საერთოევროპულმა გამოცემა EURACTIV-მა, რომლის რედაქცია ბრიუსელში, ბელგიის დედაქალაქშია განთავსებული, გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: "ევროკავშირი, აშშ და ნატო "უზომოდ მადლიერნი არიან“ საქართველოს მიერ შეტანილი წვლილით ქაბულიდან ევაკუაციის განხორციელებაში“ (ავტორი - გიორგი გოტევი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:
"როცა ქაბულის აეროპორტიდან დრამატული ევაკუაციის შემდეგ "მტვერი გაიფანტა“, საქართველომ დიდი აღიარება, მადლობები და ქება-დიდება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლელი პარტნიორებისაგან - მათთვის უმნიშვნელოვანესი დახმარების გაწევის გამო.
EURACTIV-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ქაბულის აეროპორტიდან 14 აგვისტოს დაწყებული ევაკუაციის დროს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამერიკული სატრანსპორტო თვითმფრინავებისათვის ერთგვარ ბაზად გადაიქცა - სამი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი "C-17“ (Globemaster III) უწყვეტ ავიარეისებს ახორციელებდა მარშრუტით "თბილისი - ქაბული - თბილისი“ სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პერსონალის ავღანეთიდან გამოსაყვანად.
ქაბულიდან თბილისში დაახლოებით 20-მდე ავიარეისი შესრულდა, ევაკუირებული იქნა თითქმის 2500 ადამიანი. ამ მისიის შესრულებისას საქართველოს საჰაერო სივრცე და მისი ტერიტორია სატრანზიტო მარშრუტის სახით გამოიყენებოდა. როგორც ცნობილი გახდა, დედაქალაქის აეროპორტში ქართულმა მხარემ სპეციალური სათავსო გამოჰყო ავღანეთიდან თბილისი-ქაბულის ჩარტერული ავიარეისებით ევაკუირებული ნატოს წევრი სახელმწიფოების პერსონალისათვის.
როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, მათ ნატო-ს ქვეყნებს ნება დართეს თავიანთი სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი აეროპორტში განეთავსებინათ. ევაკუირებულები უზრუნველყოფილნი იყვნენ სამედიცინო დახმარებით, სურსათით და პირველი მოხმარების სხვა საგნებით. გარდა ამისა, აეროპორტთან ახლოს მდებარე საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე გაშლილი იქნა მრავალპროფილიანი კარვები იმ ევაკუირებულებისათვის, რომელთა სხვა ქვეყნებში გამგზავრება ჭიანურდებოდა.
ცნობილი გახდა, რომ ნორვეგიის შეიარაღებულმა ძალებმა თბილისის აეროპორტში "სატრანზიტო სამედიცინო ქვედანაყოფი“ განათავსეს, ქაბულიდან გამოყვანილი ნორვეგიის სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომლებისათვის დახმარების გაწევის მიზნით.
"ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს იმ როლისათვის, რომელიც მან შეასრულა ქაბულიდან ადამიანების ევაკუირების საქმეში - როგორც საფრთხეში მყოფი ავღანელების, ასევე ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების მოქალაქეების გადასარჩენად. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს რეგიონულ სატრანსპორტო კვანძში. საქართველო ნატო-ს ძირითად პარტნიორად რჩება“, - განაცხადა ალიანსის პრეს-მდივნის მოადგილემ პირს კაზალეტმა EURACTIV-სთვის მიცემულ ინტერვიუში 6 სექტემბერს.
თავის მხრივ, ევროკავშირმა საქართველოს მადლობა ჯერ კიდევ 28 აგვისტოს გამოუცხადა, როცა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ტვიტერში დაწერა - "მადლობა საქართველოს გადამწყვეტი მხარდაჭერისათვის ქაბულიდან ევაკუაციის საქმეში, რის შედეგადაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სწრაფად და უსაფრთხოდ ისარგებლეს ტრანზიტით, თბილისი აეროპორტის გავლით“.
"ამერიკის შეერთებული შტატები უზომოდ მადლიერია საქართველოს მიერ გაწეული იმ დახმარების გამო, რომელიც მან ავღანეთიდან ევაკუაციის დროს განახორციელა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა 1-ლ სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამ ეტაპზე მხოლოდ ნატო-ს წევრობის კანდიდატად მოიაზრება, მან მაინც დიდი წვლილი შეიტანა ნატო-ს სამხედრო კონტინგენტში მონაწილეობის საქმეში - ერთ სულ მოსახლეზე გათვალისწინებით.
საერთაშორისო უშიშროების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) მიერ განხორციელებული ოპერაციების პიკის დროს 2012-2014 წლებში [სხვადასხვა ადგილებში] 1500 ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. "გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიის ჩარჩოებში საქართველომ 857 სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა მოკავშირეთა სარდლობის დაქვემდებარებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კავკასიური სახელმწიფო ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ალიანსის ოპერაციებში ყველაზე აქტიურად მონაწილეობს.
როგორც EURACTIV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა, მისი ქვეყანა "ამ მძიმე ვითარებაში მორალურად ვალდებულია მხარი დაუჭიროს თავის ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებს“. მან გაიხსენა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ძალზე მჭიდრო პარტნიორობა განვითარდა უსაფრთხოების სფეროში: საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს ევროკავშირის მიერ აფრიკის ქვეყნებში განხორციელებულ სამშვიდობო მისიებში - როგორც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ასევე მალის რესპუბლიკაში.
"მიმდინარე მოვლენები, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ჩვენი რეგიონის ქვეყნების მდგომარეობაზე, მათ სტაბილურობასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. საქართველო მზადაა გააგრძელოს აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან, მზადაა კვლავაც მონაწილეობა მიიღოს იმ ძალისხმევაში, რასაც ევროკავშირი ახორციელებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით იმ ადგილებში, სადაც ეს აუცილებელია - სამომავლო ჰუმანიტარულ მისიებში. ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, რომლებმაც მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის გამო“, - აღნიშნა საქართველოს ელჩმა.
მოამზადა სიმონ კილაძემ