"დღეს საქართველო არ არის ქვეყანა, რომლის პარლამენტსაც შეუძლია თავს უფლება მისცეს დასასვენებლად წავიდეს. ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივ რეჟიმში მყოფი სახელმწიფო, ჩვენ ვართ ჭირისუფალი სახელმწიფო, რომელსაც ყოველდღიურად ათობით ადამიანი ეღუპება", - ამის შესახებ ფრაქცია "ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ინფიცირებულთა სტატისტიკის შემცირება არა ხელისუფლების, არამედ ექიმების დამსახურებაა.
"ის, რომ სტატისტიკა მცირდება, რომელიც ძალიან ბევრი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანის შედეგია, ამ შედეგს, გათენებულ ღამეებს, სტრესს, ნერვიულობას და წარმოუდგენლის შეძლებას, რასაც ჩვენი სამედიცინო პერსონალი ახერხებს, ნუ მიიწერთ პოლიტიკოსები! სტატისტიკის შემცირება, არანაირი შეღავათი არ არის იმ ადამიანებისთვის, ვინც უძვირფასესი ადამიანი დაკარგა, არანაირი შეღავათი არ არის სტატისტიკის მოშველიება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაიღუპნენ და არანაირი შეღავათი არ არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შიშით ელოდებიან ყოველი დღის გათენებას, სტატისტიკაში ხომ არ მოხვდება მისი უძვირფასესი ადამიანი.
რას აკეთებს ამისთვის პარლამენტი? არაფერს! უფრო სწორად ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ვითარება არ შეიმჩნიოს. დღის წესრიგს ემჩნევა, რომ ჩვენ ჭირისუფალ ვითარებაში მყოფი პარლამენტი ვართ?! ერთი საკითხიც არ არის ჩასმული, რომელიც ამ თემას პასუხს მაინც გასცემს, შეიმჩნევს მაინც ამას. ჩვენი საზოგადოება ამ წლების განმავლობაში ცოცხალ ადამიანებზე თვალის დახუჭვას შეეჩვია, მაგრამ მიცვალებულებზე თვალის დახუჭვა ეს კიდევ რაღაც ახალი სტანდარტია, რომლის დამკვიდრებასაც თქვენ ცდილობთ.
პასუხს ელოდებიან მოქალაქეები, დღეს ელოდებიან! რომ დადიხართ საარჩევნო კამპანიაში ჩართული პირები და უტოპიურ დაპირებებს აძლევთ მოსახლეობას, დღეს სჭირდებათ მათ პასუხი. საჯარო ტრანსპორტი რომ ჩაიკეტა და ეს ნიშნავს, ათასობით ჩვენი მოქალაქისთვის დღიური ლუკმა-პურის წართმევას, ამაზე რა პასუხია აქვს სახელმწიფოს? და სად არის პარლამენტი, რომელიც ხალხის ხმა უნდა იყოს ჩვენი კონსტიტუციით. მაგ კონსტიტუციაში, რომ აფრიალებდა ჩემი კოლეგა, მეორე თავში ბევრი უფლება წერია, სიცოცხლის უფლებიდან დაწყებული განათლების უფლებით გაგრძელებული.
ეს უფლებები დღეს რომ არის ფეხქვეშ გათელილი, ამაზე პარლამენტს რა რეაგირება აქვს? არ ვაპირებთ განათლების მინისტრს რომ მოვუსმინოთ? რას აკეთებდა მთელი ზაფხულის განმავლობაში განათლების სისტემა, იმისთვის, რომ მომზადებულიყო ბავშვების მისაღებად ა) ონლაინ რეჟიმში, ბ) რეალურ სივრცეში მისაღებად. ვნახოთ რა გააკეთა ამ ხალხმა თუ ჭრიჭინობელასავით იყო მთელი ზაფხულის განმავლობაში და ელოდებოდა სხვა უწყებების მხრიდან ვერდიქტს? 4 ოქტომბრამდე რა დავალებები აქვს ამ უწყებას მიღებული იმისთვის, რომ გამოასწოროს ვითარება და მომზადებული და უსაფრთხო სკოლა, საბავშვო ბაღები და უნივერსიტეტები დაახვედროს მათ? არ უნდა მოვუსმინოთ ჯანდაცვის მინისტრს? არ უნდა ვკითხოთ სიკვდილიანობის აუდიტი ტარდება ქვეყანაში? ადამიანები რის გამო იღუპებიან, დადასტურებულად ვინმემ იცის? შესაძლებელი იყო თუნდაც, ერთი სიცოცხლის გადარჩა და რატომ ვერ მოხდა? ვინაა ამაზე პასუხისმგებელი. არ უნდა მოვუსმინოთ იუსტიციის მინისტრს, როცა პატიმართა ოჯახები შეძრწუნებული ელიან ვითარების დამძიმებას და არ აქვთ პასუხები, უნდა დავისვენოთ?“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს გაიხსნა. იმის გათვალისწინებით, რომ პლენარული სხდომა წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა, ის პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი ბრძანებით მოიწვია.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილ დროში პარლამენტი პასიური მუშაობის რეჟიმზე გადავა, რა პერიოდშიც შესაძლებელია პლენარული და საკომიტეტო სხდომები არ გაიმართოს.