პანდემიის გამო უკვე მეორე წელია, სასწავლო წელი ონლაინფორმატში იწყება, თუმცა იმედია, მალე მოსწავლეები რეალურად მიუსხდებიან სკოლის მერხებს. მიუხედავად დისტანციური სწავლისა, ბავშვებს მაინც დიდ სიამოვნებას ანიჭებს სასწავლო წლის დასაწყისისთვის სამზადისი და სპეციალურად მოწყობილ სავაჭრო ობიექტებში სტუმრობა. სწავლის დაწყება ყველაზე მეტად სწორედ ამიტომაც უხარიათ ხოლმე პატარებს.
ამ პერიოდში ახალი სასწავლო ნივთების შეძენა სკოლის მოსწავლეების განწყობას ერთიორად ზრდის და სწავლის სტიმულს მატებს.
მართლაც, რა როლს თამაშობს მოსწავლეების ცხოვრებაში ახალი სასწავლო ნივთები, ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "თანადგომის“ ფსიქოლოგი მაია ჯიბუტი გვესაუბრება.
- სასწავლო წლის დაწყების წინ მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო ნივთების შეძენა ნამდვილად საჭირო, საინტერესო და აუცილებელი პროცესია. უნდა ვთქვა, რომ ამას გარკვეული ასაკის ბავშვებისთვის (მეშვიდე კლასამდე) მნიშვნელოვანი ელფერი აქვს, რადგანაც მათ ცხოვრებაში იწყება ახალი ინფორმაციის მიღების, ცოდნის შეძენის და ახალი ადამიანების გაცნობის ეტაპი.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ოჯახში ბავშვს უამრავი ნივთი აქვს, სასწავლო წლის დაწყებისას ახალ ნივთებს მაინც იძენს, რადგან ეს მათთვის რიტუალია. ამ დროს ბავშვები მშობლებთან ერთად მიდიან საკანცელარიო მაღაზიაში, სპეციალურად სასწავლო წლის დაწყებისთვის მოწყობილ ბაზრობებზე, გამოფენებზე, სადაც უამრავი მრავალფეროვანი საკანცელარიო ნივთია წარმოდგენილი. იქ საშულება აქვთ, სურვილის მიხედვით, დამოუკიდებლად ამოარჩიონ მათთვის საჭირო და აუცილებელი ნივთები.
- ეს მოსწავლეებისთვის სასიამოვნო პროცესია და დადებით ემოციებთან არის დაკავშირებული...
- რა თქმა უნდა. ამას მოაქვს სიამოვნების, ბედნიერების შეგრძნება და რაც მთავარია, თითოეულს ჰგონია, რომ განსაკუთრებულია. ეს ატრიბუტები თუ ნივთები მათ ცხოვრებას ულამაზებს, უხალისებს და მოტივაციასაც უზრდის. ბავშვი, რომელსაც აქვს ყველა სასწავლო ნივთი, ბევრად მოტივირებულია, მოწადინებული, ვიდრე ბავშვი, რომელიც გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ სასწავლო ნივთები არ ან ვერ უყიდეს. მან შეიძლება ამის გამო სწავლის ხალისიც კი დაკარგოს და არ აქვს დიდი მნიშვნელობა, სწავლა ონლაინ იქნება თუ რეალურად წარიმართება სკოლაში. ამიტომ ამ დღეებში შვილები მშობლებისგან განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევიან. ოჯახში ყველა მათზეა ორიენტირებული და ფიქრობენ, რით გაახარონ ისინი, რაზეც ოჯახში მანამდე მსჯელობენ კიდეც.
გარდა საკანცელარიო ნივთებისა, ასევე მნიშვნელოვანია, სკოლისთვის ახალი ტანსაცმელის, სასკოლო ჩანთის შეძენა. მათში ესეც უდიდეს პოზიტიურ ემოციებს აღძრავს. შემდეგ კი ისინი კარგი სწავლით და ქცევით ცდილობენ, მშობლები გაახარონ.
- ჩვენს ეპოქაში მართლა უამრავი ლამაზი საკანცელარიო ნივთი არსებობს, რაც ბავშვებს მეტად ახარებს და აბედნიერებს. ეს კი უთუოდ ფსიქოლოგიური მარკეტინგის დამსახურებაა. ისინი ამაზე სერიოზულად ზრუნავენ...
