ავტორი:

"შენს სიწმინდეში ვიღაც ისაქმებს და შენიშვნის მიცემის უფლებაც არ გაქვს... მონასტერში მთვრალი მოდიან, წყვილები უხამსად იქცევიან" - აფხაზი ბერები რუსი ტურისტების წინააღმდეგ

"შენს სიწმინდეში ვიღაც ისაქმებს და შენიშვნის მიცემის უფლებაც არ გაქვს... მონასტერში მთვრალი მოდიან, წყვილები უხამსად იქცევიან" - აფხაზი ბერები რუსი ტურისტების წინააღმდეგ

"გთხოვთ, როგორმე დაარეგულიროთ ახალ ათონში რუსი ტურისტების ქცევის კოდექსი და აუხსნათ მათ, რომ ეს წმინდა ადგილია და აქ არ შეიძლება ისე მოიქცე, როგორც ტყეში, მინდორში ან დისკოთეკაზე", - ასე მიმართავენ ახალი ათონის ბერები რუსულ-აფხაზურ ტუროპერატორებს, რომლებიც რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ტურისტების ჩაყვანით არიან დაკავებული.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ახალი ათონის ბერები რუსი ტურისტების ქცევით უკმაყოფილო არიან. ამასთან დაკავშირებით მათ არაერთხელ შესჩივლეს თავიანთ მრევლსაც, რომელიც თავის მხრივ, ამ პრობლემას სოციალურ ქსელებში განიხილავს. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა ამ პრობლემას არაერთგვაროვნად აფასებს. ნაწილის თქმით, აფხაზეთში საეკლესიო პირები თავადაც ვერ მორიგებულან, სად და ვის გვერდით ილოცონ. საუბარია, დოროთეი დბარსა და ბესარიონ აპლიას შორის წლების წინ დაწყებულ განხეთქილებაზე. აპლია რუსეთის ეკლესიისა და კრემლის ფავორიტად მიიჩნევა, დოროთეი დბარი კი "აფხაზეთის ეკლესიის ცალკე გამოყოფისთვის" იბრძვის და მოსახლეობაში მეტი ნდობითა და პატივისცემითაც სარგებლობს.

შესაბამისად, ამ საკითხის გარშემო ორად არის გაყოფილი მოსახლეობაც. ერთი ნაწილის მოსაზრებით, ეკლესიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ტურისტების დიდი ნაწილი მხოლოდ მოსალოცად არ არის ჩამოსული და მათთვის მისაღები სამოსით ვერ ივლის; სხვების თქმით კი რუს ტურისტებს მეტი პატივისცემა მართებთ, მაგრამ მათ ტონის გამკაცრებას "აფხაზეთის ხელმძღვანელობა ვერ უბედავს".

წელს ახალი ათონის ბერებმა ხმა კიდევ უფრო აღიმაღლეს და "ხელმძღვანელობას" სთხოვეს, ტუროპერატორებს მოუწოდონ, ნასვამ ტურისტებს აუხსნან, რომ მონასტრის ტერიტორიაზე არ შევიდნენ.

"ხშირად ვერ აცნობიერებენ, სად არიან, რას აკეთებენ... ერევათ გული, ან იკმაყოფილებენ სხვა ბუნებრივ მოთხოვნილებებს. არაერთხელ შევსწრებივართ ფაქტს, როდესაც ფოტოების გადასაღებად, კედლებზე ადიან... ნასვამ ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდა წყვილებს ავიწყდებათ, რომ მონასტრის ეზოში, ან უშუალოდ მონასტერში არიან და უხამსად იქცევიან... შეუძლებელია ასე გაგრძელდეს. ეს წმინდა ადგილია, გთხოვთ, მიიღოთ ზომები", - ნათქვამია ახალი ათონის ბერების თხოვნა-განცხადებაში, რომლის შესახებაც აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ.

მათ მიმართვას სიტყვიერად პასუხობენ ადგილობრივი ტუროპერატორები. მათი თქმით, ახალი ათონი რუსი ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადგილია. "ამასთან, ის მხოლოდ ბერებს არა, მთელ ქვეყანას ეკუთვნის და მათ იქ ტურისტები სრულიად ლეგალურად მიჰყავთ".

მათივე განცხადებით, თავადაც ცდილობენ ტურისტების კონტროლს და მოლოცვის გარდა, ზედმეტი არაფერი შეუმჩნევიათ. რაც შეეხება მათ, ვინც დამოუკიდებლად, ხშირად კარვებით ჩადიან აფხაზეთში და მონასტრის ახლოს ჩერდებიან, მათზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ.

ახალ ათონში რუსი ტურისტების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაზე წერს რუსული ინტერნეტგამოცემა zen.yandex.ru. ავტორის თქმით, აფხაზეთში პირველად არ ყოფილა, მაგრამ წელს ახალ ათონში სრულიად განსხვავებული რეალობა დახვდა.

"წარმოდგენილი მქონდა, რომ ახალ ათონში მშვიდი, წყნარი და კეთილგანწყობილი ბერები დაგვხვდებოდნენ, რომლებიც თავიანთ კელიებში მშვიდობისთვის ლოცულობდნენ, მაგრამ ძალიან გაოცებული დავრჩი. რომ არაფერი ვთქვათ, საკმაოდ უკმეხ, ხშირ შემთხვევაში, აგრესიულ დამოკიდებულებაზე, "ვიღაცეები" ახალი ათონის პოპულარობით სარგებლობენ და იქვე მდებარე კაფეებსა და მაღაზიებში პირდაპირ გატყავებენ. თან ამ ფასში ისე უხეშად გემსახურებიან, რომ ნაყიდ ნივთებს თუ პროდუქტს, პირდაპირ სახეში გესვრიან.

მესმის, რომ ჩვენი ტურისტებიც მთლად გადასარევად არ იქცევიან, მაგრამ სტუმრების ასე მიღება, მცირედი პატივისცემის გამოხატვის გარეშე, გაუმართლებელი მგონია. ზუსტად ვიცი, რომ იქ მე და სხვა ბევრიც, მეტჯერ აღარ ჩავა", - წერს სტატიის ავტორი.

აფხაზების თქმით, თავადაც შესწრებიან ტურისტების მხრიდან მიუღებელ ქცევას. ზოგჯერ შენიშვნაც მიუციათ და საქმე სიტყვიერ ან ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მისულა.

"თავად შევესწარი, როგორ იქცეოდნენ რუსი ტურისტები და როდესაც ყველამ ერთად შევუტიეთ, მათმა მეგობრებმა აქცენტი მაღალ ფასებზე გადაიტანეს. ნასვამი რუსები კი, იქვე დაძინებას აპირებდნენ. სხვა დეტალების მოყოლისგან ამჯერად თავს შევიკავებ", - წერს სოციალურ ქსელში ალიას კიცბა.

"უკვე ყველა ნაბიჯზე ვხედავ და ვგრძნობ მათ უპატივცემლობას ჩვენი ხალხის, წარსულის, ისტორიის, კულტურის მიმართ. ასე მგონია, აქ ჩამოდიან მხოლოდ იაფი ფასების, ღვინისა და არყის გამო. სასოწარკვეთილება მიპყრობს, რადგან არაფრის შეცვლა არ შემიძლია. შენს სიწმინდეში ვიღაც ისაქმებს, შენ კი შენიშვნის მიცემის უფლებაც არ გაქვს, რადგან ვერც გიცავენ და ვერც უფრთხილდებიან მას", - წერს ელენე დბარი.