ავტორი:

არის თუ არა ახალაცრილი ადამიანი კორონავირუსის გამავრცელებელი და ქვეითდება თუ არა იმუნიტეტი აცრიდან 1-ლი ორი კვირა - ექიმების პასუხები პოპულარულ მითებზე

არის თუ არა ახალაცრილი ადამიანი კორონავირუსის გამავრცელებელი და ქვეითდება თუ არა იმუნიტეტი აცრიდან 1-ლი ორი კვირა - ექიმების პასუხები პოპულარულ მითებზე

სოციალურ მედიაში ვაქცინაციის შესახებ უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება. ბოლო პერიოდში რამდენიმე მათგანი განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ერთი პოპულარული მითის მიხედვით, ადამიანები, რომლებსაც ვაქცინა ახალი გაკეთებული აქვთ, კორონავირუსის გამავრცელებლები არიან. ისინი, რომლებიც ამ მოსაზრების პროპაგანდას ეწევიან, მიიჩნევენ, რომ ვაქცინა ვირუსის ცოცხალ უჯრედებს შეიცავს და ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ კიდევ უფრო მრავლდება. მეორე მითის მიხედვით, ახლად ვაქცინაგაკეთებულებს პირველი ორი კვირის განმავლობაში იმუნიტეტი მკვეთრად უქვეითდებათ.

სპეციალისტების შეფასებით, ზემოთ აღნიშნული არცერთ მოსაზრებას სინამდვილესთან კავშირი არ აქვს.

"უკვე მერამდენე პაციენტი მეუბნება, რომ ვიღაცეები ურჩევენ, ვაქცინის შემდეგ მოერიდოს გარშემომყოფებს. თავიდან მეგონა, რომ ეს რჩევა იმით იყო ნაკარნახევი, რომ ვაქცინირებული ადამიანი მაშინვე არ არის დაცული და ინფიცირების რისკი კვლავ აქვს. თუმცა ბოლოს გავარკვიე, რომ ზოგს სჯერა, ვაქცინირებული ადამიანი შეიძლება საშიში იყოს გარშემომყოფებისთვის, ანუ თვითონ დაიწყოს ვირუსის გამოყოფა. ზოგჯერ ეს ადამიანები იკეთებენ PCR-ს და როცა შედეგი დადებითია, გონიათ, რომ ეს სწორედ ვაქცინის გამოა. სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ინფიცირდა კორონავირუსით. ამ შემთხვევაში ვაქცინა PCR-ის დადებით შედეგს, ცხადია, ვერ გამოიწვევს", - დაწერა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.

ინფექციონისტი დავით მურვანიძე გვიხსნის, რატომ ვერ გახდება ვაქცინაგაკეთებული პირი ვირუსის გამავრცელებელი.

"არც ერთი ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ, აქტიურ ვირუსის უჯრედებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინაგაკეთებული ადამიანი ვერ გახდება გადამტანი. თუ ინფიცირებული არ არის, არ აქვს ვირუსი და შესაბამისად, ვერაფერსაც ვერ გამოყოფს. მარტივი ჭეშმარიტება ასეთია : ვაქცინის შედეგად ადამიანი არ ავადდება ამ კორონავირუსით, პირიქით - აცრა ადამიანს იცავს დაინფიცირებისგან. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებმა თითზე დაიხვიეს ის ფაქტი, რომ ახალაცრილ ადამიანებს კორნავირუსი დაუდასტურდათ. თუმცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთ შემთხვევაში საქმე სხვა რამეშია. ვაქცინის გაკეთებიდან 4-5 დღე მაინც უნდა გავიდეს, რათა ორგანიზმმა დაიწყოს ახალ კორონავირუსზე იმუნური პასუხის შემუშავება. ამ პერიოდში შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს, ზუსტად ისევე, როგოც აუცრელი ადამიანი, რომელიც არ იცავს რეგულაციებს", - ეუბნება Ambebi.ge-ს ინფექციონისტი.

