ქართველი მაყურებლისთვის საინტერესო სიახლეა, რომ საქართველოში უოლტ დისნეის ანიმაციური ფილმების ქართულად გახმოვანება დაიწყო. ნამდვილად სასიხარულო ამბავია, რადგანაც დისნეის პერსონაჟები აქამდე ქართულად არ ამეტყველებულან.
ამ ყველაფერს კი, წინ ორწლიანი ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა, რაც არც ისე მარტივი პროცესი იყო.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დისნეის ანიმაციური ფილმების დუბლირებისა და სიმღერების გახმოვანების კონკურსში გამარჯვებული კომპანიები (სიმღერის კატეგორიაში - "ფონოგრაფი“, გახმოვანების ნაწილში - "ბრავო რექორდსი“) გამოავლინა, რომელთა საშუალებითაც ეს პროექტი განხორციელდება.
გახმოვანებაში არაერთი ქართველი მომღერალი თუ მსახიობი ჩაერთო. მათ შორის, გახმოვანების სფეროში ყველაზე ცნობილი მსახიობი ნატო გაგნიძე. ambebi.ge-მ კომენტარისთვის მას მიმართა.
- მულტფილმის პერსონაჟის დუბლირება თქვენთვის პირველია? მოგვიყევით ამ სამუშაოს შესახებ.
- ანიმაციის დუბლირება პირველი არ არის, მასზე ადრეც გვიმუშავია, ოღონდ, მხოლოდ ტექსტის ნაწილზე. მოგეხსენებათ, ანიმაციებში საკმაოდ ბევრი მუსიკალური ნომერი, სიმღერების ორიგინალი ვერსიები ისევე რჩებოდა. ახლა კი ჩვენ, თავად მსახიობებს მოგვეცა საშუალება გვემღერა - მართლაც ახალი და საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა. ამოცანას თავი რამდენად კარგად გავართვით, ამას მაყურებელი შეაფასებს, მაგრამ პროფესიულად და გამოცდილებისთვის ნამდვილად საინტერესო იყო.
- ჰგავდა თუ არა ეს პროცესი ვთქვათ, სერიალების გახმოვანებაზე მუშაობას?
- ზოგადად მიყვარს დუბლირების პროცესი, რადგან გახმოვანებისგან განსხვავებით, ვფიქრობ, უფრო შემოქმედებითი და საინტერესოა. გახმოვანების შემთხვევაში თუ რამდენიმე პერსონაჟის ქართულად ალაპარაკება გიწევს, დუბლირებისას მხოლოდ ერთ კონკრეტულ მსახიობს გაძლევს გახმოვანების რეჟისორი. რადგან დუბლირებისას ორიგინალი ხმა აღარ ისმის, ყველა ემოციის გაცოცხლება შენ გიწევს, რაც მეტად საპასუხისმგებლო, შრომატევადი და ასევე საინტერესოცაა.
- საერთოდ, რა მნიშვნელოვანი თვისება, თავისებურება აქვს ამ საქმიანობას... და რას ნიშნავს ეს სამუშაო თქვენთვის?
- ზოგადად გახმოვანების და დუბლირების პროცესი საკმაოდ სპეციფიკური საქმიანობაა. ბევრი ძალიან ნიჭიერი მსახიობია თეატრსა თუ კინოში, მაგრამ მცდელობის მიუხედავად, ვერ „გამოიცნეს“ ის სპეციფიკა, რაც ამ საქმიანობას სჭირდება... ჩემი აზრით, ბევრი ფაქტორის ერთობლიობაა საჭირო, რომ შედეგს მიაღწიო. ალბათ ყველას თავისი პროფესიული საიდუმლო აქვს. ყოველთვის ვცდილობ, არ გადავამეტო ამა თუ იმ მსახიობს, ვისაც ვახმოვანებ ან დუბლირებას ვაკეთებ. სულ მახსოვს, რომ თამაშობს „ის“, მე მხოლოდ ქართულ ენაზე მისი ემოციის მაყურებლამდე მიტანა მევალება.
ორ ათეულ წელზე მეტია, ამ სფეროში ვარ. ამასობაში დიდი გამოცდილებაც დაგროვდა.
ვისურვებდი, იმავე სიხშირითა და რაოდენობით წარმოებდეს ქართული სერიალები, რა რაოდენობითაც გახმოვანება და დუბლირება გვიწევს ქართველ მსახიობებს. ჩვენი ტიპის ქვეყანაში ეს ჯერ პერსპექტივაა, მაგრამ იმედს დავიტოვებ, რომ არც ისე შორეული.