კორონავირუსის “მიუ” შტამთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია არ გვაქვს, თანაც არამხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს. ყველა ვაკვირდებით, თუ როგორი იქნება ახალი შტამის ქცევა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ახალი შტამის შესახებ უცხოელი კოლეგებისგან მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი, ყველა დეტალს საზოგადოება გაიგებს.
"თურქეთში “მიუ” შტამის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ამის საშიშროებას საქართველოში დღეს ნამდვილად ვერ ვხედავ. ამჟამად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შემდგომი შტამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამისთვის უნდა ვიცოდეთ თუ რა ქცევით ხასიათდება კონკრეტული შტამი, როგორი ინტენსივობით ვრცელდება. რაც შეეხება მკურნალობის მეთოდს, ის არ იქნება განსხვავებული მეთოდის, შესაბამისად, ამ კუთხითაც მზად ვიქნებით. ამჟამად ვაკვირდებით იმას, რომელი ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება მეტად რისკის შემცველი, რის შედეგადაც დამატებით ღონისძიებებს მივმართავთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.