ავტორი:

სად არის შანაე ბრუკის მკვლელი? - რას წერს Daily Mail Australia თბილისში მოკლული, 31 წლის ავსტრალიელი მასწავლებლის საიდუმლოებით მოცულ საქმეზე

სად არის შანაე ბრუკის მკვლელი?  - რას წერს Daily Mail Australia თბილისში მოკლული, 31 წლის ავსტრალიელი მასწავლებლის საიდუმლოებით მოცულ საქმეზე

ბრიტანული გაზეთის "დეილი მაილის“ (Daily Mail) ავსტრალიურმა ვერსიამ (Daily Mail Australia) გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: "სად არის შანაე ბრუკის მკვლელი? 31 წლის ავსტრალიელი მასწავლებლის მკვლელობის გამოძიების საქმე საიდუმლოებით არის მოცული“ (ავტორი - უილ ფლაუერი, მელბურნელი კორესპონდენტი). პუბლიკაციაში გაკრიტიკებულია შანაე ბრუკის მკვლელობის გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მსვლელობა.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

ქალები, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში ცხოვრობენ და სადაც ავსტრალიელი მასწავლებელი ქალი შანაე ბრულ-ედვარდსი მოკლეს, შიშობენ, რომ მკვლელს ვერ იპოვიან და, შესაბამისად, იგი არასოდეს არ წარსდგება სასამართლოს წინაშე.

როგორც ცნობილია, 31 წლის მელბურნელი ქალის ცხედარი მთაწმინდის პარკში, "ეშმაკის ბორბლის“ ახლოს, 31 ივლისს, ხრამში აღმოაჩინეს. მას შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნის პოლიცია საზოგადოებას არავითარ ინფორმაციას არ უზიარებს გამოძიების მსვლელობასთან დაკავშირებით.

ორშაბათს საიტმა GoFundMe-მ, რომელიც შანაე ბრუკის ოჯახის დასახმარებლად შეიქმნა (მისი ცხედრის ავსტრალიაში გადასვენების მიზნით), განაცხადა, რომ უკვე 20 ათასი დოლარია შეგროვებული. შეწირულობების მიღება გრძელდება.

ამასთანავე, ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის განხორციელდება შანაე ბრუკის ცხედრის ავსტრალიაში გადასვენება. "დეილი მაილის“ კითხვებზე ქართული პოლიცია არ პასუხობს. რაიმე ინფორმაცია ამ საკითხზე არც ავსტრალიის ხელისუფლებას არ აქვს.

შანაე ბრუკის ოჯახის წევრები სიჩუმეს ინარჩუნებენ. გასულ კვირას ბრუკის ნათესავმა მეგობრებს [სოციალური ქსელის მეშვეობით] უთხრა, რომ მისი ახლობლის მკვლელი ჯერ ვერ იპოვეს და იგი, როგორც ჩანს, ისევ თავისუფლად დადის: "შანაეს მკვლელი ჯერ დაკავებული არ არის. ჩვენ უფალს ვევედრებით, რომ დამნაშავე იპოვონ და სხვებს საფრთხე ააცილონ“, - წერს ის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიტიკოსების მტკიცებით, ქართული პოლიცია არაფრით აღარ განსხვავდება 1990-იანი და 2000-იანი წლების დასაწყისის კორუმპირებული და მექრთამე პოლიციისაგან.

ბოლო დროს საქართველოს მთავრობასა და სამართალდამცველებს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამოც, რომ მათ ვერ შეძლეს იმ ჟურნალისტების დაცვა, რომლებიც ქვეყანაში ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.

(სტატიის ავტორები ციტირებენ Facebook-ის გვერდზე ქალების მიერ გამოქვეყნებულ "კოშმარულ“ ისტორიებს იმ თავდასხმების შესახებ, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბნებში ხდება - ს.კ.).

ბევრი ქალი წუხს, რომ ადგილობრივი პოლიცია მათ საჩივრებს უყურადღებოდ ტოვებს.

შანაე ბრუკ-ედვარდსის მკვლელობის თაობაზე გაკეთებული განცხადება, რომ იგი გაუპატიურებულიც იყო, უსაფუძვლო გამოდგა. მისი მკვლელობის მიზეზი უფრო მეტად გაძარცვას უკავშირდება. უშედეგო აღმოჩნდა აგრეთვე დეტექტივების მიერ მამაკაცის ფოტოსურათის გავრცელებაც სავარაუდო მკვლელის თაობაზე.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელსაც საქართველოში საელჩო არ აქვს, არაფერს იტყობინება იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს შანაე ბრუკის მკვლელობასთან დაკავშირებით და ეხმარება თუ არა დაღუპულის ოჯახს რაიმეში.

Daily Mail Australia კვლავ მიმართავს სამინისტროს იმ იმედით, რომ საზოგადოებამ საქმის მიმდინარეობა იცოდეს".

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