ავტორი:

ქართველი მასწავლებლის საერთაშორისო წარმატება - "რადგან ვამბობ, რომ ჩემს მოსწავლეებთან ვმეგობრობ, ეს არ ნიშნავს, რომ გაკვეთილზე დისციპლინის ნაკლებობაა"

ქართველი მასწავლებლის საერთაშორისო წარმატება - "რადგან ვამბობ, რომ ჩემს მოსწავლეებთან ვმეგობრობ, ეს არ ნიშნავს, რომ გაკვეთილზე დისციპლინის ნაკლებობაა"

ქართველი მასწავლებლის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია "აია-ჯესსის“ გეოგრაფიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი მარინა ხარიტონაშვილი მასწავლებლის გლობალური ჯილდოს (Global Teacher Award) გამარჯვებული გახდა. ის მესამე მასწავლებელია საქართველოდან, ვინც აღნიშნული ჯილდო დაიმსახურა.

Global Teacher Award-ი ინდოეთში იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რამდენიმე ათეული გამარჯვებული ჰყავს. პანდემიის გამო, წელს კონკურსი ონლაინფორმატში ჩატარდა. გარდა ამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვებისა, მარინა ხარიტონაშვილი კიდევ არაერთი საპატიო ტიტულის მფლობელია. გასულ წელს მსოფლიო მშვიდობის ინსტიტუტმა მას "მსოფლიოს მშვიდობის ელჩი მასწავლებლის“ წოდება მიანიჭა. წელს კი "მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ წარდგენილ ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა.

მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული მასწავლებელი საკუთარი წარმატების ისტორიის შესახებ Ambebi.ge -ს ესაუბრა.

- როგორ გადაწყვიტეთ ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება და ელოდით თუ არა გამარჯვებას?

- ძალიან მინდოდა ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება. 24 - წლიანი პედაგოგიური გამოცდილება დამიგროვდა, გეოგრაფიაში მაგისტრის ხარისხი მაქვს, ხოლო ინჟინერიასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში - დოქტორის. ჩემი კარიერის განმავლობაში არაერთ საერთაშორისო კონკურსში მიმიღია მონაწილეობა, თან რაც მთავარია, კარგი შედეგებით. აქედან გამომდინარე, მივეცი თავს უფლება, ბედი ამ მნიშვნელოვან კონკურსშიც მეცადა. Global Teacher Award -ზე ძირითადად, რასაც ითხოვდნენ, ეს იყო გამოცდილება. უნდა გადაგვეგზავნა ჩვენი მიღწევები, საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის შესახებ ინფორმაცია და ა.შ. სულ 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კონკურსი და სიმართლე გითხრათ, გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი. ეს ნამდვილად იყო სრული შოკი.

მეგობრებმა რომ გაიგეს, ამ საერთაშორისო კონკურსზე დავრეგისტრირდი, მირჩიეს საქართველოში, "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" კონკურსშიც მიმეღო მონაწილეობა. გავითვალისწინე და მოვხვდი კიდეც 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის. დაჯილდოება 5 ოქტომბერს იქნება.

- როგორია თქვენი მუშაობის სტილი? რა გამოგარჩევთ სხვა მასწავლებლებისგან?

- პიროვნულად ძალიან ენერგიული და მეგობრული ვარ. წლების წინ, როდესაც სკოლაში დავიწყე მუშაობა, არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემს მოსწავლეებთან მკაცრი ვყოფილიყავი. მეუბნებოდნენ, - თუ მკაცრი არ ხარ, ბავშვს ვერ დაიჭერ, შედეგზე ვერ გახვალო. ეს ნამდვილად არ არის სიმართლე. თანამედროვე თაობა იმდენად განათლებულია, მასწავლებლისგან უკვე სხვა რამეს მოითხოვს - განსხვავებულ, უფრო საინტერესო და ნაყოფიერ მიდგომებს. ვფიქრობ, რომ თავისუფალი, არაფორმალური ურთიერთობა უფრო იზიდავს ახლანდელ თაობას. ჩემი გამოცდილებით რომ გითხრათ, სწორედ ასეთი ურთიერთობების წყალობით გავდივარ საუკეთესო შედეგებამდე, რაც იმაში გამოიხატება, რომ ჩემი მოსწავლეები ძალიან ხშირად ხდებიან სხვადასხვა მნიშვნელოვანი კონკურსების გამარჯვებულები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა რადგან ვამბობ, რომ ჩემს მოსწავლეებთან ვმეგობრობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაკვეთილზე დისციპლინის ნაკლებობაა. შეიძლება საკლასო ოთახში ბუზის გაფრენის ხმაც კი გაიგონოთ, იმდენად საინტერესოდ მიმდინარეობს გაკვეთილი.

