"პოლიტიკაში არ ვერევი და დამანებეთ რა თავი", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მან განმარტა, რომ დღეს კორონავირუსი ქვეყანაში პოლიტიკური დისკუსიების თემა გახდა და სწორედ ამის შესახებ ისაუბრა "პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში.
"არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა ჩემს გამონათქვამებს, ბოლომდე უნდა მოისმინონ, რაც "პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში აღვნიშნე. მე იქ ვთქვი, რომ დღეს, სამწუხაროდ, კოვიდი გახდა ქვეყანაში პოლიტიკური დისკუსიების თემა. როგორც ჩანს, დღეს პოლიტიკოსები ავლენენ ამ თემის მიმართ მეტ ყურადღებას როგორც პოლიტიკური, ვიდრე ეპიდემიოლოგიური თემის მიმართ. ეს იყო ჩემი ნათქვამის არსი. ხშირად ვამბობ, რომ პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ, განა იმიტომ, რომ არ შემიძლია. მე აპოლიტიკური პიროვნება ვარ. ჩემთვის დღეს მთავარია ვიზრუნო მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, უკეთეს პრევენციულ საშუალებებზე, უკეთეს აცრებზე, უკეთესად მართვაზე იმ პროცესების, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ევალება. პოლიტიკაში არ ვერევი და დამანებეთ რა თავი“,-განაცხადა გამყრელიძემ.
მისი განმარტებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტების რეკომენდაციებს საკოორდინაციო საბჭო ხშირად ითვალისწინებს, თუმცა გადაწყვეტილება კონსენსუსის გზით მიიღება.
"ჩვენს რეკომენდაციებს და სიტყვებს საკმაოდ მაღალი წონა აქვს საკოორდინაციო საბჭოზე. მხედველობაში მაქვს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ექიმებიც, მაგრამ საკოორდინაციო საბჭო ყველა გადაწყვეტილებას იღებს ბალანსის და კონსენსუსის პრინციპით. საკოორდინაციო საბჭო ითვალისწინებს ქვეყნის ფისკალურ მდგომარეობას, ეკონომიკურ მდგომარეობას, ფინანსურ რესურსებს, სხვა ბევრ საკითხს და იმის მიხედვით ხდება ბალანსირებული გადაწყვეტილება კონსენსუსის წესით. ამიტომ, არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, თუ ყველა ჩემი რეკომენდაცია არ არის ხოლმე გათვალისწინებული“,-განაცხადა გამყრელიძემ.