხულობ ლექციებს, დისერტაცია დავიცავი, გადასარევად ვარ... ტელევიზიიდან სტაჟიორი ოპერატორები გადაღებაზე მიგვყავს, ვამოწმებთ, - აბა როგორ ისწავლეს. ერთხელაც სტაჟიორებიდან ერთ-ერთი ბიჭი წავიყვანეთ, რაღაცები გადავიღეთ და გზაში ვეკითხები, - რა გვარის ხარ - მეთქი. მეუბნება გვარს და აღმოჩნდა იმ კაცის შვილი.

რა არის ადამიანი... ვიდრე ტელევიზიაში მივედი, ვიფიქრე, რომ საშინელებას ვუზამ, ვიტყვი რომ ვერ იღებს, ვერაფერს აკეთებს... სამაგიერო უნდა გადავუხადო... მივედი და არა... ოპერატორების უფროსს ვეუბნები, რომ ჩემი ნათესავია, ძალიან კარგი ბიჭია, გადასარევად იღებს და მეც მოვეხმარები - მეთქი...

დღეს ის ტელევიზიაში მუშაობს და არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა მამაჩემი", - ყვება გია ჯაჯანიძე