ავტორი:

ჩცდ-ს მე-18 სეზონი ორი სახასიათო პერსონაჟის გარეშე - ვინ და რატომ დატოვა სერიალი და რა სიახლეები ელის მაყურებელს

ჩცდ-ს მე-18 სეზონი ორი სახასიათო პერსონაჟის გარეშე - ვინ და რატომ დატოვა სერიალი და რა სიახლეები ელის მაყურებელს

18 სექტემბერს პოპულარული სერიალის ჩცდ-ს მე-18 სეზონი დაიწყება. გადამღები ჯგუფი სეზონის გახსნას, როგორც ყოველთვის, საინტერესო გეგმებით ხვდება. კონკრეტულად რა სიახლეები ელის მაყურებელს, შემოქმედებითი ჯგუფი ამაზე საუბრისგან ტრადიციულად თავს იკავებს. ერთი კი, რაც უკვე ცნობილია, სერიალი ორმა მსახიობმა - ანი ჩირაძემ და გიორგი ბახუტაშვილმა დატოვა. ამდენად, ჩცდ სეზონს სახასიათო პერსონაჟების ჩიკასა და ცოტნე ცოტაშვილის გარეშე დაიწყებს, რაც სერიალს გარკვეულად აუცილებლად დაეტყობა. თუმცა გიორგის წასვლა-დაბრუნება ამა თუ იმ სეზონზე მაყურებელს სხვა დროსაც ახსოვს - მისმა პერსონაჟმაც ტრანსფორმაცია ბევრჯერ განიცადა... ჩიკამ კი ამჯერად პირველად დატოვა პროექტი. ამიტომ, ვფიქრობ, ე.წ. „ვაკელების ხაზს“ სერიოზული სახასიათო სახისა და „ფერის“ გარეშე მოუწევს სერიალში არსებობა. AMBEBI.GE ჩცდ-ს პროდიუსერს ირაკლი საღინაძეს ესაუბრა.

- კი, ვადასტურებ იმას, რომ მათ სერიალი დატვეს, ვინაიდან ერთ-ერთმა წინადადება მიიღო „ელენის“ მსგავსი ფორმატის შოუდან, მეორემ - პროექტის „ნიჭიერი“ წამყვანობაზე. საერთოდ, ასეა - ადამიანები თვითონ ალაგებენ და წყვეტენ იმას, უპირატესოაბა რას მიანიჭონ. მოკლედ, მათი გადაწყვეტილება იყო ისეთი, როგორიც არის. მე არაფრის თქმა არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ ჩვენთვის დამატებითი ბონუსი ნამდვილად იყო მათი სერიალში ყოფნა. თუმცა ნებისმიერი მსგავსი ფაქტი, გრძელვადიან პროექტებში ჩეულებრივი ამბავია, რაც სხვებისთვის პირიქით, კიდევ ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ვფიქრობ, დრამატურგიული თვალსაზრისითაც სიახლეს მოიტანს, რომელიც მაყურებლისთვის საინტერეო იქნება.18 სექტემბერს სერიალი ეთერში დაბრუნდება - მაყურებელი ბევრ სიახლეს და საინტერესო ამბავს იხილავს, რაც ისევ და ისევ ჩვენი მხრიდან იქნება შეთავაზებული. ჩიკას და ცოტნეს წასვლაში ტრაგიკული არაფერია. ვიმეორებ, სერიალი რეალურად რაღაც განახლებულ ეტაპზე გადავა და ეს ჩვენთვის ახალი და საინტერესო გამოწვევაა.

- წინასწარ ხომ არ იყო სერიალის გარკვეული სერიები დაწერილი, რადგან სიუჟეტთან დაკავშირებით რაღაც ჭორები დადის...

- ჭორები დადის, მაგრამ ამაზე საუბარი რომ დავიწყო, სპოილერი გამოვა. ერთს ნამდვილად ვიტყვი, რომ წინასწარ სერიები არ ყოფილა დაწერილი. სეზონის წინ მონიტორინგს ვაკეთებთ, ვესაუბრებით პროექტის ყველა მონაწილეს - როგორც მსახიობებს, ისე - სტაფს იმისთვის, რომ გავიგოთ, სეზონის წინ ვის რა განწყობები და საქმეები აქვს. მოკლედ, ამის მონიტორინგი ხდება იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რა რესურსთან გვაქვს საქმე, რას ვაკეთებთ და მხოლოდ ამის მერე იწყება სცენარზე მუშაობა.

- მე-18 სეზონზე არსებული ხაზები განვითადება, თუ მხოლოდ ახალი ხაზები დაიწყება...

- არსებულიც განვითარდება და ახალი ხაზებისც დაიწყება, რა თქმა უნდა, ახალი პერსონაჟებითა და ბევრი საინტერესო ამბით.