ჯანდაცვის საკითხების ექსპერტის აკაკი ზოიძის თქმით, ვაქცინაციის საწინააღმდეგო მითებს მხოლოდ არასამედიცინო განათლების მქონე პირები არ ავრცელებენ, ხშირად, სიცრუის ტირაჟირებაში ნებსით თუ უნებლიედ, თავად მედიკოსებიც იღებენ მონაწილეობას.

"არა მხოლოდ მითების ძირითად წყაროში - სოციალურ მედიაში მხვდება ასეთი მოსაზრებები, არამედ პირად საუბრებშიც. არაერთ ადამიანს უთქვამს ჩემთვის, რომ მას შემდეგ, რაც ვაქცინა გაიკეთა, სამედიცინო პერსონალმა გააფრთხილა, რომ ორი კვირა მორიდებოდა ხალხმრავალ ადგილებს. იმ მიზეზით, თითქოს იმუნიტეტი ამ პერიოდში დაქვეითებულია. ამ მოსაზრების ვითომდა გასამყარებლად ისინი იშველიებენ ახალაცრილი პირების დაინფიცირების ფაქტებს. მართლაც არ არის იშვიათი, როცა ახალაცრილ ადამიანს კოვიდი უდასტურდება, მაგრამ ეს ძირითადად ორ შემთხვევაში ხდება: პირველი - ადამიანებს ჰგონიათ, რომ რახან ვაქცინა გაიკეთეს 100%-ით არიან დაცულები და არ იცავენ წესებს, მეორე - თუ მათ ჰქონდათ ინფიცირებლ ადამიანთან კონტაქტი ვაქცინის გაკეთებამდე, ან მის შემდეგ უახლოეს პერიოდში, ისინი ჩვეულებრივ ინფიცირდებიან, როგორც სხვა აუცრელი პირები. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები თვითონ აცრის მომენტში, რიგში დგომისას ინფიცირდებიან, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ვაქცინაციის რიგში, მოსაცდელ ოთახებში არ არის შესაბამისი დისტანცია და პირობები დაცული", - ეუბნება Ambebi.ge-ს აკაკი ზოიძე.

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას თქმით, სტატისტიკურად მსოფლიოში არც ერთი ფაქტი არ არსებობს, რომელიც ვაქცინის შესახებ გავრცელებულ მითებს ოდნავ მაინც გახდიდა სარწმუნოს. მისი შეფასებით, ზემოთ ხსენებული ცრუ მოსაზრებები ანტივაქსერული პროპაგანდის ნაწილია და სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

"სტატისტიკურად, არც ერთი ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა მსოფლიოში, რაზეც ეს მითები საუბრობენ. ამიტომ ის არის აშკარა ტყული. ნებისმიერი ვაქცინა, რაც კი არსებობს, მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანის არსებული იმუნური სისტემა კიდევ უფრო გააძლიეროს და მოამზადოს გარედან შემოსულ ინფექციასთან საბრძოლველად.

მითი, რომ თითქოს აცრიდან პირველი ორი კვირა იმუნიტეტი ქვეითდება, სათავეს შეიძლება იღებდეს ვაქცინის გაკეთების შემდეგ გამოვლენილი გარკვეული არასასიამოვნო მოვლენების ფაქტებიდან, როგორიცაა ტემპერატურა, სახსრების ტკივილი, ზოგადი სისუსტე და ა. შ., მაგრამ ეს არ არის იმუნიტეტის დაქვეითების მაჩვენებელი, ესაა ნორმალური ადამიანის ნორმალური პასუხი ვაქცინის ორგანიზმში მოხვედრაზე. ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ იმუნიტეტი ძლიერდება, მუშავდება ანტისხეულები და ორგანიზმი უფრო კარგად ებრძვის ინფექციას.

სავარაუდოდ, ეს მოსაზრებები ანტივაქსერული პროპაგანდის ნაწილია, ამიტომ მოსახლეობას ვურჩევ, რომ მიიღონ გადამოწმებული, მეცნიერულად დამოწმებული ინფორმაციები კონპეტენტური პირებისგან", - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.