- რა მიღწევები ჰქონიათ თქვენ მოსწავლეებს სკოლაში სწავლის პერიოდში?

- ყოველწლიურად მრავალი ოლიმპიადა ტარდება და მასში მონაწილეობის მისაღებად შაბათ-კვირასაც ვიკრიბებით სკოლაში, არაფორმალურ გარემოში და ამას ყველა დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ. უამრავი გამარჯვებული მედალოსანი, ფინალისტი, ხუთეულის თუ ათეულის წევრი მოსწავლეები მყავს. მონაწილეობას ვიღებთ ინგლისურენოვან საგნობრვ ოლიმპიადებშიც და კარგი შედეგებით ვამთავრებთ. პანდემიამ და ონლაინრეჟიმმა გვიბიძგა იმისკენ, რომ სხვადასხვა ქვეყნის მიერ განხორციელებულ საერთაშორისო ონლაინკონფერენციებში მიგვეღო მონაწილეობა და შევერთებოდით ამა თუ იმ საინტერესო პროექტს. ასეთი აქტივობების წყალობით, მათ განსხვავებული უნარები უვითარდებათ, კომუნიკაციის, თვითგამოხატვის თუ სხვა მხრივ. ბოლო დროს ლატვიასთან და შვედეთთან ვთანამშრომლობთ, ყოველ წელს მიგვყავდა იქ მოსწავლეები და ვიღებდით მონაწილეობას პროექტებში, თუმცა პანდემიამ ხელი შეგვიშალა და ბოლო ორი წელია, ონლაინრეჟიმზე გადავერთეთ.

- როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი გამოწვევები, რასაც თანამედროვე ყოფა უყენებს მასწავლებლებს?

- ყველაფერი ელვის სისწრაფით ვითარდება და ჩვენც უნდა ავუწყოთ ამას ფეხი. ახალგაზრდები ბევრად მეტად არიან გაცნობიერებულები ტექნიკაში, ვიდრე მასწავლებლების დიდი ნაწილი. ეს გამოწვევა ნამდვილად არსებობს. ბევრს გაუჭირდა, მაგალითად, "ზუმზე“ და "თიმსზე“ გადაწყობა და ამ პლატფორმებიდან სწავლების გაგრძელება, განსაკუთრებით ასაკოვან თაობას. სამინისტროს ინიციატივით, გადამზადების აქტიური პროცესი მიმდინარეობს და ერთ-ერთი ტრენერი გახლავართ. არ არსებობს არანაირი გამოწვევა, რასაც ადამიანი ვერ გაართმევს თავს, ნებისმიერ ასაკში, მთავარია სურვილი და მონდომება და ყველაფერის დაძლევა არის შესაძლებელი.

- რა არის თქვენი წარმატებული მასწავლებლობის საიდუმლო და რა რეკომენდაციებს მისცემდით მასწავლებლებს?

- ამ კითხვაზე მახსენდება კონფუცის ძალიან კარგი გამონათქვამი: აკეთე ის საქმე, რაც გიყვარს და არ დაიღლები. თუ გიყვარს შენი საქმე, როგორც არ უნდა დაიღალო, მაინც არ გბეზრდება, მაქსიმალურად იხარჯები და შედეგსაც აღწევ. სკოლაში რომ შევდივარ, მოსწავლეები რომ გარს შემომეხვევიან და დაიყვირებენ, - მარი მასწავლებელი მოვიდაო, ამ სიხარულს ვერაფერი შეედრება, ამისთვის ღირს ყველაფერი.