ავტორი:

"დავკარგეთ ადამიანი, რომელიც ძველ თბილისს აღადგენდა, კურნავდა და სიცოცხლეს აგრძელებინებდა" - რესტავრატორი ზურაბ ოზმანოვი კოვიდით გარდაიცვალა

"დავკარგეთ ადამიანი, რომელიც ძველ თბილისს აღადგენდა, კურნავდა და სიცოცხლეს აგრძელებინებდა" - რესტავრატორი ზურაბ ოზმანოვი კოვიდით გარდაიცვალა

რესტავრატორი ზურაბ ოზმანოვი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელი და "ტფილისის ჰამქრის" წევრი, ცირა ელისშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ამ კაცს უნდა იცნობდეთ!

ზურაბ ოზმანოვი გუშინ კოვიდით გარდაიცვალა!

წარმოუდგენელი სიკეთის ადამიანი, დინჯი, მშვიდი, უაღრესად დიდი პროფესიონალი. თოიძეში რესტავრატორების მთელი თაობების აღმზრდელი. როცა ვიგებდი, რომ შენობის ფასადის რესტავრაციას ზურაბ ოზმანოვი აკეთებდა, მშვიდად ვიყავი. გუდიაშვილზე მნიშვნელოვანი შენობები მისი გაკეთებულია. არა ერთხელ მითქვამს, რომ გუდიაშვილზე ყველა დეტალი დაინომრა, სპეციალურ ყუთებში განთავსდა, სარესტავრაციო სახელოსნოში გადავიდა, აღდგა, გაიწმინდა და იგივე დეტალები დაუბრუნდა ფასადს-მეთქი, აი ეს ყველაფერი ამ კაცმა და მისმა გუნდმა გააკეთა.

ზურაბ ოზმანოვი შეუცვლელია. თბილისმა, უნდა იცოდეს, რომ გუშინ დავკარგეთ ადამიანი, რომელსაც ძველი თბილისი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით საკუთარ ხელში ეჭირა, აღადგენდა, კურნავდა და სიცოცხლეს აგრძელებინებდა...

ზურაბ ოზმანოვი ნიშნავდა არა მხოლოდ უკეთილშობილეს ადამიანს, არამედ - პროფესიონალიზმს, ხარისხს!

ამ კაცს უნდა ეცოცხლა, ეცოცხლა დიდხანს, ეცოცხლა თბილისისთვის და ახალი თაობებისთვის...

ბატონო ზურაბ, ბედნიერი ვარ, რომ გიცნობდით. ამ ქალაქს და მეც ძალიან გაგვიჭირდება უთქვენოდ. მახსოვს ყველა თქვენი სურვილი და გეგმა, რაზეც არა ერთხელ გვისაუბრია. გპირდებით, რომ ბოლომდე დავიხარჯები. როგორ ვნანობ, რომ თქვენს შესახებ თბილისს თქვენს სიცოცხლეში არ მოვუყევი...

ნათელში იყავით და შეხვედრამდე".