- ფსიქოლოგიური მარკეტინგის თვალსაზრისით მართლაც უამრავი ანიმაცია, საყვარელი პერსონაჟებია ნივთებზე გამოტანილი და ეს მათ დადებით ემოციას კიდევ უფრო ზრდის...
იმ პერიოდში, როცა სასწავლო პროცესი სკოლის კედლებში არ მიმდინარეობს, როცა მოსწავლეებს ერთმანეთთან ცოცხლად კონტაქტი არ აქვთ, მშობლებმა ახალი სასწავლო ნივთების შეძენით ამ პერიოდში მაქსიმალურად უნდა შეუვსონ ეს დანაკლისი. დიახ, მათ უნდა შეიქმნან სასკოლო გარემოს ილუზია. კარგი იქნება თუ ოჯახში მოსწავლეებს სპეციალურ კუთხესაც მოუწყობენ, სადაც იმ ნივთებს თვალსაჩინოდ განალაგებენ, რომ მათი რეალური გამოყენება შეძლონ, თუნდაც - ვითომ სასკოლო სივრცეში.
- ჩვენს სოციუმში არიან მშობლები, რომლებიც მატერიალური პრობლემების გამო ბავშვებს ახალი სასწავლო ნივთებით ვერ უზრუნველყოფენ. თუმცა ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად სიმბოლურად მაინც უნდა შეძლონ, მათთვის ერთი-ორი ნივთის შეძენა...
- მშობლის მთავარი მოვალეობაა, ბავშვის განვითარებაზე, მათ სულიერ მდგომარეობაზე ზრუნვა. ეს ვალდებულებაა და ბავშვის უკანა პლანზე გადაწევა, თუნდაც იმ გაჭირვებულ ოჯახში, დაუშვებელია. მათი წახალისება რამენაირად უნდა შეძლონ, მით უფრო, რომ ამ პერიოდში არის გარკვეული ფასდაკლებებიც...
ამის გარდა, ჩვენს საზოგადოებას არ აკლია ურთიერთდახმარების უნარიც, მაგრამ ეს მეორე საკითხია, ვიმეორებ, მშობლის ვალდებულებაა, ამაზე რაღაცნაირად თვითონ იზრუნოს, პატარა-პატარა დანაზოგი გააკეთოს და ბავშვს გული არ უნდა დაწყვიტოს! არ არსებობს მშობელი, ეს ვერ შეძლოს, თუ ასეა, მაშინ მისთვის შვილი მეათეხარისხოვანია და ამის გამო არცერთ მშობელს არ ექნება გამართლება. ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის და დედისთვის, ეს მიუღებელია! ბავშვი ოჯახის წევრებთან ერთად თანასწორია და მისი საჭიროებები ისევე უნდა დაკმაყოფილდეს, როგორც ოჯახის სხვა წევრების.
ambebi.ge-მ ინტერვიუსთვის "ბიბლუსის“ მარკეტინგის მენეჯერს, თამარ ღაჭავას მიმართა, რადგანაც - "ბიბლუსი“ ეს არის ქსელი, რომელშიც მოსწავლეებს სტუმრობა ძალიან უყვართ. იქ ლამაზ, ფერად და ხარისხიან სასკოლო ნივთებს მათ ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში აქტიურად სთავაზობენ.
- ჩვენი კომპანიისთვის ყოველი ახალი სასწავლო სეზონის დაწყება ნამდვილი დღესასწაულია. ჩვენ დიდი მონდომებით და რუდუნებით ვემზადებით ამისთვის. ვითვალისწინებთ პატარა მომხმარებლების გემოვნებას და თითოეული პროდუქტი რეალურად მათ ინტერესებზე გვაქვს ყოველწლიურად მორგებული. წარმოდგენელი გვაქვს უახლესი მოდელები, რომლის ძირითადი ნაწილი ევროპიდან ჩამოდის და ისინი ცნობილი, პროფესიონალი დიზაინერების მიერ არის შექმნილი.
- წელს რა კოლექციებს სთავაზობთ?
