კორონავირუსის ახალი "მიუ" ვარიანტი ბოლო დროს მედიაში განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ეს არის ვირუსის ახალი შტამი, რომელიც მედიკოსთა განმარტებით, სხვადასხვა მუტაციების ერთობლიობას წარმოადგენს. საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები - რამდენად გადამდები და სახიფათოა ის, ასევე რამდენად ეფექტიანია მის მიმართ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები.
"მიუს", ან სამეცნიერო ენაზე რომ ვთქვათ, “B.1.621” ვარიანტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში "საინტერესო ვარიანტს" უწოდებენ, სწავლობენ და აკვირდებიან. როგორც washingtonpost.com წერს, ეს არის მეხუთე ვარიანტი, რომელსაც ამჟამად ჯანმო სწავლობს.
აღნიშნული შტამი პირველად 2021 წლის იანვარში კოლუმბიაში აღმოაჩინეს, სადაც ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. იდენტიფიცირების შემდეგ კი უკვე "მიუ" 39-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მათ შორისაა, აშშ, სამხრეთ კორეა, ეკვადორი, კანადა და ევროპის ნაწილი. აშშ-ში "მიუ“ ვარიანტის 2000-მდე შემთხვევაა აღწერილი. უმეტესი მათგანი კალიფორნიაში, ფლორიდაში, ტექსასსა და ნიუ იორკში.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, სპეციალისტები დიდი ყურადღებით აკვირდებიან ამ ვარიანტს და ამ დროისთვის უფრო მეტ საფრთხის შემცველად "დელტა“ შტამი რჩება.
ამ დროისთვის ცნობილი არ არის თუ რამდენი პროცენტით ეფექტიანია აღნიშნული შტამისადმი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ "მიუ" ვარიანტი სხვადასხვა მუტაციების შერწყმის შედეგადაა მიღებული, რაც შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ამ შტამს ჰქონდეს ადამიანის იმუნიტეტზე კიდევ უფრო მეტად ზემოქმედების შესაძლებლობა, ვიდრე აქამდე არსებულ შტამებს, რაც იწვევს შეშფოთებას, მაგრამ ამ ეტაპზე აღნიშნული მოსაზრება კვლევით არ არის დადასტურებული, ამიტომაც ჯანმო - ში ამბობენ, რომ ისინი შესაბამისი კვლევის შედეგებს ელოდებიან.
ენტონი ფაუჩის ცნობით, გარკვეული ლაბორატორიული ცდები აჩვენებს, რომ ამ ვარიანტს აქვს უნარი ანტისხეულები აირიდოს, მაგრამ მისივე განმარტებით, აღნიშნული ცდები არ არის საკმარისი უტყუარი დასკვნის გასაკეთებლად. ფაუჩი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვაქცინა რჩება ეფექტიან და საუკეთესო საშუალებად ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის, "ფაიზერის“ წარმომადგენელი "ვაშინგტონ პოსტთან“ ამბობს, რომ სწავლობენ ახალ ვარიანტთან ვაქცინის ეფექტიანობას და მონაცემებს საზოგადოებას მალე გაუზიარებენ. აღნიშნულ თემაზე ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ კომენტარი ვაქცინის მწარმოებელ სხვა კომპანიებში როგორებიცაა: Moderna, Johnson & Johnson და AstraZeneca.
ინფექციური დაავადებებისა და გენომიკის საკითხების ექსპერტი, მკვლევარი, პროფესორი პოლ კარდესანი, რომელიც სწავლობს "მიუ“ ვარიანტს, ამბობს, რომ ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით აღნიშნული შტამი "სავარაუდოდ უფრო მეტად გადამდებია“, - კორონავირუსის ე.წ. უხანურ შტამთან შედარებით, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა ის "დელტა“ შტამზე უფრო გადამდები. პოლ კარდენასის თქმით, ამ დროისთვის "შფოთვის საფუძველი არ ჩანს.“
"ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს ვარიანტები, ახალი შტამები მუდმივად გაჩნდება და მნიშვნელოვანია მათი აღწერა, დახასიათება, სპეციფიკის განსაზღვრა, თვალყურის დევნება“, - ამბობს პროფესორი.
ამასთანავე, საყურადღებოა, რომ ამ ეტაპისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას "მიუ" ვარიანტი შეყვანილი აქვს "ინტერესის ობიექტის“ ვარიანტებში და ის არ არის კლასიფიცირებული როგორც "შემაშფოთებელი ვარიანტი.“ ჯანმოში შემაშფოთებელს "დელტა“ ვარიანტს უწოდებენ.
აღსანიშნავია, რომ "მიუ" ვარიანტის ორი შემთხვევა გამოვლინდა მეზობელ თურქეთში, რის შემდეგაც აღნიშნულ შტამთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ჯადაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ:
"თურქეთში “მიუ” შტამის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ამის საშიშროებას საქართველოში დღეს ნამდვილად ვერ ვხედავ. ამჟამად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შემდგომი შტამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამისთვის უნდა ვიცოდეთ თუ რა ქცევით ხასიათდება კონკრეტული შტამი, როგორი ინტენსივობით ვრცელდება.
რაც შეეხება მკურნალობის მეთოდს, ის არ იქნება განსხვავებული მეთოდის, შესაბამისად, ამ კუთხითაც მზად ვიქნებით. ამჟამად ვაკვირდებით იმას, რომელი ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება მეტად რისკის შემცველი, რის შედეგადაც დამატებით ღონისძიებებს მივმართავთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.