- საუკეთესო სასკოლო ჩანთების კოლექცია გვაქვს, რომელიც სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მომხმარებლისთვის არის გათვალისწინებული. ამასთანავე, ისინი ნებისმიერი შემოსავლის მქონე მომხმარებელზეა გათვლილი.
ჩანთის ფასი 14.95 ლარიდან იწყება და არის ფართო არჩევანი, რაც მომხმარებელს ნივთის შეძენას უადვილებს. წარმოდგენილია ცნობილი ესპანური საკანცელარიო ბრენდის ,,Milan'' ჩანთები, რომელიც ძალიან დახვეწილია, როგორც ვიზუალურად, ისე მასალის თვალსაზრისით. ასევე გვაქვს ქართული ბრენდის, "პონტოს“ წარმოების ჩანთები, მის შექმნაზე კი ქართველი დიზაინერები მუშაობენ. მანამდე კი სპეციალურ ფოკუს-ჯგუფებთან, ანუ ქართველ მოსწავლეებთან გამოკითხვებს ვატარებთ, რომ პროდუქტის შექმნისას მათი ინტერესები და გემოვნება მაქსიმალურად გავითვალისწინოთ.
მოკლედ, წელს - "პონტოს“ ორი გამორჩეული კომპლექტი გვაქვს თავიანთი ჩანთებით, პენელებით (სავსე თუ ცარიელი), რვეულებით, ფანქრებით კალმებით ა.შ.
ასევე გვაქვს უახლესი მოდელის თურქული ბრენდის ,,Yaygan'' ჩანთები, რომელიც ინოვაციურ პროდუქტს აწარმოებს. ჩანთას ლანჩბუკიც მოჰყვება იმიტომ, რომ მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება. ამაში ეს ხელს შეუწყობს, რადგან სახლიდან წამოღებული საკვები გაცილებით ჯანსაღია, ვიდრე - ფასტფუდი. ამრიგად, გვაქვს საკვების კონტეინერის შესანახი ჩანთა და თვითონ კონტეინერები. ვიმედოვნებთ რა, რომ მალე ბავშვები დაუბრუნდებიან სკოლის კედლებს, ეს ჩანთები მათ ნამდვილად გამოადგებათ.
ფსიქოლოგებიც დაგვეთანხმებიან იმაში, რომ მოსწავლის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმა ახალი სასკოლო ნივთებია. ამიტომ, გვაქვს გამორჩეული დიზაინის პენლები (სავსე და ცარიელი). სავსე პენლების ბენეფიტი ისაა, რომ მასში ჩაწყობილია აბსოლუტურად ყველა ის ნივთი, რაც მოსწავლეს სჭირდება - კალმები, ფანქრები, საშლელი, სათლელი, ფერადი ფანქრები, მაკრატელი და ა.შ. ცარიელ პენალს რაც შეეხება, მისი ფასი 2 ლარიდან და 50 თეთრიდან იწყება - ეს საუკეთესო ფასია და ხარისხიც მისაღები, ერთი 48-ფურცლიანი რვეულის ფასი 60 თეთრი გახლავთ. მაგალითად, არის ასეთი შეთავაზება, 50 ლარად სკოლის მოსწავლეს შეუძლია, სკოლისთვის მოემზადოს - ამ თანხაში ბევრი სხვადასხვა ნივთი შედის.
ასე რომ, "ბიბლუსის“ 65-ვე ფილიალი სრულად არის მომარაგებული სასკოლო პროდუქციით და უნდა ვთქვა, რომ მოსწავლეთა და მშობელთა ინტერესიც საკმაოდ მაღალია. აგვისტოს შუა რიცხვებიდან მსურველთა ნაკადი ჩვენს ქსელში არ წყდება.
- ეს იმის მიუხედავად, რომ წელს სწავლა ონლაინფორმატში იწყება, ხომ?
- დიახ, მათთვის ამ ნივთების ქონა, როგორც ვთქვით, თვითგამოხატვის საშუალებაა, თუმცა განათლების სამინისტროსგან გვაქვს ინფორმაცია, რომ მოსწავლეები სწავლას, დიდი ალბათობით, 4 ოქტომბრიდან სკოლის კედლებში განაგრძობენ. ეს ახარებთ როგორც მოსწავლეებს და მათ მშობლებს, ასევე ჩვენ.